კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინის მისაღებადაა საქართველო მზად?
კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინის მისაღებადაა საქართველო მზად?

A+ A-

13:19 18/01/2021

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო სამივე ვაქცინის შემოსატანად მზად არის და ქვეყანას დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემპერატურის რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ „ფაიზერის" გარდა პირველ კვარტალშივე „კოვაქსის" პლატფორმიდან ქვეყანამ შემოთავაზება „ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღოს.

„ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. ამ ეტაპისთვის ტექნიკური სამუშაო დასრულებია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია. სამიზნე მაჩვენებლი, რასაც ჩვენ გვინდა ქვეყნის კოორნავირუსის ინფექციისგან დასაცავად მივაღწიოთ, არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ი, რაც გარანტია იქნება იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი, მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით. რამდენიმე ვაქცინა ამგვარი აღიარების: ეს არის „ფაიზერი", „ასტრაზენეკა" და „მოდერნა". როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ. ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა. მას დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემეპერატური რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თებერვალში ვაქცინის მიღება და პროცესის დაწყება სრულიად რეალისტურია.

„ეს პირობა სრულად არის შესრულებული. შემდეგი ეტაპი არის „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადის მოწოდება იმაზე, თუ პირველ კვარტალაში როდის დაიწყება. „კოვაქსის“ და ყველას ინტერესია, რომ საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ „კოვაქსის“ მხრიდანაც მაქსიმალურად სწრაფ პასუხს ველოდებით. ის, რომ თებერვალში ქვეყანაში ფიზიკურად ვაქცინა გვქონდეს, და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური. პროცესი არის ორმხრივი. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა „კოვაქსიდან“ საბოლოო დასტურს ველოდებით.