"ხვალ დაგეგმილი მსვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოპოზიციური ლიდერის, ან მხოლოდ ოპოზიციის მხარდასაჭერი აქცია"
"ხვალ დაგეგმილი მსვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოპოზიციური ლიდერის, ან მხოლოდ ოპოზიციის მხარდასაჭერი აქცია"

A+ A-

16:17 25/02/2021

სრულიად ოპოზიციური სპექტრი ხვალ, 26 თებერვალს, მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა.

ნაცვლიშვილი სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და საზოგადოებას მიმართავს.

"აქციას ცხადია შევუერთდებით. "ლელო" ხვალინდელი მსვლელობის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოპოზიციური ლიდერის, ან მხოლოდ ოპოზიციის მხარდასაჭერი აქცია. ჩვენ ვხედავთ მკაფიო უკუსვლას, რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ღიად მიგვითითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზი. როდესაც ისინი საუბრობენ ნიკა მელიას პოლიტიზირებულ საქმეზე, ყველა განცხადებაში ასევე იკითხება, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. მართლაც, საქართველოს არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთ მდგომარეობაში ყოფნა (რაც სამწუხაროდ "ტრადიციად" გვაქვს) არის ის, რაც ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავიაზროთ და ამ იდეის  ირგვლივ გავერთიანდეთ, მიუხედავად ჩვენი პარტიული და იდეოლიგიური განსხვავებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გვყოფს. დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც ან საზოგადოება გააკეთებს განაცხადს (მათ შორის მომავალ ხელისუფლებებსაც დაავალებს და გაუგზავნის გზავნილს), რომ ის, რაც დღეს ხდება არის მიუღებელი, რომ სამართლიანი სასამართლო და ფუქციური სახელმწიფო გვჭირდება, ან არა და ხელისუფლებებიც რომ შეიცვალოს, მუდმივად ვიქნებით ასეთ დღეში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპაში ყოფნა მეტ დაცულობას, მეტ უსაფრთხოებასა და ხარისხს ნიშნავს. ნაცვლიშვილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს, სწორედ ამ პარტნიორების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებაში ხედავს.

"ამასთან, რაც ძალიან სერიოზული საფრთხეა, ეს არის საქართველოს იზოლაცია დასავლური სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" რადიკალურ ნაწილს, ვფიქრობ, რომ მოსწონს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ვერ და არ აცნობიერებს ამ საფრთხეს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ის სტაბილურობა და მცირე პროგრესი, რაც გვქონდა ამ წლების განმავლობაში, დიდ წილად გვქონდა, იმიტომ რომ გვერდში ჩვენი დასავლელი მეგობარი გვედგა, თუ ფინანსურად, თუ ინსტიტუციურად, პოლიტიკურად, დიპლომატიურად... თუ ეს მხარდაჭერა დავკარგეთ, დავრჩებით არჩევანის გარეშე. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც დღედაღამ გამალებით მუშაობს, ხან ტანკით და ხან რბილი ძალით, რომ საქართველომ ვერ დატოვოს პოსტსაბჭოთა ორბიტა. ეს რას ნიშნავს, ძალიან კარგად ვიცით ყველამ. ეს კინო ხომ ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს? ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმიტომ გვინდა ევროპის ნაწილად ყოფნა, რომ ევროპაში ყოფნა ნიშნავს მეტ დაცულობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ ხარისხს. ამიტომ მიისწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრებიც და ამიტომ ვწვალობთ ჩვენც. დღეს 25 თებერვალია, ქართველებმა სიცოცხლე გასწირეს იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო და ხარისხიანი სამყაროს ნაწილი გამხდარიყო შეუქცევადად და დღეს, ამ არჩევანს ემუქრება საფრთხე. ვინც ცდილობს, რომ ეს პროტესტი დაიყვანოს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ლიდერამდე, ან მხოლოდ ერთ პარტიამდე და თქვას, რომ ეს ოპოზიციის პრობლემაა, მიმოიხედოს ირგვლივ. საითაც გავიხედავთ ყველგან პრობლემაა, რა ხდება მაგალითად ნამახვანში? ოპოზიციას კი არ ერჩის მარტო ხელისუფლება, მოქალაქეთა ვერც ერთ ჯგუფთან ვერ ახერხებს ცივილიზებული დიალოგის წარმოებას პრობლემების გადასაწყვეტად. ვაქციანა არ არის ამდენი ხანი ქვეყანაში, ეკონომიკა ჩამოქცეულია. ეს არის დიდი კონტექსტი, რომელიც უნდა დავინახოთ. არ ეშველება ამ ყველაფერს, სანამ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება შეთანხმების მეშვეობით. ჩვენ ვართ შეთანხმების მომხრე, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებას ძალიან ეძნელება კომპრომისის და შეთანხმების კულტურის დანერგვა ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვაკეთებთ მშვიდობიან მობილიზებას, რომ მოქალაქეების ხმა და სურვილი ასე დავანახოთ"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სწორედ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ხელისუფლებამ გაიგოს, ნაცვლიშვილის თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.