რომელ დიპლომატებს მისცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის პირობა, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე?
რომელ დიპლომატებს მისცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის პირობა, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე?

A+ A-

11:47 12/01/2021

მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა, შესაძლოა, ევროპელ მეგობრებთან ყოფილიყო შეთანხმებული და მან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. ამის შესახებ „2020NEWS“-ქართული ოცნების“  დეპუტატმა, ლადო კახაძემ განუცხადა.

სხვათა შორის, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გუშინ განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების’ ყოფილი პირველი პირი 2020 წლის 31 ოქტომბრამდე, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე  დაპირდა უცხოელ დიპლომატებს, პოლიტიკიდან წავიდოდა. თუმცა, ბურჯანაძემ  არ დააკონკრეტა, რომელ ელჩებს მისცა პოლიტიკიდან წასვლის პირობა ივანიშვილმა.

ლადო კახაძის ინტერვიუდან კი ირკვევა, რომ დიდი ალბათობით, მილიარდერის პირობა ევროპული ქვეყნების ელჩებთან იყო დადებული.

დეპუტატის თქმითვე, „ქართული ოცნება“ ახალი სისხლით იცვლება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მსოფლიოში „ოლიგარქებზე დაწყებულ ნადირობას“ არ უკავშირდება.

რა გამოწვევების წინაშე დგება მმართველი პარტია, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „2020NEWS“ გთავაზობთ ინტერვიუს “ოცნების“ დეპუტატთან, ლადო კახაძესთან.

-„ქართული ოცნების“  ექსთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა ღია წერილი, სადაც საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო. რას ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი? რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა?

-თქვენს კითხვას, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი პასუხი აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. ის არაფერს გაქცევია, უბრალოდ, ცვლილებები სურდა, ამიტომაც გადაწყვიტა პოლიტიკიდან და ზოგადად „ქართული ოცნებიდან“ წასვლა. „ქართული ოცნება“ ახალი სისხლით იცვლება. ასე რომ, არავინ არაფერს გაურბის. ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლა ხელისუფლების გამოწვევაა, რომელსაც სათანადოდ მიიღებს.

-ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობებს ირიდებს თავიდან და ამიტომაც მიდის პოლიტიკიდან. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

-მეც ბევრჯერ გამიგონია მსგავსი რამ, მაგრამ ეს არის სიცრუე. ბიძინა ივანიშვილი არასოდეს გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას. ეს არასოდეს მომხდარა. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ სიკეთეს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი გუნდი, რომელმაც უამრავ სირთულეს გაუძლო, უამრავი გაჭირვება გადაიტანა. 2020 წელი ყველაზე კარგი მაგალითი იყო იმისათვის, რომ გაგვეგო, როგორ ზრუნავს „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობაზე და რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს აღებული, თავის გუნდთან ერთად. ივანიშვილის დამსახურებაა „ქართული ოცნების“ პოტენციალი.

-პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა შეთანხმებული იყო დიპლომატებთან, ჯერ კიდევ საპრალამენტო არჩევნებამდე?

-ვერ გეტყვით... ზოგადად, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ყველაფერს ევროპასთან ასოცირებით ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შეთანხმებულია და სინქრონირებულია  ჩვენს ევროპელ მეგობრებთან.

-ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა უკავშირდება თუ არა მსოფლიოში დაწყებულ „ნადირობას“ ოლიგარქებზე?

-სასაცილოა... ამაზე ვერ გიპასუხებთ.

-ბიძინა ივანიშვილის წასვლა არის თუ არა იმის მინიშნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს?

-ვერ გეტყვით... ეს მათი გადასაწყვეტია. მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კონსტრუქცივიზმისთვის, ამიტომაც, ვინ რას მიაბამს ამ ამბავს და რას იტყვის, არ ვიცი.

-რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ის ქმედება, რომ მან საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი - მათ შორის, სოლოლაკის შუშის სასახლე, „პარონამა-თბილისი“ და „პარაგრაფი-შეკვეთილი“ - ფონდ „ქართუს“ გადაუფორმა. პირად საკუთრებაში მან მხოლოდ ორი სახლი - ჭორვილასა და აბასთუმანში, დაიტოვა. აგრეთვე - აეროპორტში ასაფრენი გზაც...

-ბიძინა ივანიშვილის ქონებამ დაკარგა პრივატული მნიშვნელობა. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ სიკეთეს აკეთებს.  ბიძინა ივანიშვილი არის ქველი. განათლების სისტემაში ჩადებული აქვს ძალიან დიდი თანხები. ამას გარდა, მას უამრავი ისეთი სიკეთე აქვს გაკეთებული, რაც არ არის ცნობილი და ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

მან გააძლიერა ეკონომიკა და ბიძინა ივანიშვილის წასვლა „ოლიგარქებზე ნადირობას“ ნამდვილად არ უკავშირდება. ჩვენ გვაქვს ერთი რეალობა, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სხვებზე ზრუნავს და მუდამ სიკეთეს აკეთებს. ის ნამდვილად ქველი პიროვნებაა.

ხატია მამულია