"ეს არათუ თვითმკვლელობა, არამედ ჯგუფური დანაშაულია" - რა ახალი დეტალები იკვეთება ბაჩალიაშვილის საქმეზე?
"ეს არათუ თვითმკვლელობა, არამედ ჯგუფური დანაშაულია" - რა ახალი დეტალები იკვეთება ბაჩალიაშვილის საქმეზე?

A+ A-

18:39 23/10/2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არა თვითმკვლელობა, არამედ ჯგუფური დანაშაულია. ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საქმის მასალების 28 ტომის გაცნობის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ბაჩალიაშვილის მხრიდან იმ მედიკამენტების შეძენის გარემოებას, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

"ყველაფერი ეს არა თუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული. ნუ თუ არ უჩნდება გამოძიებას კითხვები, რომ ეს აბები, რომლებიც მას არ შეუძენია აფთიაქში, როგორ აღმოჩნდა მის ჩანთაში სხვა აბებთან, იგივე იმ ვადაგასულ წამლებთან ერთად," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ასევე უფლებადამცველი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით, პირბადეზე ​აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.

"აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონზე და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ," - აცხადებს ქობესაშვილი.