"ნაციონალური მოძრაობის" სასურველ სამიზნეში შეიძლება, იაგო ხვიჩია მოხვდეს - გია ვოლსკი
"ნაციონალური მოძრაობის" სასურველ სამიზნეში შეიძლება, იაგო ხვიჩია მოხვდეს - გია ვოლსკი

A+ A-

16:09 26/01/2021

"ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობის გეგმას მიჰყვება და შეიძლება, მათთვის სასურველ სამიზნეში იაგო ხვიჩიაც მოხვდეს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. 

მისივე თქმით,  იარაღი არ არის რესურსი, რითაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ.

„არ მგონია, რომ იარაღი იყოს ის რესურსი და ფაქტორი, რითაც შეიძლება, პოლიტიკოსები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, არც დევნა, ბულინგს რომ უწოდებენ და არც ფიზიკური ანგარიშსწორება. მით უმეტეს, ეს არა ემოციით იქნება გაკეთებული, არამედ იმ მიმართულებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავითარებს – ძალადობის კულტივაცია, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხრიდანაც ძალადობის პროვოცირება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიზანს, გეგმას მიჰყვება და შეიძლება, მათთვის სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც ჩაერთოს. იგივე ბათუმის ინციდენტი გავიხსენოთ. გამორიცხული არაფერია. სახელმწიფო იმ დონეზე დგას, რომ ეს ყველაფერი აღკვეთილი იყოს. გარდა ამისა, არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოება, არამედ ქართველი ხალხიც არ მიიღებს ბრძოლის ამ მეთოდებს, რომელმაც ჭირი მოგვჭამა და ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან ცუდი მხრიდან ახასიათებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მას დაუკავშირდა და დაემუქრა.

ხვიჩია ამბობს, რომ მელია მასზე ფიზიკურად დიდი და ძლიერია, ამიტომაც მას თავდაცვისთვის იარაღის ტარების უფლება ჭირდება.