ვინ არის დავით ხვიბლიანი მძევალი თუ ტერორისტის თანამზრახველი?
ვინ არის დავით ხვიბლიანი მძევალი თუ ტერორისტის თანამზრახველი?

A+ A-

18:37 22/10/2020

„მთავარი არხი“ ასაჯაროებს კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც ვინმე დავითს ეკუთნის და თავს მძევალს უწოდებს. დავითი არხის გენერალურ დირექტორს სთხოვს, გადასცეს ხელისუფლებას, გაიყვანოს მძიმე ტექნიკა „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიიდან, რადგან „მძარცველს ძალიან აღიზიანებს“.

ტელეკომპანია ფიქრობს, რომ ეს დავითი არის მძევალი დავით ხვიბლიანი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ სამიდან, ვინც ტერორისტმა ბანკის შენობის დატოვების შემდეგ თან გაიყოლა.

ამავდროულად, გვარამია ფეისბუქპოსტსაც აქვეყნებს და დავით ხვიბლიანის მოქმედებებს ეჭვქვეშ აყენებს, თან ვიდეოს აქვეყნებს. „არავითარი მძევალი ის არაა“, - წერს გვარამია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კი, ჟურნალისტების კითხვაზე, გამოკვლეულია თუ არა ხვიბლიანის პიროვნება, პასუხობს, რომ დავით ხვიბლიანი არის მძევალი.

„ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკახრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები), ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია. და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს - ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან.

p.s ხვიბლიანიც ჩამოვიდა მანქანიდან პოლიციის უფროსთან ერთად და აწვება ლეგენდას, რომ ისიც მძევალი იყო. პოლიციაშია და იკითხება, დიახ, მაგრამ არა როგორც მძევალი, არამედ როგორც ტერორისტის თანამონაწილე. მეტიც, ამ ოპერაციის დამგეგმავი ტვინია ხვიბლიანი. ამ ვიდეოშიც მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს გამტაცებელს. მერე "საკუთარი ნებით და კეთილი განზრახვით" თვითონ უჯდება გამტაცებელს მანქანაში, ვითომ სხვა მძევლებს გადაეფარა.

ამასობაში, საჯარისო ნაწილიდან, სადაც მსახურობს, არალეგალურად, უნებართვოდაა გამოპარული. რატომ? სენაკიდან ზუგდიდში რომ საქბანკში ჩასულიყო? სენაკში არაა ბანკი თუ რა ასეთი საჭიროება იყო, შინაგანაწესის ასეთი მძიმე დარღვევა რომ არ ჩაედინა?“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში მდებარე "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს. ოფიციალური ინფორმაციით წაღებულია ნახევარი მილიონი დოლარი.