ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის ინიციატივით გამოდის
ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის ინიციატივით გამოდის

A+ A-

11:59 22/12/2020

პიანისტი და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებში მუსიკალური აღზრდის სწავლება შემოვიდეს. 

როგორც ბოლქვაძემ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ბავშვი, რომელიც მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს ეხება, მომავალში ცუდი ადამიანი არ შეიძლება იყოს. 

ბოლქვაძე განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან, მიხეილ ჩხენკელისგან დაინტერესდა, რა გეგმა აქვს სამინისტროს სკოლაში მუსიკალური განათლების დანერგვის კუთხით.

"თუ არის რაიმე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი ან თუ შეიძლება რომ ვიფიქროთ სკოლაში მუსიკალური განათლების შეტანის კუთხით. საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საპორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და დაინტერესება. ასევე, მევიოლინეებიც არიან და ა.შ. როგორ შეიძლება სკოლებში მუსიკალური განათლების გადახედვა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება? თუ არის ჩანიშნული ეს საკითხი? თუ იცით ამის შესახებ და თუ არის რაიმე ბერკეტები იმისა, რომ ეს გაკეთდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სწორედ ახალგაზრდებისა და მომავალი თაობისთვის. რადგან მძიმე პრობლემებია როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური. ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას. მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა. როგორც ამბობდნენ სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.