2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო
2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო

A+ A-

14:51 12/01/2021

2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო. 

როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, აღნიშნული მონაცემები 2019 წლის მაჩვენებელტან შედარებით, 18,3 %-ით ნაკლებია.

მისივე თქმით,  2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განცხორციელდა.

„თუ შევადარებთ ამ მონაცემს 2019 წელთან, 2019 წელს იყო 19 114 დევნა. დევნის მაჩვენებლი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 18,3%-ით. მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს პროკურატურა საქმეებით დატვირთული იყო. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი მუხლების მაჩვენებელს დევნის მიხედვით, 2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად განხორციელდა 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მეორე ადგილზეა 126-ე პრიმა მუხლი, ხოლო მესამე ადგილზეა 151-ე მუხლი. მსგავსი სურათი იყო ასევე წინა წლებში, 2019 და 2018 წლებში. თუ პირველ სამ ადგილს ავიღებთ დევნის მაჩვენებლის მიხედვით, წინა წლებში ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ 2020 წელს მესამე ადგილზე გვაქვს 151-ე მუხლი, ხოლო 2018-2019 წლებში 260-ე მუხლი“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება სრულწლოვანთა განრიდებას, მისივე ინფორმაციით, 2015-2020 წლებში განრიდება ძირითადად გამოყენებულ იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, გაუფრთხილებელ, არაძალადობრივ დანაშაულთა ჩამდენ სრულწლოვნების მიმართ.

„2020 წლის განმავლობაში განრიდდა 984 პირი, საიდანაც 929 პირი (94.4%) განრიდდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ხოლო 55 პირი მძიმე დანაშაულებებზე. 2019 წელთან ეს მაჩვენებელი შემცირებულია“, - აღნიშნა შოთაძემ.