ითხვისის მაღაროში დაშავებული მუშა სიკვდილს ებრძვის - რა ხდება "ჯორჯიან მანგანეზის" მავთულხლართების მიღმა?
ითხვისის მაღაროში დაშავებული მუშა სიკვდილს ებრძვის - რა ხდება "ჯორჯიან მანგანეზის" მავთულხლართების მიღმა?

A+ A-

17:40 22/10/2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მაღაროში 57 წლის მუშა მერაბ ლაშხი მძიმედ დაშავდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.მაღაროს მმართველ კომპანიაში - “ჯორჯიან მანგანეზში“ მუშის დაშავების ფაქტს საერთოდ უარყოფენ.

„2020NEWS“-ის გადამოწმებული ინფორმაციით კი, უბედური შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა. დაშავებული მაღაროელი ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი საავადმყოფოში გულმკერდისა და ფილტვის ძლიერი დაჟეჟილობით, მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებითაა მოთავსებული. საჩხერის საავადმყოფოს ექიმი მაია ხელაძე მომხდარ ფაქტს ადასტურებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა უარყოფს, ხოლო აღნიშნული მაღაროს დირექტორი ირაკლი კობერიძე „2020NEWS“-ს ემალება.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაშავებული მუშა მაღაროში  ელმავალს მართავდა და დაშავების მომენტში ის მეწყვილის გარეშე იმყოფებოდა.

„მეელმავლე მერაბ ლაშხი მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც ის საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მაღაროში მეწყვილის გარეშე იმყოფებოდა. ჩემი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული", - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით "2020NEWS" დაუკავშირდა საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელს, მაია ხელაძეს, რომელმაც სააგენტოსთან საუბრისას მომხდარი ფაქტი დაადასტურა და დაშავებულის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

"ჩვენს საავადმყოფოში ნამდვილად შემოიყვანეს 30 სექტემბერს ითხვისის მაღაროში დაშავებული 57 წლის მუშა მერაბ ლაშხი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული", - ამბობს ხელაძე სააგენტოსთან საუბარში.

მისივე თქმით, დაშავებული საავადმყოფოში ფილტვისა და გულმკერდის არეში ძლიერი დაჟეჟილობებით არის მოთავსებული. ხელაძეს მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პროგნოზების გაკეთება უჭირს.

"პაციენტი საავადმყოფოში ძლიერი გულმკერდისა და ფილტვის დაჟეჟილობებითაა მოთავსებული. მის მდგომარეობაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება, მისი გადაადგილებაც კი შეუძლებელია“, -  განაცხადა ხელაძემ.

სააგენტო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მდებარე მაღაროს დირექტორთან, ირაკლი კობერიძესთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა მან სააგენტოსთან საუბარზე უარი განაცხადა.

"2020NEWS"-თვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მაღაროში, 14 ოქტომბერს მეორე მუშაც დაშავდა.

ორივე მუშის დაშავების საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო დაუკავშირდა "ჯორჯიან  მანგანეზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქეთი ხოსიტაშვილს, რომელმაც "2020NEWS”-თან  მომხდარი ფაქტი უარყო.

"მსგავსი არაფერი გამიგონია... არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ჩვენთან არავინ დაშავებულა",- ამბობს ხოსიტაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

"2020NEWS" ითხვისის მაღაროში დაშავებული მუშის საკითხთან დაკავშირებით, დაუკავშირდა "ლელო საქართველოსთვის“ ჭიათურა-ხარაგაული-საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანი მიროტაძეს, რომელმაც სააგენტოსთან საუბრისას მომხდარი ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მაღაროს ხელმძღვანელობა მომხდარ ფაქტს მალავს.

"მაღაროში დაშავებული მუშის შესახებ როგორც კი შევიტყვე, გადავწყვიტე გამერკვია რა მოხდა. პირადად ვიმყოფებოდი ითხვისის მაღაროში. აღნიშნული ინფორმაცია მაღაროელებმა დამიდასტურეს, ხოლო ხელმძღვანელობამ საკითხის გარკვევის შესაძლებლობაც კი არ მომცა. მსგავს შემთხვევებს ისინი საგულდაგულოდ მალავენ. მომკითხავი კი ხშირ შემთხვევაში, არავინ არის. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი 30 სექტემბერს დაშავებული 57 წლის მუშის, მერაბ ლაშხის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მაღაროელმა საწარმოო მარცხი 14 ოქტომბერს განიცადა. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია",- განაცხადა მიროტაძემ.

მისივე თქმით, ის სოფელი ითხვისის მაღაროში იმყოფებოდა, რათა გასაუბრებოდა მუშებს და გაეგო, თუ რა გარემოში უწევთ მათ მუშაობა, თუმცა მაღაროს დირექტორმა, ირაკლი კობერიძემ ამის საშუალება არ მისცა.

"გუშინ, 21 ოქტომბერს ვიმყოფებოდი ითხვისის მაღაროში. მომხდარი ამბის გარდა, მინდოდა, დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამეგო ინფორმაცია და აგრეთვე მაინტერესებდა, ზოგადად, რა გარემოში უწევდათ ამ ადამიანებს მუშაობა, თუმცა მაღაროს დირექტორმა, ვინმე ირაკლი კობერიძემ არ მომცა ამის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ორი თვეა უკვე, რაც ვითხოვ მაღაროელებთან შეხვედრას თუმცა უშედეგოდ...“, -  ამბობს მიროტაძე სააგენტოსთან საუბრისას.

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმითვე, მაღაროში დასაქმებული ადამიანების ხელფასი არის ძალიან მინიმალური და მერყეობს 500-დან 1200 ლარამდე.

"3500 ზე მეტი მუშაა დასაქმებული ამ მაღაროებში და ჩვენ იმის შესაძლებლობა არ გვეძლევა, რომ შევხვდეთ და გავესაუბროთ მათ.

 21- საუკუნეში მავთულხლართებით აქვთ ჩაკეტილი ის ნაწილი, სადაც ისინი მუშაობენ. მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს უმძიმეს პირობებში და უმძიმეს მდგომარეობაში უწვთ მუშაობა. მათ არც კი იციან, ცოცხლები გამოვლენ თუ არა იქიდან....

ანაზღაურება არის ძალიან მინიმალური და მერყეობს 500-დან 1200 ლარამდე, სამუშაოს სიმძიმიდან გამომდინარე, მაშინ როცა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობის ხელფასი, ყოველთვიურად, 10 000-დან 35 000 ლარია.

აქ არის ჯოჯოხეთური და ბარბაროსული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. თუ კი გაინტერესებთ, 21- საუკუნის მონობა რას ნიშნავს, უნდა ჩამოხვიდეთ ჭიათურაში და ამას თავად იხილავთ", - განაცხადა მიროტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მაღაროებში დაშავებული მუშების შესახებ ინფორმაცია პერმანენტულად ვრცელდება ხოლმე, თუმცა საქმე პოლიცია-პროკურატურა-სასამართლომდე კი არა, აერთოდ, ამ ფაქტების სააშკაროზე გამოტანამდეც არ მიდის.

მუშებს, როგორც თავად აცხადებენ,  საწარმოო ტრამვების მიღების შემდეგ, არც კომპენსაციას აძლევენ და არც ფინანსურად ეხმარებიან.

თუმცა, ბნელ და სახიფათო, ტექნიკურად გაუმართავ მაღაროებში  დასაქმებულ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ, იძულებული არიან მდგომარეობას შეეგუონ, იმკურნალონ  და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემთ, ისევ დაუბრუნდნენ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ, საშიშ სამუშაო ადგილებს, რადგან ოჯახის რჩენის სხვა გზა არ აქვთ. მაღაროების მეპატრონე კომპანიის ყულაბაში კი, ფაქტობრივად, „უფასო“ მუშა-ხელის ჯანმრთელობის ხარჯზე, მილიონობით ლარის  მოგება იყრის თავს..

ხატია მამულია