მთავრობა დიდი ქალაქების სკოლებში სწავლის პროცესის აღდგენაზე მსჯელობს
მთავრობა დიდი ქალაქების სკოლებში სწავლის პროცესის აღდგენაზე მსჯელობს

A+ A-

13:01 18/01/2021

კორონავირუსის გამო, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა განათლების სექტორით უნდა დაიწყოს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ამ განცხადებას ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და აცხადებს,  რომ პირბადეების ტარების წესების დაცვის შემთხვევაში, სწავლების პროცესის სასწავლო დაწესებულებებში განახლება დიდ ქალაქებშიც იქნება შესაძლებელი.

გამყრელიძის თქმითვე, მთავრობა ორ-სამ დღეში შეზღუდვების მოხსნის შესახებ გეგმას დაამტკიცებს, თუმცა ეს გეგმა ბიზნესის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება.

გამყრელიძის თქმითვე, სხვა სფეროების მუშაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მთავრობა ეტაპობრივად მიიღებს.

„შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, დაახლოებით, 2-3 დღეში იქნება, რომელზეც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ ჯერ გაიხსნება ბიზნესის მცირე ნაწილი და სხვა სფეროების მუშაობის აღდგენაზე ეტაპობრივად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ამირან გაყმრელიძის მსგავსად, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა მოხდეს.

გაბუნიას თქმით, თუკი სკოლებში პირბადეების ტარების წესები მაქსიმალურად იქნება დაცული, დიდ ქალაქებში სწავლის საკლასო ოთახებში განახლებაზე იქნება საუბარი.

„დისტანციური სწავლება და შერეული მოდელი ყველგან მუშაობს და ერთი წუთი არ შეფერხებულა ეს პროცესი, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, ამდენად, იმ სკოლებში, სადაც დღეს აღდგა საკლასო ოთახში სწავლება, მთავარია ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა და სკოლები ამისთვის მომზადებულები არიან.

რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პირბადე დღეს არის მაინც მთავარი ინსტრუმენტი და დღეს მივიღეთ ჩვენ კიდევ ერთხელ პროგნოზი ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება, თუკი მოსახლეობის 95% გაიკეთებს ნიღაბს და მართლაც საოცარი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს, შესაძლოა, სრულად გამოგვიყვანოს ამ ტალღური მიმდინარეობიდან.

სკოლაში ეს წესი უნდა დავიცვათ და შემდეგ უკვე, დიდ ქალაქებშიც იმედი გვაქვს, რომ დროულად გვექნება საკლასო ოთახში სწავლების განახლებაზე საუბარი,“- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და ფოთში, სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში განახლდა. სკოლაში პირველიდან მე-6 კლასამდე მოსწავლეები მივიდნენ, თუმცა, მოგვიანებით, ინფიცირების შემთხვევბის ზრდასთან ერთად, მათი გადაყვანაც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მოხდა.