ელისაშვილს, საზოგადოების გარდა, ვერავინ მოკვეთს ოპოზიციიდან - შაშკინი
ელისაშვილს, საზოგადოების გარდა, ვერავინ მოკვეთს ოპოზიციიდან - შაშკინი

A+ A-

15:54 21/01/2021

„მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ოპოზიციიდან ვერავინ  გარიყავს, ყველაფერს წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი. ასე ეხმაურება ,,2020NEWS”-თან ,,ნაციონალური მოძრაობის”  ერთ-ერთი წევრი დიმიტრი შაშკინი  “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და სხვა ოპოზიციონერების დაპირისპირებას.

შაშკინის თქმით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ გაერთიანებულ ოპოზიციას საფრთხე ვერ შეუქმნა და ის ისევ ერთიანია.

- გაერთიანებულ ოპოზიციაში განვითარებული შიდა ბოიკოტის შემდეგ, განაგრძობთ თუ არა  თანამშრომლობას“მოქალაქეებთან” და მათ ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან?

– საქართველოს საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციის ერთობა და ხელახალი არჩევნები, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. ამიტომაც ხალხი ითხოვს ხელახალ არჩევნებსა და ოპოზიციის ერთობას. თუკი ვინმე ოპოზიციონერი თვლის, რომ სხვა ნაბიჯი უნდა გადადგას ოპოზიცისგან დამოუკიდებლად,  ეს მისი საქმეა, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ დღეს საქართველოს ერთიანი ოპოზიცია ჭირდება.

თქვენი აზრით, დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანია?

- დიახ ოპოზიცია ერთიანია და არავის მისცემს უფლებას, ეს ერთიანობა დაარღვიოს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რომელსაც ერთად აუცილებალდ მივაღწევთ.

– თქვენი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანია, თუმცა ყველა კარგად ვხედავთ ღია დაპირისპირებებს, მწვავე ბრალდებებს, რომელიც შესაძლოა „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდეს წყალს.

– მე არ ვთვლი, რომ უნდა ვისაუბროთ, ვის რა აწყობს, ან ვის წისქვილზე ასხამს წყალს, აქ მთავარია, ხალხს რა უნდა. ხალხმა ცალსახად თქვა, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა.  იმისათვის, რომ ვინმე თბილ სავარძელში ჩაჯდეს, ხალხის ინტერესები არ უნდა გაიწიროს. ძალაუფლების წყარო ამ ქვეყანაში არის ხალხი. არჩევნები არის ხალხისთვის და არა რომელიმე, კონკრეტული ადამიანისთვის, რომელსაც თბილ სავარძელში სურს მოთავსება.

- რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოკვეთილ უნდა იქნას გაერთიანებული ოპოზიციიდან...

- ჩემი აზრით, ადამიანი თავისუფალია  და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. არავის აქვს უფლება, სხვის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. ყველამ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ საზოგადოების ინტერესები დაცული იყოს. ელისაშვილს საზოგადოების გარდა, ვერავინ მოკვეთს ოპოზიციიდან.

- როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია იმ ყველაფერზე რასაც საზოგადოება ტელეეკრანებიდან უყურებს. სადამდე მიგვიყვანს გაერთიანებული ოპოზიციის შიდა ბოიკოტი?

- გაერთიანებული ოპოზიციის ერთობას საფრთხეს ვერავინ შეუქმნის. ოპოზიციის უმრავლესობა არის ერთიანი.  ყველანი ვართ ერთ პოზიციაზე. რაც შეეხება ელისაშვილისა და ხაზარაძის დაპირისპირებას, მათი კამათით, გაერთიანებულ ოპოზიციას საფრთხე ვერ შეექმნება.

ხატია მამულია