ანანიაშვილთან შევთანხმდით, რომ იგი რუსი ბალერინაა - კეხმანი
ანანიაშვილთან შევთანხმდით, რომ იგი რუსი ბალერინაა - კეხმანი

A+ A-

09:34 14/01/2021

ნინო ანანიაშვილმა შეთანხმება დაარღვია. ამის შესახებ ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა,  ვლადიმერ კეხმანმა განაცხადა და ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც კეხმანმა ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მან ანანიაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო და შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, იგი რუსი ბალერინა იქნებოდა. 

"მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა [მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა] გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მისი გაცნობის მიზნით. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ (ეს ჩემთვის პრინციპული მომენტია) იგი რუსი ბალერინაა. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი შარშან დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და ჩვენ, საბოლოოდ,ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მასთან ისეთი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე – შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა – მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა). ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემულობაა. მეორე მომენტი: აღნიშნულ ინტერვიუში მის მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამ იყო დასახელებული, ვიდრე ის, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით. ჩვენ სხვანაირად ვისაუბრეთ. არსებობს ასეთი გამოთქმა „ჯერ დაჯექი, ფეხზე დგომით ვერაფერს მიაღწევო“ და ეს მართლაც ასეა, ჩვენს შემთხვევას სრულებით შეესაბამება. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, მუშაობა არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, ხოლო შემდეგ, მეორე რიგში – პროფესიული.“- ამბობს კეხმანი