ჩვეულებრივი სიტუაცია აღარაა, დათა თუთაშხია კი არა ყაჩაღია - შს ექსმინისტრი კრიმინალსა და ტერორისტზე
ჩვეულებრივი სიტუაცია აღარაა, დათა თუთაშხია კი არა ყაჩაღია - შს ექსმინისტრი კრიმინალსა და ტერორისტზე

A+ A-

16:58 23/10/2020

შესასწავლია სტატისტიკა, კრიმინალურმა ფაქტებმა ნამდვილად მოიმატა, თუ გაშუქება გახდა უფრო აქტიური. ამის შესახებ „2020NEWS“- თან საუბრისას პარლამენტარი, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 2 დღის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ ტერორისტის შეჭრის ფაქტი ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევის პროვოცირებას ვერ მოახდენდა.

ჯერ შესასწავლია სტატისტიკა. კრიმინალურმა ფაქტებმა ნამდვილად მოიმატა, თუ გაშუქება გახდა უფრო აქტიური. უნდა ვიყო არაპროფესიონალი და ანგაჟირებული, რომ 2 დღის წინ ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დავუკავშირო ქვეყანაში კრიმინალური ფაქტების მომატება. თავისთავად, ზუგდიდის შემთხვევა ძალიან არასასურველი ფაქტია და დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუმცა ის, რომ ერთ დღეში შეიძლება ეს აისახოს კრიმინოგენურ ვითარებაზე, ტყუილია“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავის იდეალიზება არ მოხდეს.

ამ პირის იდეალიზება არ უნდა მოხდეს, ზოგმა თქვა, რა საყვარელი იყო, ხაჭაპური გვაჭამა, კონდენციონერი ჩაგვირთო, დათა თუთაშხიასაც შეადარეს. დათა თუთაშხია კი არა, ჩვეულებრივი ყაჩაღია და შესაბამისად უნდა მოექცნენ ხელისუფლება და სპეცსამსახურები.

ამის იდეალიზება არც მედიამ და არც საზოგადოებამ არ უნდა მოახდინოს, მათ შორის არ სოციალურმა ქსელებმა“, -განაცხადა  ნარჩემაშვილმა.

ყოფილი შს მინისტრის თქმით, ქვეყანაში უკვე აღარ არის ჩვეულებრივი სიტუაცია და ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

 „ეს უკვე აღარ არის ჩვეულებრივი სიტუაცია, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მომატებულ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობენ. ხელისუფლემას უნდა გაუშვას მესიჯი, რომ ის იქნება უკომპრომისო ასეთ ფაქტებთან მიმართებაში, ათა არც ერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე.

ეს არის დანაშაულის პრევენციის საუკეთესო საშუალება. ამაზე ხელისუფლებამ და მისმა სპიკერატმა უნდა იზრუნოს. ამას სჭირდება კვალიფიციური სპიკერი, რომელიც ამ თემაზე ისაუბრებს და საზოგადოებასთან ექნება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც შეიარაღებული მძარცველმა მძევლების გაშვების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ლარის მიღება და მიმალვა მოახერხა, ქვეყანაში რამდენიმე კრიმინალური ფაქტი დაფიქსირდა. დანაშაულის შემთხვევები მოხდა ქობულეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში. დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიასა და ობიექტზე მოხდა თავდასხმა. დღესვე, ავჭალაში ყოფილი პოლიტპატიმარი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ირინა მაკარიძე