კორონავირუსის ანტირეკორდი თუ კოვიდსტატისტიკით პოლიტიკური მანიპულირება - გადაიდება, თუ არ გადაიდება გადამწყვეტი არჩევნები?
კორონავირუსის ანტირეკორდი თუ კოვიდსტატისტიკით პოლიტიკური მანიპულირება - გადაიდება, თუ არ გადაიდება გადამწყვეტი არჩევნები?

A+ A-

14:06 16/10/2020

კოვიდსტატისტიკის რეკორდულად ზრდის პარალელურად, აქტუალური გახდა საუბარი საპარლამენტო არჩევნების გადადების შესაძლებლობაზე. ვის აწყობს არჩევნების გადადება, ან ამ თემაზე საუბარი არჩევნებამდე 2 კვირით ადრე? ასხამს თუ არა ხელისუფლების წისქვილზე წყალს დაბალი აქტივობის ფონზე ჩატარებული არჩევნები და რას აცხადებენ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებში?

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით,  თუ ამ ტემპით გაგრძელდა შემთხვევების ზრდა, მაშინ გამორიცხული არაა არჩევნების თარიღის გადადება, თუნდაც ეს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხდეს. მისივე თქმით, საკითხი პოლიტიკური ძალების კონსესუსის შედეგად  უნდა გადაწყდეს. 

„არ გამოვრიცხავ, ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში არჩევნების გადადების საჭიროება დადგეს, თუმცა ეს მდგომარეობა უნდა შეფასდეს  საზოგადოების და ოპოზიციერი პარტიების ფართო წარმომადგენლობის ჩართულობით. სპეციალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე წვდომის საშუალება მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს.

თუ ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო ზღვარს მიაღწევს, 2 კვირით ადრე კი არა, ერთი კვირით ადრეც შეიძლება  არჩევნების გადადებაზე საუბარი.  ქვეყნისთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“,  - განაცხადა გიგაურმა სააგენტოსთნ საუბარში.   

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, თუ ადრე მმართველი ძალა „კოვიდის მართვით“ გეგმავდა არჩევნების მართვას, ახლა ამის გაკეთებას, „უმართაობით“აპირებს.

„ადრე "ოცნება" აპირებდა კოვიდის მართვით მოეგო არჩევნები, ახლა - უმართაობით აპირებს: ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდით გამოწვეული პანიკა, საათიანი რიგები საარჩევნო უბნებზე, ვირუსის გადადების შიშით სახლში დარჩენილი მოქალაქეები. თუ ამას ქალაქებს შორის გადაადგილების აკრძალვაც დაემატა - არჩევნების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა, საპროტესტოდ ქუჩაში გამომსვლელი ვინ არის?! ჰოდა, ხელისუფლება თვლის, რომ თავი ქუდში აქვს“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისაბუქის საკუთარ გვერდზე.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის -ზესტაფონი-თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათის საარჩევნო ოლქში, გიგი წერეთელის განცხადებით, დღეს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ იტყვის, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ამის რეალური საფუძველი არ არსებობს.

„უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები, ეს განისაზღვრება ქვეყანაში არსებული კონკრეტული ვითარებით და რეალური მდგომარეობით. კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული არგუმენტები და ის სტატისტიკაც, რის საფუძველზეც საბოლოოდ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. არსებობს კონკრეტული ინდიკატორები, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას. ეს რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს. დღეს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ იტყვის, რომ  არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ამის რეალური საფუძველი არ არსებობს. ამის განხილვა უნდა მოხდეს ფართო ჩართულობით, რადგან ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ ძალას, ეს ეხება ქვენის მომავალს, მის იმიჯს, პოლიტიკურ პროცესს, რომელიც უნდა წარიმართოს ამ არჩევნების შემდეგ  და იმ ცვლილებებს, რასაც საზოგადოება ელოდება ამ არჩევნების შემდეგ“,- აცხადებს წერეთელი.

მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში სტატისტიკის მკვეთრი ზრდა გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

„წინასაარჩევნო პროცესის დროს, სტატისტიკასთან დაკავშირებით, მეტი ეჭვები ჩნდება.  ერთია ის, რომ შეიძლება არჩევნების ჩატარებას საფრთხე დაემუქროს და მეორე - ამომრჩეველმა არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავოს.

ვირუსის ზრდის მაღალი ტემპით შეშინებული ადამიანები თუ  არჩევნებზე  არ წავლენ და ხელისუფლება თავისი სახელისუფლებო რესურსით მიიყვანს თავის მხარდამჭერებს, ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. 

თუ დაბალი აქტივობა იქნება,  ეს კითხვის ნიშნები ავტომატურად გაჩნდება“, - აცხადებს წერეთელი.

დეპუტატის თქმით, თუ რა ნაწილში არ იმუშავა რეკომენდაციებმა და რატომ მოხდა კოვიდის აფეთქება, ეს უნდა გაირკვეს და პასუხისმგებელი პირებიც განისაზღვროს.

„ჩვენ რომ ევროპის მიმართულებით ფრენები ავკრძალეთ და ამ დროს რუსეთიდან ლარსის გზით უამრავი ავტომობილი შემოდიოდა. ასევე სხვა რეგიონებიდან, სადაც კორონავირუსის აფეთქება იყო, რა თქმა უნდა, შეუსაბამოა და არასწორი ქმედება“, - აღნიშნავს წერეთელი.

დეპუტატის განმარტებით, არსებობს კითხვები, თუ რამდენად არის სიტუაციის დამძიმებისათვის მზად ჯანდაცვის სისტემა -  ჰოსპიტალური, პირველადი ჯანდაცვის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, თუ სხვა სექტორები. ასევე მნიშვნელოვანია ტესტირების რაოდენობის განსაზღვრა და სხვა თემები.

მისი თქმით, პირადად თვითონ და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა  შესთავაზეს ხელისუფლებას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩართულობა, თუმცა მმართველმა ძალამ მათი შეთავაზება არ მიიღო.

„ვვეჭვობთ, არ ხდებოდეს სტატისტიკით მანიპულირება“, - ამის შესახებ ეჭვს უკვე „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა კაციტაძე  გამოთქვამს.

როგორც  მამუკა კაციტაძე „2020NEWS”-თან საუბრისას აცხადებს, არჩევნების გადადების აუცილებლობის წინაშე ქვეყანა  არ დადგებ, თუმცა ამის შესახებ საუბარი ამომრჩევლის აქტივობას დააზარალებს.

„ერთის მხრივ,  ხელისუფლების განცხადება არჩევნების არგადადებისა და მეორეს მხრივ,  საუბარი არჩევნების გადადების საჭიროებაზე - ეს არის დაბალ აქტივობაზე გათვლილი პროცესი და მანიპულაციები, ვიდრე ობიექტური მოცემულობა. მე არ ვთვლი, რომ არ საუბარს უნდა აყვეს საზოგადოება“, -აცხადებს კაციტაძე .

მისი თქმით, კოვიდსტატისტიკა არ უნდა იყოს გამოყენებული ხელისუფლების ხელში, როგორც იარაღი. 

„ბოლო პერიოდში ამ სტატისტიკას ხელოვნურობის ელფერი დაკრავს.

ჯერ 300-იანების წრე იყო, მერე 500-იანების, ახლა 500-ს აცდა და მალე 1000-ს ველოდებით. ამის გათვალისწინებით, ვეჭვობთ,  რომ ეს სტატისტიკა არის მანიპულირებადი და  გათვლილია დაბალ აქტივობაზე.

გაზაფხულის არჩევნები ძალიან ბევრ ქვეყანაში გადაიდო პანდემიის გამო, მაგრამ ამაზე საუბრის დაწყება  არჩევნებიდან 1 და 2 კვირით ადრე დამაბნეველია ამომრჩევლისთვის.  კარგი იქნება, თუ მსგავსი განცხადებები დროულად იქნება გაკეთებული და არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, მოულოდნელად არ დაატყდება თავს საზოგადოებას.

ვფიქრობ,  რომ არჩევნების გადადების აუცილებლობის წინაშე საქართველო არ დადგება. ამ ტიპის რიტორიკა კი ამომრჩევლის აქტივობას დააზარალებს. ეს არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა“, - აცხადებს კაციტაძე.

საარჩევნო კოალიციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლების ნება რომ იყოს,  არჩევნებს საერთოდაც გააუქმებდა. 

„ხელისუფლებას არჩევნების გადადება კი არა, საერთოდ გაუქმება უნდა. მე ვფიქრობ,  რომ გაურკვევლობაში არიან, გადადებენ და უარესი ელოდებათ, რადგან მშიერი ზამთარი აქვს  ქვეყანას გადასატანი არ გადადებენ და მაინც აგებენ არჩევნებს.

ამიტომაც გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული, წვალობენ და იტანჯებიან. რაც შეეხება ოპოზიციას, აწყობს თუ არა, ვერ გეტყვით, გააჩნია, რა მასშტაბებს მოიცავს ვირუსი. მეორე ტალღაა თუ ცუნამი ფაქტია, რომ გვაზარალებს“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

ქვეყნის პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რას შეეხება ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკას, მისი თქმით, შემთხვევათა რაოდენობა დღეში, შესაძლოა, ათასსაც კი გადასცდეს, მაგრამ ქვეყნის ჩაკეტვა და ეკონომიკის გაჩერება არ იგეგმება.

რაც შეეხება ოპოზიციური ძალებისათვის ვირუსის პრევენციის მიზნით არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართულობაზე უარს, გახარია ამას „წინასაარჩევნო ტოქსიკური პერიოდით“ ხსნის. მისი თქმით,  ოპოზიციური პარტიები კოვიდის თემას პარტიული პროპაგანდის მიზნით იყენებენ, რისთვისაც მისი თქმით, ხელუსუფლებას არ სცალია.

რინა მაკარიძე