ნუ მალავენ ინფორმაციას, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს - რატომ ბრაზდება გაეროს გენმდივნის მრჩეველი?
ნუ მალავენ ინფორმაციას, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს - რატომ ბრაზდება გაეროს გენმდივნის მრჩეველი?

A+ A-

14:23 21/10/2020

ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს კარანტინი. საავადმყოფოებში გვაქვს ინფექციების გავრცელების პრობლემა, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი გარდაცვალების შემთხვევების. თუ რეანიმაციული საწოლების ნახევარი დაკავებულია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.  ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში, გიორგი ფხაკაძემ „2020NEWS“-განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ საჯარო უნდა გახადოს ინფორმაცია, თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია ქვეყანაში და რამდენი პაციენტის მართვა შეუძლია.

„ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს კარანტინი. პანდემიამ აჩვენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სუსტი წერტილები. პანიკის საფუძველი არ იქნებოდა, ჯანდაცვის სისტემა რომ გამართული იყოს, მაგრამ ასე არ არის.

ძალიან ბევრი პრობლემაა ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის, საავადმყოფოებში გვაქვს ინფექციების გავრცელების პრობლემა, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი გარდაცვალების შემთხვევების. არ გვყავს ექთნები საკმარისი რაოდენობით და სათანადო აღჭურვილობით,

ასევე დაბალია მათი ანაზღაურება. პრობლემას წარმოადგენს მედიკოსების კვალიფიკაციაც.

ძალიან ვბრაზდები ჩემს კოლეგებზე, როდესაც ამბობენ, პანიკის საფუძველი არ არსებობსო. დადონ, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რამდენი რეანიმაციული საწოლი არის ქვეყანაში და რამდენია თავისუფალი?

თუ რეანიმაციული საწოლების ნახევარი დაკავებულია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.

სიმართლის დამალვა კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას და ამას ემატება არჩევნები. ამიტომ ცხადია, პროგნოზი ვერ იქნება კეთილსაიმედო და ნოემბერი იქნება ძალიან მძიმე თვე“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა.

პოზიტიური რაც გაკეთდა, უნდა ითქვას. პირველ ეტაპზე კარანტინის გამოცხადება იყო სწორი გადაწყვეტილება, ამით ძალიან ბევრი სიცოცხლე გადარჩა. ამასობაში მოახდინეს პორბადეების და ტესტების შემოტანა, რაც მნიშვნელოვანია“,  - განაცხადა ფხაკძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყოველდღიურად ახალი ანტირეკორდი იხსნება. ვირუსის გავრცელების შემთხვევებთან ერთად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი 1351 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი, მათ შორის, ერთი 30-წლამდე მამაკაცი.

ირინა მაკარიძე