კოსმოსის ეკონომიკა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს
კოსმოსის ეკონომიკა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს

A+ A-

16:40 22/02/2021

პარასკევი, 2021 წლის 19 თებერვალი
1.    აშშ-ს ბაზრებმა კვირა ნეიტრალურ ზონაში დაასრულა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    კოსმოსის ეკონომიკა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს
4.    რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

აქციების ჰორიზონტალური მრუდი კვირის ბოლოს


აშშ-ის კაპიტალის ბაზრების მრუდმა კვირის ბოლოსთვის კლებისკენ მიდრეკილი, თარაზული სახე მიიღო. ეს ხუთდღიანი მონაკვეთი საბოლოოდ ინვესტორებისთვის მოკლე, მაგრამ ხმაურიანი გამოდგა. ძირითადმა ინდექსებმა იმ დონეზე დაამთავრეს, სადაც სამშაბათს დაიწყეს, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და ინფლაციის უფრო მეტი ნიშნის გამო ინვესტორებმა რისკისგან გარკვეული დროით თავი დაიზღვიეს. აშშ-ის და, განსაკუთრებით, ტეხასის დიდი ყინვების მიზეზით გაზრდილი ენერგორესურსების ფასმა კლება იწყო: ნავთობი 13-თვიანი მაქსიმუმისგან კორექტირდა. გრძელვადიანი აშშ-ს სახაზინო შემოსავლებმა ოდნავ იმატა, რაც არის კიდეც ობლიგაციების ბაზარზე ყველანაირი ხმაურიანი ქმედებების მიზეზი.

2021 წელს, Bitcoin-ის აღზევების ფონზე, ჩვეულებრივი აქტივების მოგებები უფერულდება. ამრიგად, კრიპტოვალუტის აქციებსა და ნედლეულის სექტორი ფანტასტიური პირველი 6 კვირა გამოუვიდათ. BlackRock-მა აღიარა, რომ ამ კვირაში Bitcoin-მა ,,გაიტაცა’’, და კანადაში ციფრული ვალუტის პირველი ჩრდილოამერიკული გაცვლითი ვაჭრობის ფონდი (ETF) ჩამოაყალიბა.

დღის მთავარი აქცენტები

●    ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ Uber-ის მძღოლები მინიმალური ხელფასითა და ანაზღაურებადი არდადეგებით უზრუნველყოფილ მუშაკებად ცნო, რომლებიც თვითდასაქმებულები არ არიან. საეტაპო დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ მძღოლებს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში უწევთ მუშაობა, როდესაც აპლიკაციაში შესულები არიან, და Uber-ზე იმდენად არიან დამოკიდებულნი, რომ ,,მცირე ან არანაირი შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა პროფესიონალური ან საქმოსნური უნარების მეშვეობით აიმაღლონ’’. სამი უშედეგო ცდის შემდეგ, ეს სამგზავრო კომპანიის უკანასკნელი სარჩელი იყო, რომლითაც მან ამჯერად ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციას მიმართა.

●    Twilio-ს აქციები წინასაბაზრო ვაჭრობისას დაეცა, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი აქციების გზით $1 მილიარდს გაყიდდა. ე.წ. ქლაუდ-პლატფორმის აქციები წინა სესიის დახურვისას თითქმის +8%-ს აფიქსირებდა, რაც მე-4 კვარტლის მოულოდნელი შემოსავლისა და სარგებლის გამოქვეყნებამ განაპირობა

●    სტრიმინგ-პლატფორმა Roku-მ მე-4 კვარტლის პროგნოზებს გაუსწრო, განაცხადა რა, რომ 2020 წელს მოხმარებული კონტენტის ჯამური ხანგრძლივობა 58,7 მლრდ საათით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 55%-ით მეტია. მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 58%-ით გაიზარდა და $649,9 მლნ შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება $65,2 მლნ-ს გაუტოლდა. შედარებისთვის, შარშანწინდელი წლის ანალოგიურ მონაკვეთში იგი $17.4 მლნ-იან ზარალს ითვლიდა.

●    The Wall Street Journal-ის ცნობით, IBM საკუთარი Watson Health-ის ბიზნესის პოტენციურ მყიდველს ეძებს. ობიექტის გაყიდვები ყოველწლიურად $1 მლრდ-ს აღწევს და მომგებიანად არ ითვლება. ტექნოლოგიური გიგანტი ისეთ ალტერნატივებს განიხილავს, როგორიცაა კერძო კაპიტალის ფირმასა ან ინდუსტრიის მოთამაშაზე მიყიდვა, ან SPAC-თან შერწყმა.

●    Shanghai Shenzhen CSI 300-ით სახელით ცნობილი კაპიტალის ჩინური ინდექსი ახლოსაა რეკორდულ 5,885 პუნქტთან, რომელსაც 2007 წლის ოქტომბერში მიაღწია. 2021 წელს ინდექსი უკვე 10%-ითაა გაზრდილი და ამავე პერიოდში შარშანდელ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება - ეკონომიკა პანდემიური კრიზისის მერე აღდგენას განაგრძობს. უმსხვილესი ETF-ები, რომლებიც ჩინური კაპიტალის აქციებს თვალს ადევნებენ, არიან: iShares MSCI China, KraneShares CSI China Internet და iShares China Large-Cap. ისინი, შესაბამისად, წლიურად 17.2%-ით, 31.1%-ითა და 14.8%-ით იმატებენ.

ევროპის ნათელი წერტილი - საწარმო ქარხნები

ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ყველაზე მძიმედ შეეხო, ვაქცინის გავრცელება მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს. ბიზნესს გაურკვევლობასთან, მასშტაბურ ლოქდაუნებთან და შეზღუდვებთან გამკლავება მოუწია. მეორე მხრივ, მრეწველობის სექტორი მომსახურებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებად დაზარალდა: იგი დარწმუნებულია, რომ კრიზისი არ არის ისეთი ცუდი, როგორც ეს 2020 წლის პირველ ნახევარში იყო.

თებერვალში მსყიდველობითი მენეჯერობის ინდექსის (PMI) გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ევროზონის ფარგლებში ეკონომიკური აქტივობა ზედიზედ მეოთხე თვის მანძილზე შემცირდა. თუმცა, მომსახურების სექტორის ვარდნა მრეწველობის ზრდამ შედარებით დააბალანსა. მას სათავეში გერმანია უდგას. წარმოების PMI-ინდექსმა ბოლო 36 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს, 57,7-ს მიაღწია (იანვარში იგი 54.8-ს უტოლდებოდა). წარმოების მოცულობის მატება ოქტომბრის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით დაჩქარდა.

ანალიტიკოსთა თანახმად, ევროზონის ტერიტორიაზე მიწოდების დეფიციტი და შეფერხებები ნედლეულის ფასების მატებას იწვევს, რაც სერიოზული შფოთვის საგანია. ING-ის მიხედვით, ვრცელდება ცნობები ვირუსის გამო საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გართულებასა და ინფლაციის ზრდის შესახებ.

მომსახურების სექტორი მცირდება ბრიტანეთსა და იაპონიაში, სადაც მრეწველობა აღმავლობას განიცდის. ,,ბრექსითმა’’ გაერთიანებულ სამეფოში მომარაგების შეფერხებას ხელი შეუწყო, რის გამოც მრეწველობის ზრდის ტემპი 2020 წლის ივნისის შემდეგ (ეკონომიკური აღდგენის ათვლის პერიოდი) ყველაზე სუსტია. იაპონიაში ახალი საექსპორტო შეკვეთების დასტაბილურებამ ქარხნების ამუშავება განაპირობა: ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ექსპორტმა იანვარში წლიურად 6.4%-ით იმატა. ამის მიზეზი, მეტწილად, ჩიპების საწარმოების მოწყობილობებზე, პლასტმასსა და ფერად ლითონებზე ჩინეთის მოთხოვნის ზრდაა.

$177,7 მლრდ
Space Capital-ის მიხედვით, ბოლო 10 წლის სრული კაპიტალის ინვესტიცია კოსმოსური სექტორის 1,343-მდე უნიკალურ კომპანიაში სწორედ ამდენს უტოლდება. ამ თანხის 75% ამერიკულ და ჩინურ ფირმებზე მოდის. მათ მოჰყვება სინგაპური (6%), ბრიტანეთი (4%), ინდონეზია (3%) და ინდოეთი (3%). დიახ, არ მოგჩვენებიათ - სინგაპური ერთ-ერთ ანვითარებად კოსმოსურ ჰაბად მოიაზრება. ინფრასტრუქტურის მთლიანი ინვესტიციები (გაშვება, თანამგზავრები, ლოჯისტიკა და ა.შ.) 2020 წელს რეკორდულ $8,9 მლრდ-მდე ავიდა. რა თქმა უნდა, კოსმოსური ეკონომიკა არ გულისხმობს მხოლოდ რაკეტებს, კოსმოსური ხომალდებსა და ტურიზმს. სინამდვილეში, ისეთ აპლიკაციებში ჩართულ კომპანიებს, როგორებიცაა პოზიციონირება, ნავიგაცია და დედამიწაზე დაკვირვება, ყოველწლიურ დაფინანსებაში ლომის წილი უჭირავთ.

მილიარდერთა ინტერესი
2013 წლიდან ინტერესი კოსმოსურ-ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციის მიმართ მკვეთრად გაიზარდა. ცნობილი სახეები, როგორებიც ილონ მასკი (SpaceX), ჯეფ ბეზოსი (Blue Origin) და რიჩარდ ბრანსონი (Virgin Orbit), არიან, თავიანთი წამოწყებებით სიახლეების პირველ სათაურებში ჩნდებიან. Salesforce-ის თანადამფუძნებლის, მარკ ბენიოფის მიერ მხარდაჭერილი Astra Space მალე ბაზარს $2.1 მლრდ-იანი SPAС-ით მოევლინება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ Apple-ის ვეტერანი, ბენჯამინ ლიონი უფროს ინჟინრად დაიქირავა. ქეითი ვუდის ცნობილი ARK Investment Management ახლო მომავალში ARK Space Exploration-ის ETF-ს ჩაშვებას გეგმავს.

ქეითი ვუდი სექტორისგან უფრო მეტ აქტიურობას ითხოვს. ,,ხარჯები, რომლებიც კოსმოსში გაშვებასთან, თვით რაკეტებთან, ან ანტენასთან არის დაკავშირებული, მკვეთრად იკლებს”, აცხადებს ის. Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, ადამ ჯონასი ხაზს სექტორის ,,ეგზისტენციალურობას" უსვამს, რამეთუ იგი ადამიანის ინოვაციების შემდეგ მიჯნად გვევლინება. მაგალითისთვის, თუ მფრინავ მანქანებს ავაშენებთ, ათასობით თანამგზავრის გიდობა დაგვჭირდება, მაღალი სიჩქარით მგზავრობისთვის - დედამიწის ატმოსფეროს დატოვება, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის - დედამიწაზე დაკვირვების კოსმოსური ტექნოლოგიები. ერთი გამოთვლით, ამ გლობალური ინდუსტრიის შემოსავალი 2040 წლისთვის $1 ტრლნ-ს მიაღწევს (2020 წლის $350 მლრდ-თან შედარებით), რომლის ნახევარიც, სავარაუდოდ, სატელიტური ფართობოჭკოვანი კავშირის გაბმას მოხმარდება.

Go NASA!
Perseverance-ად წოდებული NASA-ს მარსმავალი 203 დღის განმავლობაში 293 მილიონმილიანი მოგზაურობის შემდეგ პლანეტაზე წარმატებით დაეშვა. საორგანიზაციო გუნდისთვის ეს ჭეშმარიტების მომენტია: გაწეულმა დიდმა შრომამ საბოლოოდ გაამართლა.

რას ველოდოთ მიმდინარე კვირაში

კორპორატიული ანგარიშების გამოქვეყნების სეზონი გრძელდება, რიგში კი Nvidia და Square არიან. ასევე, ცნობილი გახდება აშშ-ში უძრავი ქონების მზარდი ბაზრისა და მომხმარებელთა ნდობის მონაცემები, მიჩიგანის უნივერსიტეტი მომხმარებელთა განწყობების სურათს წარმოგვიდგენს. დღეისთვის უკვე ცხადია, რომ იანვარი დიდი ხარჯების თვე იყო, რაც დეკემბერში სტიმულირების ჩეკთან დაკავშირებულმა ამბებმა განაპირობა. საკითხავი ისაა, არის თუ არა ეს ხარჯები ნდობის ამსახველი, თუ მომხმარებლებს უბრალოდ საკუთარი ფინანსური მომავალი აღელვებთ, სანამ კანონმდებლები სუბსიდირების კიდევ ერთ რაუნდზე მსჯელობენ?

2021 წლის შემოსავლების მიხედვით ლიდერებს შორის ბიტკოინი და ნედლეულის სექტორები არიან. იხილეთ წლევანდელი ამონაგების ცხრილი: