რუსებს მოვუგებთ ყველა ბრძოლასა და ომს მომავალშიც, არა იარაღით, არამედ ჭკუით - მუხაშავრია
რუსებს მოვუგებთ ყველა ბრძოლასა და ომს მომავალშიც, არა იარაღით, არამედ ჭკუით - მუხაშავრია

A+ A-

17:48 21/01/2021

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ რუსეთს ომი ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული მეთოდებით მოუგო. ამის შესახებ უფლებადამცველი და პარტია "ტრიბუნას" წევრი ლია მუხაშავრია აცხადებს. იგი წლების მანძილზე აგვისტოს ომის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავდა. 

როგორც მუხაშავრია ამბობს, საქართველო ყველა ომსა და ბრძოლას მოუგებს რუსეთს ოღონდ, არა იარაღით, არამედ ჭკუითა და სამართლით,

"მოვიგეთ ომის საქმე, ამით, ვფიქრობ, ომი მოვიგეთ, თან რუსეთს მოვუგეთ ომი! სამართლებრივი, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული საშუალებით მოვუგეთ. მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩემს კლიენტებს, ომის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო სოფლებში ცხოვრობს გმირულად და არ კარგავს იმედს.

მე თავს ვხრი ომის გმირების წინაშე, იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც არ ტოვებს სასაზღვრო სოფლებს და გმირულად აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად.

მწამს, ჩვენ რუსებს არა მარტო აგვისტოს ომს მოვუგებთ, მოვუგებთ ყველა ბრძოლას და ომს მომავალშიც, ოღონდ არა იარაღით, არამედ ჭკუით, სამართლით და ჰუმანური, ცივილიზებული მეთოდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავთ! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში", - განაცხადა მუხაშავრიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.