უნდა გამოცხადდეს თუ არა ლოკდაუნი? - რას ფიქრობს მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი?
უნდა გამოცხადდეს თუ არა ლოკდაუნი? - რას ფიქრობს მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი?

A+ A-

12:14 20/11/2020

მსოფლიოში, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეზღუდვებისთვის არ მიემართოს. ამის შესახებ, „ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, ის მწირი რესურსები ისე იყოს გამოყენებული, რომ რაც შეიძლება მინიმუმზე იქნას დაყვანილი შეზღუდვებით გამოწვეული ზიანი.

„საქართველოში ვაქცინის შემოსვლამდე, იდეალურ შემთხვევაში, ნახევარი წელია დარჩენილი. ეს ნახევარი წელიწადი უმძიმესი იქნება ქვეყნისათვის, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკას დავაკვირდებით. ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა მისული.

დღეს, ყველაზე საშიში ის კი არ არის, რომ ვიღაც გონებაჩლუნგები ამბობენ, ვირუსი არ არსებობსო ან ინტერნეტს რომ აბრალებენ მის გავრცელებას. ასეთები ყველგანაა. რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება და მას ვერც ელექტრონული საუკუნე ცვლის. ბნელი ყველა საუკუნეში ბნელია. პრობლემა საფრთხის გამარტივებული აღქმაა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან, რასაც ხელს ბევრი რამ უწყობს.

”ვირუსი ჩვეულებრივი გაცივებაა, დაავადებულთა 85 პროცენტს მსუბუქად გადააქვს, მაინც ყველამ უნდა მოვიხადათოთ, რა შიმშილს მოვუკლავთ და რა ვირუსს” და ასე შემდეგ - მსგავსი განწყობილებების შექმნა არის საფუძველშივე მცდარი, არაზნეობრივი და საშიში.

სხვა ენაზე იგივე ტექსტი ასე უნდა წავიკითხოთ: არა უშავს, ინფიცირებულთა მხოლოდ 15 პროცენტს აქვს გართულებები და აქედან მხოლოდ 5 პროცენტი მოკვდება. მხოლოდ“, - წერს გოცირიძე.

მისივე აზრით, ჩაკეტვა-არ ჩაკეტვის საკითხი მსოფლმხედველობის დისკუსიის თემა გახადა, საქართველოსთვის კი მთავარია, ეს საკითხი ნაკლები ზიანის მოტანით გადაწყდეს.

„ჩაკეტვა-არჩეკეტვის საკითხიც მსოფლმხედველიბრივი დისკუსიის თემა გახდა, როცა ჩვენს გვერდით ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი დღითიდღე მოიმატებს. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც არის ჩვენნაირი მდგომარეობა (ჩვენზე უარესი სულ ორიოდე ქვეყანაშია მსოფლიოში ბოლო დროის მონაცემებით) და არ მიემართოს შეზღუდვებისათვის.

ახლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ ის მწირი რესურსები ( მათ შორის ნასესხები ფული), ისე იყოს გამოყენებული, რომ რაც შეიძლება მინიმუმზე იქნას დაყვანილი შეზღუდვებით გამოწვეული ზიანი და ეს შეზღუდვები არ უნდა ცდებოდეს იმ გონივრულ საზღვრებს, რაც ამ ღატაკ ქვეყანას კიდევ უფრო დიდ სიღატაკეში არ გადააგდებს.

ხელისუფლება უნამუსოდ ეწეოდა პანდემიის პოლიტიზებას, რაც მის არაკომპეტენტურობასთან ერთად, შექმნილი უმძიმესი ვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მაგრამ ქვეყანა მხოლოდ ხელისუფლება არ არის. ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, „2020NEWS“-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია სამთავრობო კულუარებიდან, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს მეორე ტურის ჩატარების შემდეგ, 24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ლოკდაუნი გამოაცხადოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრად მომატებული შემთხვევებისა და გარდაცვალების ფაქტების გამო.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ამასთან, დღეს გარდაიცვალა 41 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 226. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 879 .