ტრამპი "ქართული ოცნების" სიმბოლოა და არა გაერთიანებული ოპოზიციის - სამადაშვილის პასუხი თალაკვაძეს
ტრამპი "ქართული ოცნების" სიმბოლოა და არა გაერთიანებული ოპოზიციის - სამადაშვილის პასუხი თალაკვაძეს

A+ A-

12:30 13/01/2021

შეერთებულ შტატებში,  კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების სისხლიანი 20 ივნისის, „გავრილოვის ღამესთან“ შედარება ხალხის დაცინვაა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი ქართულ საზოგადოებას დასცინის ამ შედარებით. გაერთიანებული ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის ხელისუფლებასთან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს  ნამდვილად არ აწყობს. ასე ეხმაურება „2020NEWS“-თან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თამჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს ხელისუფლებასთან შეთანხმება არ სურს და გაერთიანებული ოპოზიცია ორ ბანაკადაა გაყოფილი.

სამადაშვილის თქმით,  ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე ერთიანი პოზიცია ჰქონდა. ამიტომაც გაუგებარია პარლამენტის თამჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ცრუ ბრალდებები.

„ოპოზიციას „ქართულ ოცნებასთან“  მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე ერთიანი პოზიცია ჰქონდა. საიდან მოიტანა ბატონმა თალაკვაძემ, რომ ოპოზიცია შუაზეა გახლეჩილი, ეს ნამდვილად არ ვიცი. ცრუ ინფორმაცია აქვს.

ოპოზიციას შეთანხმება ნამდვილად სურს, თუმცა ხელისუფლება ისეთ წინადადებებს სთავაზობს გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ ამას ნამდვილად ვერ დავთანხმდებით. „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებებისთვის, რასაც „ქართულ ოცნებაზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ხელისუფლება უნამუსოდ ადანაშაულებს გაერთიანებულ ოპოზიციას, როდესაც თავად არ მოდის მოლაპარაკებებზე“, - აცხადებს სამადაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ქართული ოცნების“ სიმბოლოა.

„კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების 20 ივნისის ღამესთან შედარება ხალხის დაცინვაა, ბატონი თალაკვაძე საზოგადოებას დასცინის. ტრამპის მომხრეები ხელს უშლიდნენ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, საქართველოში 2012 წელს მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება.

რომელ შედარებებზე საუბრობს თალაკვაძე? ერთადერთი, რისი შედარებაც შეიძლება ტრამპთან, ეს „ქართული ოცნებაა“ და არა - გაერთიანებული ოპოზიცია.

21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტი სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. მათ მოატყუეს ქართული საზოგადოება, რის შედეგებსაც ახლა იმკიან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, უცხოელი ელჩების ფასილიტატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.

ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება „წითელ ხაზად“ ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რადგან თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

ხატია მამულია