რა მიზნები აქვს მოსამართლეთა კლანს? - მთავარი კითხვა პომპეოსგან და დიდი გეოპოლიტიკური ჯახის ფონზე, უკომენტაროდ დატოვებული "გაყალბებული არჩევნები"
რა მიზნები აქვს მოსამართლეთა კლანს? - მთავარი კითხვა პომპეოსგან და დიდი გეოპოლიტიკური ჯახის ფონზე, უკომენტაროდ დატოვებული "გაყალბებული არჩევნები"

A+ A-

18:37 18/11/2020

„შედით პარლამენტში“ - ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ საქართველოს დატოვებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, „გაყალბებული არჩევნების“ გამო, ქუჩაში გასულ ოპოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა. მანამდე კი მოხდა ბევრი რამ საინტერესეო, რის შედეგიც გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პოზიცია, ერთ-ერთი  ასეთი საინტერესო რამ იყო არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. „რა მიზნები აქვს მოსამართლეთა კლანს“? - იკითხა საქართველოში შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც  ბოლო შეხვედრა სწორედ არასამთავრობო სექტორთან გამართა. ეს გადაწყვეტი შეკითხვაც დაისვა სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელზეც პომპეომ მოისმინა ყველაფერი, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს უკავშირდებოდა, არ დაინტერესებულა „გაყალბებული არჩევნებით“, მაგრამ მიიღო ინფორმაცია, როგორ რეაგირებენ „რეფორმირებული სასამართლოს“ მოსამართლეები  საარჩევნო დარღვევებზე.

რატომ? ამაზე ვრცლად ამავე სტატიაში ვისაუბრებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლეს და შეხვედრისთვის განკუთვნილ, სულ რაღაც 30 წუთში გააქტიურეს ყველა ის თემა, რომელიც ქართულ სასამართლოს პირდაპირ არ ეხებოდა, მაგრამ ეხებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, ანდაც ამერიკულ ინვესტიციებს და რომელიც ირიბად -  პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კანონის უზენაესობასა და არათუ სასამართლოში, არამედ ყველა სფეროში  წარმატებული რეფორმების გატარებასთან.

მოკლედ,  როცა გარეთ ოპოზიციის მდუმარე საპროტესტო აქცია იმართებოდა, „შერატონ მეტეხი პალასის“  შიგნით - 6-მა არასამთავრობომ მტკივნეული თემები გაააქტიურა,  პომპეო კი პროტოკოლს მიყვებოდა „ჯიუტად“ და შეხვედრის დროის 95%-ის მანძილზე მოსამართლეთა კლანსა და სასამართლოს მიკერძოებულობაზე ისმენდა ქართველი არასამთავრობოებისგან მოხსენებას.  

 

 

„2020NEWS“ შეეცადა, შეხვედრის დეტალების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო ამ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ამ ძიების პროცესში შევიტყვეთ შემდეგი: რატომ იქნა შერჩეული სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მხოლოდ 6 არასამთავრობო ორგანიზაცია, ამის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. მათ დაურეკეს, სავარუდოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან და უთხრეს, რომ მიდიოდნენ შეხვედრაზე. მათივე აზრით, ქვეყანაში მოქმედი უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციიდან მაინც და მაინც ისინი იმიტომ იყვნენ შერჩეული, რომ გარდა ეკონომიკური მიმართულების ორგანიზაციებისა, 4 ორგანიზაცია სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე მუშაობს, თუმცა ამ რეფორმებზე სხვებიც მუშაობენ.

მაგალითად, ამავე თემაზე მუშაობს, თანაც წლებია -  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ და მათი წარმომადგენელი არავის მიუწვევია პომპეოსთან, „შერატონ მეტეხი პალასში“.  ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იყო წარმოდგენილი, მაგრამ არა ცნობილი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სახით. თითქოს დეტალებია, შეიძლება უმნიშვნელოც ვინმესთვის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორისგან ამგვარი ქმედება იმის მცდელობას უფრო გავს, პომპეოს განსხვავებულ პირებსა და ორგანიზაციებთან პირადად საუბარი მეტად  აინტერესებდა, ვიდრე უკვე „ფეისი“ სახეებისა თუ არასამთავრობოების. ან იქნებ ასეც ჩაფიქრებულიც იყო, ხელისუფლების მხრიდან სპეკულირების საგანი არ გამხდარიყო, აქ უკვე „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად „ანგაჟირებული“ ცნობადებისგან მიწოდებული ინფორმაცია, მოტივით - აბა, ეგენი რას იტყოდნენო. 

მოდით, ახლა თავად შეხვედრაზე „შევიხედოთ“, რა თქვეს არასამთავრობოებმა და რით დაინტერესდა სახელმწიფო მდივანი, რომელიც უმეტეს დროს, ისმენდა ინფორმაციას, თანაც, სავარაუდოდ, უკვე კარგად ნაცნობს და დიდად არ აქტიურობდა.

კახა წიქარიშვილი - „უფლებები საქართველოსთვის:  „საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო რეფორმის გაგრძელებაზე, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამაზე იყო საუბარი.

- 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თუ იყო საუბარი?

- ძალიან ცოტა, ძალიან ცოტა. უფრო იყო საუბარი საარჩევნო დავებზე, რომლებშიც ძალიან ხშირად სასამართლო  მიკერძოებულად იქცევა.

ძირითადად იყო ზოგადი ხასიათის შეკითხვები, სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. და ჩვენ ჩვენი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ცოდნა და შეხედულებები მივაწოდეთ. ძირითადი ფოკუსი იყო მაინც სასამართლოზე.

- ანუ, თუ დადგა შეხვედრაზე „გაყალბებიული არჩევნების“ თემა, რასაც ქუჩაში, საპროტესტოდ გასული ოპოზიცია ელოდებოდა არასამთავრობოებისგან ?

- არა, არჩევნების გაყალბებაზე ჩვენ საუბარი არ გვქონია. შეხვედრის თემა იყო კანონის უზენაესობა და სასამართლო ხელისუფლება, მთავარი მაინც იყო სასამართლო ხელისუფლება.

ადამიანის უფლებებზეც შედარებით ნაკლებად იყო საუბარი, უფრო სამართლიანი სასამართლოს კუთხით. ზოგადად უმცირესობების უფლებებს არ შევხებივართ, არ შევხებივართ პატიმრების უფლებებს და ა.შ., იმიტომ, რომ ძალიან მცირე დრო იყო საუბრისთვის, დაახლოებით, 30 წუთი, შესაბამისად,  95% იყო სასამართლოზე საუბარი.

- გისმენდათ, თუ თავად პომპეო იყო აქტიური?

- ჩვენ გვისმენდა. სათითაოდ ვსაუბრობდით ყველა, 6 ორგანიზაციის წარმომადგენელი. თავად გახსნა საუბარი და აშშ-ი საქართველოს ელჩი იყო მოდერატორი.

- ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეძელით საკითხის გააქტიურება?

- ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ სასამართლოზე იქნებოდა საუბარი. დღის წესრიგიდან გადახვევა არ მომხდარა. რამდენიმე მონაწილემ დასვა ანაკლიის პორტის, ინვესტიციების შემცირებისა და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები. ჩვენმა მონაწილეებმა დასვეს ეს საკითხი, თავად პომპეოს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია“.

მოკლედ, როგორც ირკვევა, მეგა სახელმწიფოს მაღალჩინოსანი ისმენდა და არ აქტიურობდა. სამაგიეროდ, ისიც ირკვევა, რომ შეერთებული შტატებისთვის სასამართლო სისტემის რეფორმირება-რეორგანიზაცია იმდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში, 30 წუთით გამოყო არასამთავრობო სექტორთან სასაუბროდ პომპეომ და ამ დროის 95% სასამართლოზე ესაუბრა ადგილობრივ არასამთავრობოებს.

სახელმწიფო მდივნის ქცევიდან  მესიჯის მიღება მარტივია: გადაწყვიტეთ ყველა დავა სასამართლოში და მაშინ შედგება დემოკრატია ქვეყანაში, მაშინ შედგება სახელმწიფო,  ქუჩის აქციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ არა ქვეყნის განვითარების მთავარი ბერკეტი, სასამართლოზე გადის ქვეყნის სამართლიანობის, სანდოობისა და წარმატების გზა. ამის შემდეგ იხსნება ასპარეზი განვითარებული ქვეყნების ინვესტორებისთვისაც საქართველოში და მაშინ ჩაიდება მეტი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანაში - რათა გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მე-4 რუსული ბაზის სახით რომ მოგვადგა კავკასიაში.

 

 

ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტიების ჩადების მცდელობა  ერთხელ უკვე იყო  - „ანაკლიის პორტის“ სახით, თუმცა მრავალმილიონიანი ამერიკული დაფინანსება ერთ დღეში, ჰაერში გაიფანტა, ქართული მხარის წარმომადგენლებს საციხოდ (საუბარია, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე) გაუხდათ საქმე, ამერიკელი ინვესტორები ქვეყნიდან წავიდნენ.

ანაკლიის თემა პომპეოსთან შეხვედრაზეც გააქტიურდა. როგორც ცნობილია, სასამართლოს რეფორმირების თემაზე მომუშავე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პომპეომ ორი ეკონომიკური მიმართულების არასამთავრობო გაერთიანების წარმომადგენელსაც შეხვდა.

არც გასაკვირია, საქართველოში ერთხელ მოხვედრილი თითქმის ყველა ბიზნესმენი და განსაკუთრებით ამერიკელი, აცხადებს, რომ ქვეყანაში, ვიდრე სასამართლო სისტემა არ იქნება გამართული, სადაც ინვესტორებს მუშაობის პროცესში წარმოქმნილი დავების განხილვის საშუალება ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი და  მიუკერძოებელი მოსამართლეების წარმართულ სასამართლო პროცესებზე არ მოუწევთ, საქართველოში ინვესტიციის შემოტანა სახიფათოა და შემოტანილ მილიონებს დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ. შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამართლებრივმა დავამ საქართველოს სახელმწიფოსთან უკვე გადაინაცვლა საერთაშორისო არენაზე - საერთაშორისო არბიტრაჟში.

- როგორც ინფორმაცია გვაქვს, ანაკლიის პორტზე გქონდათ საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან და რა იყო პომპეოს რეაქცია თქვენს ინფორმაციაზე?

ნინო ევგენიძე - „ეკონომიკური კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „რეაქციების რეჟიმი არ ყოფილა, შეზღუდული დრო იყო. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ქონდეს დიდი გეოპოლიტიკური პროექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დამატებით გარანტიებს შექმნის. ამიტომ დავაყენეთ საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ მოთხოვნა იმისა, გაგრძელდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა.

თუ გავითვალისწინებთ დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობას, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციებს, როცა 2 000 რუსული კონტიგენტი ჩააყენეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დავრწმუნდებით და მეც ასე ვფიქრონ, რომ საქართველოს პოზიციებს ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ასუსტებს. სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ამერიკული ინვესტიციების ზრდა და შემოყვანა.

- უსაფრთხოების საკითხი უფრო თუ დააკონკრეტეთ, მაგალითად, ამერიკული ბაზის შესახებ?  ვიცი, რომ შეხვედრის დროის 95% სასამართლოზე საუბარს დაუთმეთ, მესმის, რომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე იყო კონკრეტული დღის წესრიგი, თუმცა ამ დროსაც შეიძლება მოხერხება და რაღაც საკიხების დაკონკრეტება.

- ჩვენ გავამახვილეთ ყველა ისეთ საკითხზე ყურადღება, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გულისხმობს, სასამართლოზე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, კანონის უზენაესობასა და იმაზეც, რომ საქართველო უნდ აიყოს დემოკრატიული ქვეყანა. ეს, პირველ რიგში, ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, შესაბამისად, დემოკრატია და უსაფრთხოების თემები განცალკევებულად ვერ განიხილება.

- ანუ, „ამერიკულ ბაზაზე მინიშნება არ ყოფილა, თუმცა, მიანიშნეთ, რომ ანაკლიის პორტისა და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროეტების განხორციელება გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას?

- ინფრასტრუქტურაში ამერიკული ინვესტიციების შემოყვანა და მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები იყოს გარანტირებული.

- პომპეოს რეაქცია რა იყო ამ საუბარზე?

- მან მოისმინა ყველაფერი გულდასმით და გვითხრა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა ამ ღირებულებების დასამკვიდრებლად ამ ქვეყანაში“.

როგორც ხედავთ, ინვესტორებსა და ანაკლიის პორტზე ინფორმაცია მოისმინა პომპეომ, გაყალბებული არჩევნების თაობაზე არაფერი უკითხავს არასამთავრობო სექტორისთვის და მაინც სასამართლოზე გადაიტანა ყურადღება.

შემეწინააღმდეგება ოპოზიცია, სასამართლოს გზა ჩაგვიკეტეს, მას კლანი მართავსო. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ „ოცნების“ სასურველი მოსამართლეები უვადოდ იკავებენ თანამდებობებს სასამართლოში, მაგრამ გამოსავალია საძებნი და ვაშინგტონში ჩასული ოპოზიციური თუ სახელისუფლებო ინფორმაციები გადასამოწმებელი. ეს კი, ზუსტად ის ფაქტორია, რამაც პომპეოს მთავარი კითხვა დაასმევინა ამ შეხვედრაზე : რა მიზანი აქვს მოსამართლეთა კლანს?

აქვე, ვიდრე „2020NEWS“-ის  ამ კითხვის ადრესატის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, იმასაც გეტყვით, დასავლეთიდან და სენატორ-კონგრესმენებისგან გაზაფხულზე ხელისუფლების მისამართით  წამოსული კრიტიკული წერილების შემდეგ, პანდემიის გამო, დასავლეთის „თავდასხმები“ შემცირდა და აშკარად ჩანდა, რომ „ქართული ოცნების“  ლობი გააქტიურდა შეერთებულ შტატებში. რაზე მუშაობდა და მუშაობს ლობი, ძნელი გამოსაცნობი არაა, თუმცა რა ფორმით და რა არგუმენტებით, ჩვენთვის უცნობია. შესაძლოა ამ მოსამართლეთა სამუდამოდ თანამდებობებზე დანიშვნის საკითხიც, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ნელ-ნელა“პრავდება“ თეთრ სახლში, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი ჩამოდის შენს ქვეყანაში და არასამთავრობო სექტორისგან, თანაც არაგაფეისებულ პირებისგან იღებს პირდაპირ ინფორმაციებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, ლობს თეთრი სახლის დერეფნებსა და კაბინეტებში მიუკერძოებელი ინფორმაცია აუცილებლ;ად დახვდება წინ !

- რა იყო ის საკითხი, რაზეც თქვენ გაუმახვილეთ ყურადღება პომპეოს?

გვანცა წულუკიძე - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“: „გავაცანით ის სიტუაცია, რაც საქართველოში არსებობს, კანონის უზენაესობასთან მიმართებაში, დემოკრატიასა და მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში.

- ეს ზოგადი შეფასებაა, კონკრეტულად რა ქეისებზე გაამახვილეთ ყურადღება? გაიჟღერა, მაგალითად - „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას საკითხმა, ანდაც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშრებით დაკავებული კარტოგრაფების სახელებმა?

- კი, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების თემაზე, ოპონენტების გასანეიტრალებლად რომ იყენებენ.

ვისაუბრეთ, მათ შორის, გიორგი რურუასა და  კარტოგრაფების საქმეებზე, ვისაუბრეთ „ფილიპ მორისის“ საქმეზე, სადაც შესაძლოა, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო, ვისაუბეთ იმ ორ მონიტორზე, რომლებიც დააკავეს არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ და რომლებსაც დააბრალეს საკუთარი მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანა.

- ისნის საუბნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე?

- დიახ და დააბრალეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ იმ მეთოდებსა და ხერხებზე, რომლებითაც ხდებოდა გაყალბება. ვისაუბრეთ აგრეთვე სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებაზე. მათ დაჯარიმებებზე, შარშანდელი აქციებიდან მოყოლებული, ანუ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებს სასამართლო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში.

- პომპეოს პასუხი რა იყო, როდესაც თქვენ ამ საკითხზე ისაუბრეთ?

- არ ყოფილა პასუხი, მან უბრალოდ დაგვისვა კითხვა.

- რა კითხვა?

- დაგვაკონკრეტებინა მოსამართლეთა კლანთან დაკავშირებით და კლანის მიზნებთან დაკავშირებით დაგვისვა კითხვა.

- გაიჟღერა ამ შეხვედრაზე მურუსიძის, ჩინჩალაძის და სხვათა სახელ-გვარებმა?

- არა, სახელები და გვარები ასე არ გაჟღერებულა, უბრალოდ, ზოგადად იკითხა: რა არის კლანის მიზნები და როგორ ფუნქციონირებს ეს კლანი?

- და რა აუხსენით?

- ავუხსენით დეტალურად მათი მოქმედების მეთოდები, რაც შევძელით მოკლე დროში, რომ ეს არის გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, რომელსაც უკავია სასამართლოში მნიშვნელოვანი თანამდებობები და რომელბიც აკონტროლებენ სასამართლო სისტემას.

- რა ფრაზიოთ დაგემშვიდობათ?

- გვისურვა ჯანმრთელობა და გვისურვა მხნედ ყოფნა, აქტიურობა იმ საქმიანობაში, რასაც ვახორციელებთ და რომ გავაგრძელოთ მსგავსი საქმიანობა, რასაც ვახორციელებთ. მხარდაჭერა გამოგვიცხადა სამოქალაქო სექტორს“. 

პომპეომ სამოქალაქო სექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ შეხვედრიდან პირდაპირ გაემართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, საიდანაც გეზი ისრაელისკენ აიღო.

ცხელი კავკასია და პარტნიორი საქართველო სახელმწიფო მდივანმა კონკრეტული მესიჯისა და ძველი დანაპირების- „არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, - გამეორების გარეშეც კი დატოვა, ყოველ შემთხვევაში, აქ მას საჯაროდ არაფერი უთქვამს.

თუმცა, მისი არასამთავრობოებთან შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, რადგან სწორედ ამ შეხვდრაზე მოისმინა მან  ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრებები, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, პომპეოს წასვლიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც ქუჩაში, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გასულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, ალბათ, გასაკვირიც აღარაა.

სხვა დროსა და სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, დიდი ალბათობით, სახელმწიფო მდივნის გზავნილი შიდა მოხმარებისთვის სხვა იქნებოდა და თანაც - ძალიან მკაცრი.

ახლა არ თქვა საყვედური, მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა იმას, კავკასიაში სიტუაცია იმაზე მძიმეა, ვიდრე საქართველოში ხდება აღქმა და ახლა ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობისთვის არავის სცალია, მით უმეტეს, შტატებს? თანაც იმ ფონზე, როცა, როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის ქვეყანაში ჩასულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი წევრი ქვეყნის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს არც კი შეხვდა.  

ჩვენ არ ვიცით, რა უთხრა ამავე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიას პირისპირ საუბრისას, თუმცა, ოპოზიციის ინფორმაციით, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ში ჩასულ წინა პრემიერს, მამუკა ბახტაძეს ქვეყანაში არსებული არაპლურალური და მძიმე პოლიტიკური გარემოს გამო, „ყური აუწია“. ამასთანავე, პომპეო არა, მაგრამ სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაინც შეხვდა ოპოზიციას და მათ მოსაზრებებს მოუსმინა.

ფაქტია, გეოპოლიტიკური ძვრები ცვლის შიდა პოლიტიკისადმი დამოკიდებულებას, თუმცა, ეს ის შემთხვევა არაა, როცა შიდა დარღვევებზე ინფორმაციები თაროებზე იდება და აღარავის ახსენდება, განსაკუთრებით - სტრატეგიულად მთავარ პარტნიორ ქვეყანაში.

რუსა მუმლაძე