ჭიათურაში მაღაროს მარიფათიანი "ბიზნესმენები", უჩა მამაცაშვილი და მისი ხელის ბიჭები განაგებენ - ანი მიროტაძე
ჭიათურაში მაღაროს მარიფათიანი "ბიზნესმენები", უჩა მამაცაშვილი და მისი ხელის ბიჭები განაგებენ - ანი მიროტაძე

A+ A-

11:40 14/10/2020

ბარბაროსების შემოტევაა ჭიათურაში და ამ ყველაფერით ბიძინა ივანიშვილი, მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მათი „ხელის ბიჭები“ სარგებლობენ, მუნიციპალიტეტს კი, ამასობაში 365-მილიონიანი ზარალი მიადგა. ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ხარაგაული-ჭიათურა-საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანი მიროტაძემ ჭიათურის „შავი ოქროს“ საბადოებთან დაკავშირებულ კორიუფციულ სქემებზე საუბრისას განაცხადა.

მიროტაძის თქმითვე, მაშინ, როცა მარგანეცით მოგებას კორუმპირებული ჩინოვნიკები და „მარიფათიანი“ ბიზნესმენები ნახულობენ, უბრალო მაღაროელებსა და საბადოებზე მომუშავე  პერსონალს გაუსაძლისი სამუშაო პირობები და სასაცილო ხელფასები აქვთ. 

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემდეგ, „ლელო საქართველოსთვის“  მაღაროელებს არათუ გაორმაგებულ პენსიას დაუნიშნავს, მათი ხელფასების გაორმაგების საკითხსაც გააქტიურებს.

„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ვთავაზობთ მაღაროელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მძიმე შრომას ეწევა, რომ მათი პენსია დღევანდელთან შედარებით იქნება ორმაგი, ანუ 440 ლარი,  ვინაიდან ამ ადამიანებმა წლების მანძილზე დაიმსახურეს თავისი მძიმე შრომით ღირსეული სიბერე. ისინი დღესაც ძალიან მძიმე შრომას ეწევიან.

როდესაც ჩვენ მაღაროელებს ვესაუბრებით,  ამბობენ, რომ საპენსიო ასაკამდე მიღწევაც კი პრობლემაა მათთვის.

მე ვფიქრობ, რომ ხელფასების თემა ისეთივე გადასახედია, როგორც საპენსიო ასაკის საკითხი.

ამ ადამიანების ხელფასი არის ძალიან მინიმალური და მერყეობს 500-დან 1300 ლარამდე, საქმის  სიმძიმიდან გამომდინარე, როცა 10-ჯერ,  20-ჯერ და კიდევ უფრო მეტია მენეჯმენტში დასაქმებულ ადამიანთა ხელფასი, არ ვამბობ შეგნებულად ამ ციფრს, რადგან ძალიან დიდია.

აქედან გამომდინარე, „ლელო“ მუშაობს იმ საკითხზე, რომ ხელფასების ნაწილი იყოს გადახედილი და ჩვენ უახლოეს მომავალში  შემოგთავაზებთ პარტიის ხედვას, როგორ ვაპირებთ,  ეტაპობრივად,  ამ ადამიანების ანაზღაურება იყოს ისეთი, როგორიც მათ დაიმსახურეს“, - ამბობს მიროტაძე.

მისივე თქმით, „ლელო“ ხელისუფლებაში მოდის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მძიმე და კატორღული შრომა უწევთ მინიმალური ხელფასის მისაღებად.

„მივმართავ მაღაროელებს ჭიათურაში, ზესტაფონში, ტყიბულში და სადაც არიან დასაქმებულები იქ, რომ  ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. ჩვენ მოვდივართ თქვენთან ერთად, თქვენთვის და თქვენნაირი ადამიანებისთვის. მოვდივართ, რომ ასეთ მძიმე და კატორღულ შრომაში არ იყოთ  და ასეთი დამამცირებელი ანაზღაურება არ გქონდეთ. მე გპირდებით, რომ ეს ასე იქნება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“,-განაცხადა მიროტაძემ.

მისი თქმით, „მარშალის გეგმის“ ნაწილი შეეხება სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიების შესახებ  ინიციატივას, რომელიც ვალდებულს გახდის კომპანიას, რომ 20%-იანი წილი საფონდო ბირჟაზე განათავსოს.

„მეორე ნაწილი,  უკავშირდება „მარშალის გეგმის“ ნაწილს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიების შესახებ ინიციატივაა, რითაც ისინი ვალდებული იქნებიან,  განათავსონ თავიანთი 20%- იანი წილი საფონდო ბირჟაზე.

ინიციატივის არსს აგიხსნით „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედის“  მაგალითზე.  სპეციალისტების შეფასებით, ის მანგანეცი, რომელიც მოიპოვება ჭიათურაში, არის ძალიან მაღალი ხარისხის და შესაბამისად, აქვს ძალიან მაღალი ფასი მსოფლიო ბირჟებზე.

სასაცილოა ის ანაზღაურება, რასაც იღებს გლეხი, რასაც იღებს მესაკუთრე და რასაც იღებენ ზოგადად ჭიათურის მაცხოვრებლები, რომელთაც ეკუთვნით ეს საბადო. სამაგიეროდ, სარგებლობს „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი“, რომელსაც 49 წლიანი ლიცენზია აქვს და როგორია  ლიცენზიის პირობები, ამ დრომდე ვერ გავიგეთ,  ვინაიდან 2006 წელს, როდესაც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დაიდო ხელშეკრულება - ლიცენზირების პირობებს დაედო გრიფი.

2006 წლიდან ვითხოვთ ამ გრიფის ახსნას, რაც ამ დრომდე  ვერ მოხერხდა და შესაბამისად, არავინ  იცის, რა რაოდენობის მოგება და რა რაოდენობის „შავი ოქრო“ გაედინება ჭიათურიდან.

გარწმუნებთ,  ძალიან დიდი რაოდენობაა. შემიძლია გითხრათ  შავი ციფრები, რომლებიც მილიარდს აჭარბებს ყოველ წლიურად და არაფერი რჩება სახელმწიფოს, არაფერი რჩება ჭიათურას, არაფერი რჩება რიგით მოქალაქეს“.- განაცხადა მიროტაძემ.

მისივე თქმით, თავმოყვარე სახელმწიფომ უნდა იცოდეს არა მარტო თავისი რესურსის შესახებ სრული ინფორმაცია, არამედ ფასი მ დასაქმებული ადამიანების, რომლებიც მაღაროებში, მძიმე პირობებში მუშაობენ.

„თავმოყვარე სახელმწიფომ უნდა იცოდეს თავისი რესურსის ფასი, საკუთარი მოსახლეობის ფასი და იმ დასაქმებული ადამიანების ფასიც, რომლებიც ამ პირობებში მუშაობენ. ამიტომ „ლელოს“  „მარშალის გეგმის“  ამ ნაწილის განხორციელება  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ კომპანიებთან მიმართებაში.

“ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი“ 2006 წელს შემოვიდა ჭიათურაში, მანამდე კი ზესტაფონსა და ვარციხეში საქმიანობდა. ეს კომპანია, პრაქტიკულად, ოპერირებს ამ სამ რაიონში.

მათი ჭიათურაში შემოსვლის შემდგომ იმდენად დიდი იყო გარემოზე მიყენებული ზიანი, რომ 2017 წლის მაისში სახელმწიფომ სასამართლოში უჩივლა კომპანიას.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დროებითი მმართველი შეიყვანა კომპანიაში.

საუბარია, დაახლოებით, 365-მილიონიან ზარალზე, რომელიც მიადგა ამ მუნიციპალიტეტს.

ამ დრომდე არ ვიცით, დროებითი მართველის მოსვლის შემდეგ, გადაიხადეს, თუ არ გადაიხადეს ეს თანხა? თუ არ გადაიხადეს, რატომ არ გადაიხადეს?  

რას აპირებენ - კომპანიაში თუ აქამდე იყო 1 მენეჯმენტი, ახლა არის 2, თუ აქამდე 1 მენეჯმენტი „ჭამდა“ ხალხის ქონებას,  ახლა „ჭამს“ – 2“, - ამბობს მიროტაძე.

მისივე თქმით,  ჭიათურაში ბარბაროსების შეტევაა და ამ ყოველივეს ქვეყნის მთავარი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ხელმძღვანელობს.

„ბარბაროსების შეტევაა ჭიათურაში და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს, არც მეტი არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ შევიდა „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედში“ და ახლა ამ უზარმაზარ ქონებასაც ფლობენ თავად  ივანიშვილი და ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში.

დროებითი მმართველი არის ნიკა ჩიქოვანი, რომელსაც სახელმწიფომ 3-წლიანი ვადა  მიმდინარე წლის მაისში კვლავ გაუგრძელა და კიდევ 3 წელი იქნება დროებით მმართვაში.

ეტყობა, ძალიან ბევრი მილიარდი უნდა წაიღონ სახლში: ბიძინა ივნაიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, გია კაპანაძემ და დანარჩენებმა.

ამას ემატება ისიც, რომ ადგილობრივ მეწარმეებს, ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე ადგილობრივ მეწარმეებს განდევნიან ამ სიტუაციიდან.

ასეთი მძიმე რეალობაა ჭიათურაში და სწორედ ამ  რეალობაში უწევს ხალხს ცხოვრება. ამ მძიმე რეალობაში მყოფ ადამიანებს კი, რომლებმაც ისიც  არ იციან, ცოცხალი გამოვლენ თუ არა მაღაროდან, კიდევ აქეთ აშანტაჟებენ,  ემუქრებიან, რომ დაკარგავენ სამსახურს, სადაც სასაცილო და მინიმალურ ხელფასს იღებენ“, - განაცხადა მიროტაძემ.

მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ აუცილებლად გაათავისუფლებს ამ ადამიანებს წნეხისგან.

„ჩვენ  აუცილებლად გავათავისუფლებთ ამ ადამიანებს იმ წნეხისგან, რაშიც ცხოვრება უწევთ.

49-წლიანი ლიზენციაა გაცემული კომპანიაზე, მარგანეცის მოპოვებასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, 2055 წლამდე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი“ უნდა იყოს ისე, რომ არ გვეცოდინება, რა მოგებაზე არიან, სად რა ფული მიდის და ასე შემდეგ.

მეტსაც გეტყვით, ამდენი ხანია, ვითხოვ, რომ მომცენ მონაცემები სამსახურის დროს დაშავებული ადამიანებისა და გარდაცვლილების  შესახებ, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ეს არის კატარსტროფულად დიდი ციფრი, მათ ოჯახებს ან მცირე რაოდენობის კომპენსაციას უხდიან, ან საერთოდ არაფერს.

აი, რატომ უნდა იყოს გამჭირვალე და რატომ უნდა იყოს გატანილი ბირჟაზე -  20%, აი, რატომ უნდა იყოს თითოეული მოქალაქე თანამონაწილე იმის, სად მიდის, როგორ მიდის, რაში იხარჯება და ვის რამდენი მიაქვს ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა მიროტაძემ.

მისი თქმით, ჭიათურაში 10 სოფელია, სადაც მანგანეცის მარაგია, თუმცა ეს ადგილები დაცარიელებულია და იქ, დღეს მხოლოდ ნასოფლარი და ნასახლარია.

„ჭიათურაში დაახლოებით 10 სოფელია, სადაც მანგანეცის მარაგია. შეიძლება ითქვას, რომ ნასახლარია, ნასოფლარია, უბედურება ტრიალებს, ბარბაროსების შემოსევაა ჭიათურაში. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ დროულია, დაგვიანებულია მსგავსი ტიპის ინიციატივები. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ გათავისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეების მოხმარება ისე, რომ სახელმწიფოს დარჩეს მოგება და არა - ვიღაც, კონკრეტულ ადამიანებს“, - ამბობს მიროტაძე.

მისივე თქმით, ეს პრობლემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან არსებობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობამაც არ გამოასწორა, თუმცა „ლელო საქართველოსთვის“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ბარბაროსობა დაამარცხოს.

„არსებობს კიდევ ერთი პრობლემა ქალაქში, 2019 წელს „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედის“  მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ „შპს“-ებად გადააქციოს მაღაროები, არავინ არ იცის, რატომ არის ეს „შპს“-ები, მაქვს გარკვეული ეჭვები, რის შესახებაც უახლოეს დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას, რაც ისევ და ისევ კორუფციას, გარიგებებსა და გაუგებრობებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მე ახლა მივმართავ ყველას ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, საზოგადოებაშიც, მძიმე მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებსაც, მთელ საქართველოს, ასეთი ინიციატივებით,  ქვეყანა ძალიან სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ კირიზისიდან, ძალიან სწრაფად უნდა დავუბრუნოთ ყველა მუნიციპალიტეტს თავისი სიმდიდრე.

სწორედ ასეთი თავგასულობა უნდა დავამარცხოთ 31 ოქტომბერს, ამიტომაც მოგმართავთ ყველას, იყავით ძალიან ყურადღებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში.

უნდა დასრულდეს ეს ბარბაროსობა ქვეყანაში, უნდა დასრულდეს ეს გაუგებრობა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა.

ეს პრობლემა არ დაწყებულა ახლა, ეს დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს!

საიდუმლო გრიფი ამ ბარბაროსულ ხელშეკრულებას დაედო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს!  

ეს საიდუმლო გრიფი არ გახსნა ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ“!

ეს საიდუმლო გრიფი უნდა გავხსნათ ჩვენ და აუცილებლად  გავხსნით!

ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ საკუთარ ქონებას ამ ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა მიროტაძემ საგანგებო ბრიფინგზე.