ოჯახები, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან, მაშინვე ექიმს დაუკავშირდნენ - ცერცვაძე
ოჯახები, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან, მაშინვე ექიმს დაუკავშირდნენ - ცერცვაძე

A+ A-

18:21 13/01/2021

საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ვიდრე კოვიდინფიცირებული მდგომარეობა არ დამძიმდება, ოჯახის წევრები ინფიცირებულებს ბინაზე ტოვებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა.

როგორც მან ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ქუთაისში სიტუაცია, ბათუმის მსგავსად, მალე დასტაბილურდება.

„სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო. ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ ნოემბერ - დეკემბერში, როცა ამბობდნენ, რომ სასწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაცია არის რომ, ოჯახები, სადაც არიან კოვიდინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.