ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფარგლებში პროგრესს დავინახავთ - დავით ბაქრაძე
ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფარგლებში პროგრესს დავინახავთ - დავით ბაქრაძე

A+ A-

12:13 18/11/2020

ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფარგლებში პროგრესს დავინახავთ მომავალი წლებისა და თვეების განმავლობაში. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ. ჩვენ გვაქვს ის დოკუმენტები, რომლებიც წლიდან წლამდე ახლდება და რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავთ პროგრესს მომავალი წლებისა და თვეების განმავლობაში. შეხვედრაზე ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე გაამახვილა პრემიერმა ყურადღება. ამ საკითხში ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან . სრული მხარდაჭერა. ასევე კოვიდინფექციით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებისათვის ამერიკის შერთებული შტატები გამოთქვამს მზაობას დახმარებისათვის.

ჩვენ გვექნება ახალი ეკონომიკური პროექტები. ამერიკის განვითარების ფინანსური კორპორაცია გეგმავს, განიხილოს მისი საქართველოში დაფუძნების პერსპექტივაც. ეს ჩვენს ქვეყანაში ახალ და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუწყობს ხელს. ამის შესახებ გაიმართა საუბარი და ორივე მხარე მიესალმა ამ საკითხს“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აშშ არის კარგი დასაყრდენი. „ყოველწლიურად ის მზარდი დახმარება რაც აშშ-დან საქართველოში შემოდის, ეს დემოკრატიული განვითარების მიზნით ხდება“ -განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.