კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია - ხატია დეკანოიძე
კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია - ხატია დეკანოიძე

A+ A-

14:40 21/11/2020

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების მეორე ტურის " ფარისევლობას" ლეგიტიმაცია მიანიჭოს.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, ოპოზიცია გადაწყვეტილებაში მტკიცე, ერთიანი და თანმიმდევრულია.

მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნები - ახალი არჩევნები, კომისიების ახალი ადმინისტრირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ახლა სურთ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიანიჭონ ფარისევლობას, არ ვიცი, რა დავარქვა მეორე ტურებს. ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ოფიციალურად მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ჩვენს ამომრჩეველს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, რადგან არც ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები, არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს დემოკრატიის იმ იმიტაციაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას. სხვათა შორის, პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, მათი გადმოსახედიდან „არჩევნებში“.

ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიის ნაწილი, რომელიც მას სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, ყველას გაგვიჩნდება შეგრძნება, თუ როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თურქმენიზაცია, ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია და სხვა. მას როგორც არ უნდა უნდოდეს, ლეგიტიმური პარლამენტი არ ექნება, თუ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.

ოპოზიცია მტკიცეა, ერთიანია, თანმიმდევრულია - ახალი არჩევნები და ახალი ადმინისტრირება კომისიების და მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - სხვაგვარად, საქართველოს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი ეყოლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ.

„ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან გამოსავალს, ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყნებში არის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება. ველოდებით ახლა შემხვედრ წინადადებებს. არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და ბოიკოტს უცხადებს.