ახალი ძალის გამოჩენა გარდაუვალია - ძლიერდება თუ არა "ოცნება" "გირჩითა და მოქალაქებით"? - ოპოზიციის შიდა ფრონტის მძიმე ანალიზი ხუხაშვილისგან
ახალი ძალის გამოჩენა გარდაუვალია - ძლიერდება თუ არა "ოცნება" "გირჩითა და მოქალაქებით"? - ოპოზიციის შიდა ფრონტის მძიმე ანალიზი ხუხაშვილისგან

A+ A-

14:25 20/01/2021

“გირჩისა” და “მოქალაქეების” რეიტინგი გაცამტვერებულია. გაერთიანებული ოპოზიციისგან განდგომით, ისინი პოლიტიკურ სივრცეში თავს ვერასოდეს დაიმკვიდრებენ. დიდი დაპირისპირება ოპოზიციაში კი, “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს და ისინი დროს იგებენ. ამასობაში კი, ქვეყანა დიდი რისკის ზონაშია, ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა კი გარდაუვალია.  ასე ეხმაურება “2020NEWS”-თან პოლიტიკურ საკითხებში ექსპერი გია ხუხაშვილი“გირჩისა” და “მოქალაქეების”  დანარჩენ  ოპოზიციასთან დაპირისპირებას.

 სადამდე მივა დაპირისპირება ოპოზიციაში, როდის გაეცემა უამრავ კითხვას პასუხი, რომელ ოპოზიციურ ფრონტზე აპირებს ჩართვას გია ხუხაშვილი და შემოვა თუ არა ღიად პოლიტიკურ ავანსცენაზე ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს თავად ექსპერტი პასუხობს  სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

- როგორია დღევანდელი ოპოზიციური ფრონტის სახე? რატომ უპირისპირდებიან ისინი  ერთმანეთს? 

- ეს არ არის დაპირისპირება,  უბრალოდ,  ალეკო ელისაშვილმა და “გირჩმა” აირჩიეს საკუთარი გზა, რომელზეც მარტო აპირებენ სიარულს. ისინი სკანდალზე ორიენტირებული ხალხია. თუ შესვლა უნდათ, შევიდნენ, რა უბედურებაა, სხვა ოპოზიციასაც რომ თხოვენ შესვლას?  თუ მარტო არ უნდათ პარლამენტში,  ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას დედა უნდა აგინონ. რა ლოგიკაა, რა პოლიტიკაა...  ვერაფერი გავიგე მათი.

- რამდენად სწორად იქცევა ოპოზიცია,როდესაც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე მაშინ, როდესაც  ერთმანეთს პარლამენტს გარეთ მწვავედ უპირისპირდებიან. 

-კრიზისი არის სახეზე, ამიტომაც სჯობდა, ამ ყოველივეს გადალახვა ოპოზიციას პარლამენტს შიგნით ეცადა და არა -  გარეთ. ამის მოდელები არსებობს ბევრგან. სამწუხაროდ,  ეს გზა არ აირჩია ოპოზიციამ. პირადად, მე სხვანაირად ვისურვებდი, რომ ყოფილიყო. ისე მაღლა აწიეს ”პალასა”, რომ ყველაფერი გართულებულია. ძალიან სამწუხარო და დიდი რისკის ზონაში იმყოფება საქართველო.

- ოპოზიცია როგორც ერთმანეთს უპირისპირდება, ასე რომ “ოცნებას” დაპირისპირებოდა პარლამენტში, რა მოხდებოდა მაშინ?

- ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ვისურვებდი, რომ შესულიყვნენ და იქიდან მოეგვარებინათ ქვეყანაში არსებული პრობლემები. 

- როგორ იმოქმედებს საზოგადოებაზე ოპოზიციის შიდა დაპირისპირებები, რასაც ტელეეკრანებიდან ვუყურებთ?

- საზოგადოებაში უფრო მეტად გაძლიერდება ის დამოკიდებულება, რაც აქამდე იყო -საზოგადოება დღეს იმედგაცრუებულია. ნამდვილად ცუდი დასანახია ტელეეკრანებიდან ის “სანახაობა”, რასაც ზოგ-ზოგიერთები გვთავაზობენ. 

- “გირჩისა” და “მოქალაქეების” ოპოზიციისგან ასე განდგომა რამ გამოიწვია?

- მათი განდგომა არ ვიცი, რამ გამოიწვია. შეთქმულებების თეორიაში არ შევალ. მით უმეტეს, კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომაც ვერავის ვერაფერს დავაბრალებ.

- გაიზრდება თუ არა “გირჩისა” და “მოქალაქეების” რეიტინგი, შესაძლოა, ისინი ოპოზიციურ ფრონტზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ, როგორც დამოუკიდებელი ძალები? 

- მათი რეიტინგი გაცამტვერებულია. თავის დამკვიდრებას ისინი, მსგავსი გზით, ვერასოდეს მოახერხებენ.  ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინოა ასეთი ქმედებები მათგან. ისინი ყველა ეთიკის ნორმებსა და წესებს არღვევენ. როგორ შეიძლება ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებზე მსგავსი საუბარი?!

-“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო  ხვიჩიამ გაერთიანებული ოპოზიციის შიდა საუბრები გამოიტანა გარეთ და განაცხადა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მხოლოდ და მხოლოდ „მშიერი ხალხის რევოლუციას“ ელოდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ბოკერიას ეს დამოკიდებულება ან იაგო ხვიჩიას საქციელი, რომელმაც „შიდა სამზარეულო“ საზოგადოებას ღიად წარუდგინა?

- როგორ შეიძლება ათასი სისულელე თქვა იმ ადამიანზე, რომელთან ერთადაც, ერთ მაგიდასთან იჯექი?  მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი იმას არ აკეთებს, რაც შენ გინდა? ხვიჩია ბოკერიასთან ერთად საუბრობდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ერთად ფიქრობდნენ მომავალზე. რა შეიცვალა ახლა?

-“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “მოქალაქეებსა” და “გირჩს”  ოპოზიციის განგრენა უწოდა, რომელიც უნდა მოკვეთონ, როგორ შეაფასებთ ამ სიტყვებს? 

- დაანებონ თავი. შევიდნენ ელისაშვილი და “გირჩი” პარლამენტში. ქვეყანაში არის უდიდესი პრობლემები, ამიტომაც “გირჩებისა” და ელისაშვილების გარჩევების თავი ნამდვილად არავის აქვს და სიმართლე გითხრათ, არც აინტერესებთ.

- გაძლიერდება თუ არა “ქართული ოცნება” ოპოზიციის დაპირისპირებით?

- ოპოზიციის მსგავსი ქმედებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეეხება “ოცნების” გაძლიერებას,  ეს ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ისინი დროს იგებენ. ხელისუფლება ვერ გაძლიერდება, რადგან მათ თავიანთი პრობლემები აქვთ. რა თქმა უნდა, უხარიათ ოპოზიციის მსგავსი ქმედებები, თუმცა ამით დროის გარდა, სხვა ვერაფერს იგებენ....

- თქვენ რომელ პარტიაში აპირებთ წასვლას? ან ზოგადად თუ გეგმავთ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში ყოფნას? 

- ვერ გეტვით, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ვაპირებ შესვლას, თუმცა რაღაც პროცესებში მივიღებ მონაწილეობას. ჯერჯერობით, არ ვიცი, ეს როგორი ფორმის იქნება.

- შესაძლოა თუ არა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ბლოკში“ გიხილოთ?

- რომელ გაერთიანებულ ოპოზიციაში? საერთოდ არსებობს გაერთიანებული ოპოზიცია?  მე არ ვიცი, რომელ ბლოკზე საუბრობთ, “ნაციონალურ მოძრაობაზე”? გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკი არ არსებობს. 

- თქვენი აზრით, გამოჩნდება თუ არა მესამე ძალა და იქნება თუ არა მისი ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?

- გარდაუვალია ახალი ძალის გამოჩენა. პოლიტიკური ელიტა დიდ კრიზისშია. პერსონიზებას ვერ მოვახდენ და ვერ გეტყვით, გიორგი მარგველაშვილი სად იქნება და სად არა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას..

ხატია მამულია