"ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს გააერთიანებს"
"ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს გააერთიანებს"

A+ A-

23:22 01/03/2021

პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე იყო მსჯელობა იმ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული კითხვები და მათ, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი. ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ჩვენს პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპული საბჭოს რეკომენდაცია, მოწოდება და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს; ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.