ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტი გააღვივა - გიგი უგულავა
ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტი გააღვივა - გიგი უგულავა

A+ A-

13:03 12/10/2020

ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტი გააღვივა, მან ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ ენმ ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც. ის, რაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120-30-ზე მიღების მერე, საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრის მომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით. სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერშიპიც.

ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილიც, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა. ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა – ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნება, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის წესი, მტერი აღმოჩნდა. ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე „ევროპული საქართველო“, შემდეგ „გირჩი“.

ანუ, სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი, სატახტოთა თამაშების (Game of Thrones) მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი:

ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების, ანუ ბიძინასა და ქოცების წინააღმდეგ, ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.

სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სია. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, ახლა რა ხდება, წავაგეთ? არა, რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება ამოფარებული. შვიდი წელია, ივანიშვილის თამაშია, აქეთ მე, იქით მიშა. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობერზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს, ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ „მეგატრონებს“ ეს საერთოდ არ ადარდებს.

გამოსავალი – ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალი ან ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა.

მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და პირადად მე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოთ აღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს.

მთავარი ამოცანაა – 1. ოცნება 40 პროცენტს ქვემოთ დარჩეს; 2. ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი; 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე.

დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილის ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა ადამიანი, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან.

ხოლო ჩვენ, ვისაც ოცნება ნაცებს გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკაში და ყოფაცხოვრებაში. ხალხი, ვინც სხვადასხვა პარტიაში ვართ და ცივილიზებულად შეგვიძლია თანაარსებობა. დიახ, ძალიან უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკშვილს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დღეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.