რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ არ იქნება, მაშინ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს გამოუცხადებს ბოიკოტს - გუგავა
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ არ იქნება, მაშინ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს გამოუცხადებს ბოიკოტს - გუგავა

A+ A-

14:09 18/01/2021

პოლიტიკა ინკუბატორი არაა, მაგრამ მმართველი პარტიის“ქართული ოცნების“ შემქმნელსა და სულისჩამდგმელს, ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია იმისა, რომ შეუძლია შექმნას ოპოზიციური პარტია, რომელიც იქნება მმართველი პარტიის შვილობილი პარტია და ის თვლის, რომ შეძლებს რეალური ოპოზიციური სპექტრის დაკნინებას. ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ „2020NEWS”-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით არაფერი შეცვლილა და  რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგში, კვლავ პირველ ადგილზეა.

„ბიძინა ივანიშვილის წასვლით არსებითად არაფერი იცვლება ის კვლავ კულისებიდან მართავს „ქართულ ოცნებას“. მხოლოდ მისი წასვლა საკმარისი არაა, ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

მისმა წასვლამ ვადანდელი არჩევნების საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა. ოპოზიციური სპექტრი ერთხმად თანხმდება, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო შესაბამისად, თუ მმართველი პარტია არ დათანხმდება ოპოზიციის მოთხოვნებს და არ დანიშნავს რიგგარეშე ვადანდელ არჩევნებს, ეჭვქვეშ დგება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობა“, - განაცხადა, გიორგი გუგავამ „2020NEWS”-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, 11 იანვარს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან ვრცელი წერილი გაავრცელა და ამ წერილით ამცნო საზოგადოებას, რომ პოლიტიკას ტოვებდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას აპროტესტებენ.

სალომე კაპანაძე