ხელისუფლებამ საზოგადოებას რევოლუციის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა - ჩარკვიანს სადეპუტატო უფლებამოსილებას უხსნიან
ხელისუფლებამ საზოგადოებას რევოლუციის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა - ჩარკვიანს სადეპუტატო უფლებამოსილებას უხსნიან

A+ A-

14:08 26/01/2021

ქართული საზოგადოებას ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა რევოლუციისა და თუკი საქართველო რევოლუციამდე მივა, ეს იქნება ,,ქართული ოცნების” დამსახურება. ამის შესახებ ,,2020NEWS”-კოალიცია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ხელისუფლება ხალხს რევოლუციისკენ იმიტომ უბიძგებს, რომ   გაანადგურა ყველაფერი კანონიერი და ყველა სახელმწიფოებრივი მონაპოვარი.

,,ქართული საზოგადოება ხელისუფლებას რევოლუციამდე მიჰყავს, რადგან ,,ქართულმა ოცნებამ” გაანადგურა ყველაფერი კანონიერი და მოსახლეობას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა რევოლუციისა.

რა თქმა უნდა, რევოლუცია ასე მარტივად არ ხდება, თუმცა, ხდება მაშინ, როდესაც: სახელმწიფოში სამართლებრივი სისტემა არ არსებობს, ხალხის ხმას იტაცებენ, მკვლელობებს არ იძიებენ, ადამიანებს არ აქვთ სამართალი და კანონი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ადამიანებს შიმშილით კლავენ, როდესაც ჩვენზე პატარა და ღარიბი ქვეყნები ახერხებენ მოსახლეობისთვის საარსებო მინიმუმის მიცემას.

როდესაც ყოველივე ეს ხდება ქვეყანაში, რევოლუცია გამორიცხული არ არის.

არავინ იცის, საზოგადოება როდემდე მოითმენს ამ ყველაფერს. რევოლუციას არ აკეთებენ პოლიტიკოსები, რევოლუციას აწყობს მშიერი, დამონებული და თავისუფლება წართმეული საზოგადოება” , - აცხადებს ჩარკვიანი სააგენტოსთან საუბრისას.

ამავდროულად, ჩარკვიანმა საბოლოოდ განაცხადა უარი საპარლამენტო მანდატზე და ის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას იქამდე განაგრძობს, ვიდრე ,,ქართული ოცნება” გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

,,თქვენთან საუბრამდე 5 წუთით ადრე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტიდან დამირეკეს და მკითხეს, ნამდვილად ვამბობდი თუ არა უარს საპარლამენტო მანდატზე და მე მათ დავუდასტურე, რომ ეს ასე იყო... არ ვაპირებ ,,ქართული ოცნების” პარლამენტში შესვლას და ბრძოლას იქამდე განვაგრძობ, ვიდრე ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს არ შეასრულებს“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ამასთანავე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მას ძალიან უკვირს „გირჩის“  ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადება, თითქოს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია დაემუქრა.

„ძალიან მიკვირს ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას საქციელები და იმედია, სულ მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა...”. - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. საქართველოს პარლამენტი კი, იწყებს ოპოზიციონერი პარლამენტარების განცხადებების დაკმაყოფილებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.