ივანიშვილი შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ - ბერმუდის სასამართლო გახმაურებული საქმის განხილვას იწყებს
ივანიშვილი შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ - ბერმუდის სასამართლო გახმაურებული საქმის განხილვას იწყებს

A+ A-

11:06 18/01/2021

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვეიცარული ბანკის  წინააღმდეგ საქმის განხილვას დღეს ბერმუდის უზენაესი სასამართლოს პალატა იწყებს. 

მმართველი პარტიის გადამდგარი თავმჯდომარე შვეიცარულ ბანკ - "კრედიტ სუისს"  400 მილიონი დოლარის მოპარვაში ადანაშაულებს. 

აღსანიშნავია, რომ გახმაურებული საქმე დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს და თავდაპირველად, ივანიშვილმა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის წინააღმდეგ წარმოებული დავა მოიგო, თუმცა მან 2020 წელს ახალი დავა სწორედ კონკრეტულად ბანკის წინააღმდეგ დაიწყო. 

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ იმ თაღლითურ სქემაში, რომლის მიხედვითაც, მას ბანკიდან ფული მოპარეს, ხელმოწერა გაუყალბეს და პირადმა ბანკირმა, ლესკადრონმა მისი ნებართვის გარეშე მილიონობით დოლარი დააბანდა, თავად "კრედიტ სუისიც" მონაწილეობდა და ამ გზით მას მილიონებს პარავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილისათვის შვეიცარულ ბანკში მისი მილიონების უსაფრთხოდ შენახვის გარანტი იყო ის, რომ მისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შემთხვევაში, მის მილიონებს ვერ გაყინავდნენ.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქმის მასალებში, ახალი დეტალებიც გამოჩნდა, "ქართული ოცნების" გადამდგარმა ლიდერმა საქმის წარმოებაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საფოსტო მიმოწერები შვეიცარულ ბანკთან წარადგინა. 

როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ივანიშვილის გარემოცვის წევრების ეს საფოსტო მიმოწერები საქმეში ოლიგარქის სასარგებლოდ იმოქმედებს და იგი მალე ამ პროცესს მოიგებს. 

"დიდი ალბათობით,  ივანიშვილი ამ დავას მოიგებს. საკმაოდ ხმაურიანი საქმეა, რომელიც ბოლოში გადის და ხმაურიანია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ  არ შემოიფარგლა ივანიშვილი პრეტენზიებით მხოლოდ მისი პირადი ბანკირით, მან თავიდანვე გამოთქვა ეჭვი, რომ თაღლითურ სქემაში კრედიტ სუისის სხვა მაღაჩინოსნებიც იქნებოდნენ ჩართულნი", - განაცხადა ეკონომისტმა და "bmg"-ს დამფუძნებელმა, გიორგი ისაკაძემ.

საქმეზე მომუშავე ჟურნალისტ-გამომძიებლები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის მოგების შემთხვევაში აღარ იქნება მხოლოდ 200 მილიონის ამარა, როგორც ამას თავად აცხადებს.