ვინ არის ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც ავჭალაში ჩაცხრილეს?
ვინ არის ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც ავჭალაში ჩაცხრილეს?

A+ A-

16:12 23/10/2020

ავჭალაში დღეს ჩაცხრილული მამაკაცი ყოფილი პოლიტპატიმარი ვალერიან ნემსიწვერიძეა, რომელიც 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, საარჩევნო ბლოკის  „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლებისწევრზე, კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ბრალდებული და 2017 წელს სტრასბურგში მოიგო საქმე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.  2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნემსიწვერიძე ამნისტიით გათავისუფლდა.

დეპუტატი გიგუაშვილი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ბანკის დამფუძნებელი იყო - ს/ს ინტელექტბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი - 1996 – 1999 წლებში; საქართველოს სამეფო ბანკი, გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე -1991 – 1996 წლებში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, დეპუტატზე თავდასხმაში ორი ბრალდებული ფიგურირებდა: დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე. ისინი 2004 წლის 13 მაისს დააკავეს და დამნაშავედ 2007 წლის 26 თებერვალს ცნეს. 

მათი სარჩელი 2007 წლის 17 ივლისს არ დააკმაყოფილა არც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ. 2005 წლის 9 მაისს კი საქმის განხილვა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო. 

მედიის ინფორმაციით, მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობებისა და პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო

თბილისის საოლქო სასამართლომ დავით მინდაძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობაში 2004 წლის 19 იანვარს პარლამენტის წევრზე მისი თავდასხმის საფუძველზე და იარაღის უკანონო ფლობის გამო, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა, მინდაძის დაქირავება, მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ის დამნაშავედ ცნო სასამართლომ ბანკის აქტივების მითვისებაში, რომელიც ძმასთან ერთად ჩაიდინა.

პარლამენტის წევრმა .- სასამართლოს განუცხადა, რომ როგორც ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა უმსხვილესმა აქციონერმა, მან ვალერიან ნემსიწვერიძის ძმას რეკომენდაცია მისცა ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე, თუმცა ამ ორმა ძმამ ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა. მათ აიღეს კლიენტების კუთვნილი გარკვეული ოქროულობა და დიდი ოდენობით თანხა და 2003 წლის ოქტომბერში გაუჩინარდნენ. სამი დღის შემდეგ, ოჯახის მცდელობის შედეგად, ძმების ბიძამ ნივთები და ფული ბანკს დაუბრუნა. რამდენიმე თვით ადრე ხსენებული ფილიალის შიდა აუდიტმა იქ საკმაოდ დიდი ოდენობის დანაკლისი აღმოაჩინა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძემ და მისმა ძმამ ზეწოლა მოახდინეს აუდიტის კომიტეტის წევრებზე, რათა მათ არ ეცნობებინათ ამის შესახებ თბილისის სათავო ოფისისთვის.

შიდა მსჯელობის შემდეგ, რაშიც პარლამენტის წევრი პირადად მონაწილეობდა, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორივე ძმა არაუგვიანეს 2004 წლის 25 იანვრისა დაფარავდა იმ 750 000 აშშ დოლარს, რომლებიც მათ გაფლანგეს სხვადასხვა გზით. პარლამენტის წევრმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მან ადვილად ამოიცნო დავით მინდაძე. მან დაადასტურა, რომ ამოცნობითი წარდგენის შემდეგ, იგი გამომძიებლის თანხმობით მივიდა მასთან და ჰკითხა, თუ რატომ სცადა ამ უკანასკნელმა მისი მოკვლა

2005 წელს დავით მინდაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტისას მოინახულა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან დასჯის საკითხებში. მისი მდგომარეობა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ყოველწლიურ ანგარიშშიც აღწერა: 

„27 წლის დავით მინდაძე დააკავეს 2004 წლის 13 მაისს მკვლელობის მცდელობის ეჭვის საფუძველზე. ის მიიყვანეს თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოში. მან უარი თქვა აღიარებაზე და პოლიციელებმა მას დაუწყეს ხელკეტებით ცემა, სახეში რკინის ბოქლომს ურტყამდნენ და გამოიყენეს ელექტროშოკით ზემოქმედება მის ფეხებსა და ტერფებზე. ცემაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პროკურატურის გამომძიებელი და ადვოკატი. დაზიანებებს შორის, მას აღენიშნებოდა საფეთქლის ძვლის და ზედა ყბის მოტეხილობები. შემდგომში, მას განუვითარდა ეპილეფსია და აწუხებს ძილის დარღვევები, მოვლენების რეტროსპექტიული გახსენება, მეხსიერების დროებითი დაკარგვა, მხედველობის დაკარგვა, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, თავის ტკივილები და კანკალი. 2004 წლის 16 მაისს ის წინასწარ პატიმრობაში გადაიყვანეს. გადაყვანის შემდეგ მან არ მიუთითა ციხის ექიმს იმაზე, თუ რა ბუნებისა იყო მისი დაზიანებები, რადგანაც ეშინოდა და გადაღლილი იყო“, - ნათქვამია ანგარიშში

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დაადგინა დარღვევების ერთობლიობა და აღიარებს, რომ მომჩივნებმა განიცადეს მორალური ზიანი, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს არსებითად მხოლოდ დარღვევის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს ადეკვატურად, რომ პირველ და მეორე მომჩივანს მიენიჭოს შესაბამისად 28,000 ევრო და 16,000 ევრო. ასევე 4,800 ევრო ერთობლივად, ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით, რაც გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისაგან, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს. 

გარდა ამისა, სასამართლოს მიერ შიდა სამართალწარმოების უსამართლობასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია მომჩივანთა მსჯავრდება მკვლელობის მცდელობის გამო, ასევე ამ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენის გადასინჯვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობის სახით მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება წარმოადგენდეს კონვენციის მე-6 მუხლის §1-ის დარღვევის გამოსწორების გზას.

2017 წელს კი, ბრალდებულებმა  ვალერიან ნემსიწვერიძემ და დავით მინდაძემ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგეს. ინფორმაციას მაშინ 1tv ავრცელებდა.

სტრასბურგის სასამართლომ, საქმეში "მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ", სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა, საიდანაც 28 000 ევრო დავით მინდაძეს, ხოლო 16 000 ევრო ვალერიან ნემსიწვერიძეს მორალური ზიანისათვის უნდა გადაუხადოს.