პატრიარქმა საპატრიარქო სექტას დაამსგავსა – ვინაა მეუფე პეტრე: ლენინი თუ აღმაშენებელი? - საშობაო ეპისტოლეს სკანდალი
პატრიარქმა საპატრიარქო სექტას დაამსგავსა – ვინაა მეუფე პეტრე: ლენინი თუ აღმაშენებელი? - საშობაო ეპისტოლეს სკანდალი

A+ A-

17:13 08/01/2021

საქართველოში თუკი ვინმე ახალისებს უზნეობას, გარყვნილებას, უკეთურებასა და უსამართლობას, ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია შიოლაშვილი. მან საპატრიარქო დესტრუქციულ რელიგიურ ორგანიზაციას დაამსგავსა, ანუ სექტას. ასე ეხმაურება „2020NEWS“-თან მეუფე პეტრე ცაავა კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს, სადაც პატრიარქმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზნეობისა და გარყვნილების წახალისება ხდება.

მეუფე პეტრეს ბრალდებებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ, „2020NEWS“-თან საპატრიაროს პრესსცენტრის წარმომადგენემა, ბერმონაზონმა მიქაელმა უპასუხა და განაცხადა, რომ მეუფე პეტრე ცაავა ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანია, რომელსაც პატრიარქობსურს და ის, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აშკარად, „შესამოწმებელია“.

ხოლო თავად მეუფე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჯერ საკუთარი თავი უნდა განკურნოს უზნეობისა და გარყვნილებისგან, შემდეგ კი დანარჩენ საქართველოზეც იფიქროს.

„ძალიან საინტერესო ფრაზაა წმინდა წერილში - „მკურნალო, განკურნე თავი შენი“ - აი, ეს უნდა შევახსენოთ ეპისტოლეს ავტორს, რომ ჯერ საკუთარი თავი განკურნოს და მერე ისაუბროს დანარჩენ საქართველოზე. როგორც თამარ მეფემ მოუწოდა ერს - ჩემით დაიწყეთ მხილებაო, ისე უნდა მოიქცეს პატრიარქიც, თუმცა ის უკვე მხილებულია.

პატრიარქს არ სურს განკურნება და მას გადაბრალების პოლიტიკა აქვს არჩეული. ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქო დაამსგავსა დესტრუქციულ რელიგიურ ორგანიზაციას, ანუ სექტას. საპატრიარქოს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს სახლთან, რომელიც არის უფლის მისტიური სხეული“, - აცხადებს მეუფე პეტრე სააგენტოსთან საუბრისას.

ბერმონაზონის თქმით კი, მეუფე პეტრეს სურვილი ჰქონდა, საპატრიარქოში მისი მოყვანილი ადამიანები ყოფილიყვნენ და მეუფის გადაწყვეტილებებით ემოქმედათ, თუმცა, ყოველივე ეს მას არ გამოუვიდა, რის შემდეგაც გაბოროტდა.

„პეტრეს უნდოდა საკუთარი ხალხის შემოყვანა საპატრიარქოში და მისი გადაწყვეტილებებით ემოქმედათ, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ჭორებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მითხრა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომ საპატრიარქოში შემოსვლისთანავე, მეუფე პეტრეს ეუბნებოდნენ, შენ იმსახურებ პატრიარქობასო.

ეგ ფსიქიკურად ისეთ მდგომარეობაშია, არც შერცხვება, რომ პატრიარქობაზე პრეტენზია გამოთქვას. ეგ არ ითვალისწინებს იმ სიმძიმეებს, იმ პასუხისმგებლობებს, რაც პატრიარქობას ახლავს. მას, უბრალოდ, პატრიარქობის პატივი უნდა, პატივი იზიდავს. რეალურად, რომ წარმოიდგინოს, რამხელა სიმძიმეები და სირთულეებია საპატრიარქოში, ნორმალურ ადამიანს არც მოუნდება პატრიარქობა.

ეპისკოპოსობას გაურბოდა ადრე ხალხი. ახლა რასაც ვუყურებ, თუკი ვინმე კარგს გააკეთებს, აა, შენ ეპისკოპოსობა გინდა?! პატივი გინდა?! ყველაფერს დიდებას აწერენ, თუმცა ეს ასე არ არის.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანია, რომელიც პატივისკენ ილტვის“, - აცხადებს ბერმონაზონი მიქაელი სააგენტოსთან საუბრისას.

მეუფე პეტრე ისე გააღიზიანა პატრიარქის ეპისტოლემ, რომ უფრო შორს მიდის ბრალდებებში. მისი თქმით, საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საბჭოთა „კაგებეს“ მიერ არის დანიშნული და „არამწყემსი კეთილია“.

გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ პატრიარქმა აღიაროს მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, აღიაროს, რომ ის არის საბჭოთა „კაგებეს“ მიერ დანიშნული. აღიაროს, რომ ის არამწყემსი კეთილია და მას არ აქვს მორალური და სულიერი უფლება, რომ მართავდეს საქართველოს ეკლესიას. გამოსავალი არის სინანული. ინანოს... პავლე მოციქული ბრძანებს - „სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია“.

პატრიარქის ეპისტოლე, სულიერი დარიგება და რჩევები მკვდარია საქმის გარეშე. უდანაშაულო მღვდელი პატრიარქის სოდომური ძალადობის მსხვერპლია და ციხეში ეწამება მაშინ, როდესაც დავით გარეჯის წინამძღვრის ცრუ ჩვენებით, ორი პოლიტპატიმარი გვყავს ციხეში, ილიჩოვასა და მელაშვილის სახით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არის ტრაგედია და ვიდრე საპატრიარქო ამ ყველაფერზე დუმს, მანამდე საშველი არ იქნება“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე პეტრეს დაპირისპირება პატრიარქთან საზოგადოებისთვის ცნობილი ამბავია. არც პატრიარქის საბჭოთა წარსულზე ხაზგასმაა ახალი ამბავი, თუმცა, როგორც ჩანს, საბჭოური პროტოტიპის აღქმები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მიმართაც ქონდათ საპატრიარქოში.

ბერმონაზონ მიქაელი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს მიმართ, მისი კურთხევისთანავე, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა და მაშინვე ამბობდა, რომ პეტრე ცაავას სახით, სინოდში ლენინი შემოყავდათ.

„როდესაც პეტრე აკურთხეს, თავიდანვე ვთქვი, რომ ლენინი შემოყავდათ სინოდში. ის ცნობილია, როგორც მეზღაპრე ადამიანი.

თავიდანვე  ყველას გვეჯიბრებოდა, მე უფრო ვაქებ პატრიარქს, ვიდრე თქვენო, ახლა კი პირიქით არის  - თქვენზე მეტად მე ვაძაგებო.

მთელი თავისი ცხოვრება არაადეკვატური იყო.

ადამიანმა ელემენტარული ის არ იცის, სინოდის სხდომები როგორ იმართება და რა დანიშნულება აქვს საერთოდ. ვერაფერს ვერ ხვდება. ორჯერ ორი რამდენია, არ იცის ადამიანმა.

სამოსანი აკურთხეს ეპისკოპოსად.

ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ამ ადამიანის კურთხევა იყო დანაშაული. ნათესავებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა დავით აღმაშენებლად დახატეს პეტრე, თუმცა, ჩვენ ხოკარგად ვხედავდით, ვინ იყო და რას წარმოადგენდა.

მეუფე პეტრე ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანია, აშკარად შესამოწმებელია.

რომელ მორალზე გვესაუბრება, როდესაც ვიღაცას ხან აგინებს, ხან ცემს, ხან შეურაცხყოფებს აყენებს.

კაცმა ისიც არ იცის, რომ საეკლესიო სასამართლო არ არსებობს.

რამე მაინც წაიკითხოს. საეკლესიო სამართალი სხვა რამეა და სასამართლო სხვა. ამ ყოველივეს ვერ ანსხვავებს ეს ადამიანი“, - განაცხადა ბერმონაზონმა მიქაელმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, რომ საქართველო და მთელი მსოფლიო ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება.

როგორც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული, „ქვეყანაში წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება“.

ხატია მამულია