რა შეცდომა დაუშვა მედიამ და რა ძალოვნებმა ტერორისტის სასარგებლოდ? – უვიცია - კაკაბაძის პასუხი კობახიძეს
რა შეცდომა დაუშვა მედიამ და რა ძალოვნებმა ტერორისტის სასარგებლოდ? – უვიცია - კაკაბაძის პასუხი კობახიძეს

A+ A-

15:03 23/10/2020

მედიის მიერ დაშვებულ შეცდომებზე მეტად მნიშვნელოვანია ძალოვნების მიერ დაშვებული შეცდომები. მედიამ დაუშვა შეცდომა, როდესაც მძარცველი პირდაპირი ეთერში გაუშვა, თუმცა მედიის მიერ დაშვებული შეცდომები სისხლის სამართლის დანაშაული ვერ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე „2020NEWS“- თან საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ძალოვან სისტემას თავად უნდა წარემართა პროცესი ისე, რომ ინიციატივა მედიის მხარეს არ გადასულიყო.

„მედიის მიერ დაშვებულ შეცდომებზე მეტად მნიშვნელოვანია ძალოვნების მიერ დაშვებული შეცდომები.

მედიამ დაუშვა ერთი შეცდომა, როდესაც მძარცველი პირდაპირ ეთერში გაუშვა, რადგან არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს ასეთ დროს.

მეორე შეცდომა არის ის, რომ პერიმეტრის პირდაპირ ეთერში ჩვენება მოხდა. ეს არის ინფორმაცია მძარცველისათვის. ესეც მედია სტანდარტების მიხედვით არ არის მიზანშეწონილი.

ძალოვნების შეცდომა ისაა, რომ ასეთ დროს ყვითელი ლენტით უნდა შემოფარგლოს ტერიტორია, გარკვეული ადგილი დაეთმოს პრესის წარმომადგენლებს, საიდანაც ისინი შეძლებენ მუშაობას. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

ასევე ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებმა უნდა გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ - გარკვეული პერიოდულობით. საათში ან 2 საათში ერთხელ ბრიფინგს უნდა ატარებდეს უწყების რომელიმე წარმომადგენელი.

პოლიცია უნდა აკონტოლებდეს იმას, რომ ჟურნალისტები, შენობასთან მიახლოებას და თუნდაც ყველა პუნქტიდან გადაღებას ვერ ახერხებდნენ.

ეს არის ყველაზე მთავარი დარღვევა, რომელიც იყო ძალოვანი სისტემის მხრიდან და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მედიის დარღვევებზე“, -აცხადებს კაკაბაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავისი უსუსურობის გადასაფარად ხელი კრიტიკული მედიისკენ გაიშვირა, რაც „ისრების გადატანის მცდელობა“ იყო მხოლოდ.

 „ხელისუფლება ასეთ დროს ყველაზე წარმატებულად იმას ახერხებს, რომ ხელს იშვერს ძირითადად, კრიტიკული მედიისკენ. სისულელეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე საუბარი, ირაკლი კობახიძე არის ამ შემთხვევაში უვიცი.

ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა არ ექვემდებარება სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეთიკის ნორმების დარღვევა, რომელიც თვითრეგულირების საკითხია და არ ისჯება კანონით.

კარგი იქნება, თუ თავად გააკეთებს კობახიძე განმარტებას, თუ რას გულისხმობდა, როდესაც მედიის ქმედებაში სისხლის სამართლის ნიშნებზე საუბრობდა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის მედიაგაშუქების საკითხი განხილვის საგანი გახდა. ერთ-ერთ ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გადაიცა „საქართველოს ბანკის“ პერიმეტრი, სადაც ძალოვანების განლაგება ჩანდა და ტერორისტმა უყურა ამ კადრებს. ამასთანავე,  ტერორისტის მოთხოვნით, ორი ტელევიზიით პრდაპირ ეთერში  ჩართეს მძევალები.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედიის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული შეინიშნებოდა.

ირინა მაკარიძე