"ქართული ოცნება" ფრაქციებად არ დაიშლება - მიხეილ სარჯველაძე
"ქართული ოცნება" ფრაქციებად არ დაიშლება - მიხეილ სარჯველაძე

A+ A-

13:04 18/01/2021

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა, პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობა მაინც არ დაიშლება და ხალხის იმ მხარდაჭერას შეინარჩუნებენ, რაც აქამდე, ივანიშვილთან ერთად, ქონდათ. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველიძემ განაცხადა, პარტია აღმოაჩენს ერთიანობის ძალას და შეძლებს, კვლავ მაღალი მხარდაჭერით ისარგებლოს.

 

"საკითხს მეც ასე ვუყურებ - პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვის" სერიოზული გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ უახლოეს ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება, განსხვავებული ფრაქციები ჩამოყალიბდება და ასე შემდეგ.

 

ამ დროისთვის ამის წინაპირობები ნამდვილად არ არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საუბარია სწორედ ისეთ კონსოლიდაციაზე, რაც აუცილებელია, რომ გამოწვევებს ვუპასუხოთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" რიგები დატოვა თავის ადგილი კი, ირაკლი კობახიძეს გადაულოცა, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და ექსპერტები "ქართული ოცნებას" ძალების შესუსტებასა და დაშლას უწინასწარმეტყველებენ.