ორპოლუსიანი სისტემა სრულდება, პრივატული საუბრები გარეთ არ გამომაქვს - ექსპრეზიდენტის ექსკლუზიური კომენტარი პოლკოვნიკ გოგოლაძეზე
ორპოლუსიანი სისტემა სრულდება, პრივატული საუბრები გარეთ არ გამომაქვს  - ექსპრეზიდენტის ექსკლუზიური კომენტარი პოლკოვნიკ გოგოლაძეზე

A+ A-

17:49 26/10/2020

ქვეყანას დღეს ეძლევა ორპოლუსიანობის დანგრევის რეალური შანსი. ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ექსკლუზიურად “2020NEWS“- თან საუბრისას აცხადებს.

ამასთანავე, მეოთხე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ  არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ახალი სკანდალები ვიხილოთ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგ და მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს საქართველოსათვის.

რასაც ვუყურებ ვითარებას დუშეთში და სხვაგან, სადაც მაქვს ურთიერთობა და რასაც ვიგებ, ნათლად ჩანს, რომ ის ორპოლუსიანი სისტემა, რაც დამანგრეველია საქართველოსა და ქართული პოლიტიკისთვის, სრულდება.

სისტემას, რომლის დროსაც პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ არა მომავალზე, გეგმებსა და რეფორმებზე, არამედ ერთმანეთზე, დასასრულს უახლოვდება. ეს ნიშნავს, საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვეღარ მოიპოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთპიროვნულად დააკომპლექტოს უმრავლესობა და შესაბამისად, შემდეგ საკუთარი მიზნებისათვის მართოს საზოგადოება.

დღეს საქართველოს ორპოლუსიანობის დანგრევის რეალური შანსი აქვს. ეს კი ავტომატურად ნიშნავს დემოკრატიას, რომ ჩინოვნიკებმა შეღარ შეძლონ ჩვენი და ჩვენი შვილების ფულის მოპარვა, ძალოვნებმა არ იძალადონ ხალხზე და პროცესები წარიმართოს საზოგადოების კონტროლით“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნება“ მხოლოდ სააკაშვილზე საუბრით არის დაკავებული, ამომრჩეველს კი ეს საერთოდ არ აინტერესებს.

„ქართულ ოცნებაში“ ძირითადად სააკაშვილზე საუბრით არიან გართულები. ამომრჩეველს კი საერთოდ არ აინტერესებს ეს. „ოცნებაში“ ვერ დაინახეს ის რეალობა, რომ სააკაშვილზე საუბარს გადააყოლეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი ხმას მისცემს ამ ორი პოლუსის მიღმა“ , - აღნიშნავს მარგველაშვილი.

კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის სკანდალურ ინტერვიუზე, აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

გოგოლაძეზე კომენტარს არ ვაკეთებ, რაც შემეხება მე, რა ინფორმაციას ვფლობ, როგორც პოლიტიკოსი ვაცხადებ, რომ არის საკითები, რაც შიგნიდან არ გამომაქვს გარეთ. ასეთია პოლიტიკის წესი, როდესაც შენ დახურულ კარს მიღმა ლაპარაკობ, ის გარეთ არ უნდა გამოიტანო“ , - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებამდე  5 დღე დარჩა.

ირინა მაკარიძე