არჩევნების დღეს, ან წინა დღეებში უმძიმეს დაპირისპირებასთან გვექნება საქმე - ანი მიროტაძე "საოცნებო" "საჩხერის მოდელის" მძიმე რეალობაზე
არჩევნების დღეს, ან წინა დღეებში უმძიმეს დაპირისპირებასთან გვექნება საქმე - ანი მიროტაძე  "საოცნებო"  "საჩხერის მოდელის"  მძიმე რეალობაზე

A+ A-

19:00 29/09/2020

რა ხდება საოცნებო საჩხერეში, პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყნის მომავლის მოდელად რომ წარმოადგინა? არჩევნების დღეს, ან არჩევნების წინა დღეებში უმძიმეს დაპირისპირებასთან გვექნება საქმეაცხადებს  „ლელო საქართველოსათვისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ანი მიროტაძე  „2020NEWS“- თან და ისეთ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვის, საოცნებო ნამდვილად არ უნდა იყოს.

„ადამიანები ამბობენ,  ჩვენ ახლა ხმა სხვას რომ მივცეთ, ისინი - „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები გაიგებენ, საარჩევნო კაბინებში ვის მივცემთ ხმასო. შიში აქვთ, რომ  კაბინაში დამონტაჟებული იქნება კამერა,  ან რაღაც აპარატი, რომელიც გადაიღებს მათ ბიულეტენს და მმართველი პარტია გ შეიტყობს ინფორმაციას - მათი პოლიტიკური  არჩევანის შესახებ“, - ასე აღწერს ყოფილი ჟურნალისტი და მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლქში, მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ მხარეში არსებულ მდგომარეობასა და  წინასაარჩევნო გარემოს  საგენტოსთან საუბარისას.

ანი მიროტაძე: ჩემს საარჩევნო ოლქში ზოგადად, ძალიან დაშინებულია საზოგადოება. ადამიანებს, პირველ რიგში,  სოციალური დახმარებების მოხსნით აშინებენ,  ხოლო დასაქმებულებს  - სამსახურიდან გაშვებით. სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან  არა მხოლოდ მათ,   ვინც თვითონ არის დასაქმებული, არამედ მუქარა ხდება  ოჯახის წევრებით, ნათესავებით,  განსაკუთრებით,   შვილებსა და მეუღლეებზე.

ფიზიკური ზეწოლა და ხელების გადაგრეხა ჯერ არ დაწყებულა, ველოდები ამასაც, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, სიტუაცია უფრო დამძიმდება.

-თქვენ საარჩევნო ოლქ შემავა მუნიციპალიტეტში  პრობლემები იდენტურია თუ არის სპეციფიური თემები?

-ჩემი საარჩევნო ოლქში შედის ხარაგაული,  საჩხერე და ჭიათურა. ხარაგაულში ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და მმართველი პარტიის მერობის ყაჩაღი კანდიდატი,  მოქმედი მაჟორიტარი კობა ლურსმანაშვილი ატერორებს ხალხს,  ეუბნება, რომ თუ მხარს არ დაუჭერენ „ქართულ ოცნებას“,  ცუდად ექნებათ საქმე.

ჭიათურაში,  შეიძლება ითქვას,  „ქართული ოცნების“ სამი შტაბია გახსნილი;  ეს არის თვითონ „ქართული ოცნების“  შტაბი, ასევე, ფაქტობრივად, საშტაბო საქმიანობას ახორციელებს  ჭიათურის მერია, სადაც  ხდება ადამიანებზე ზეწოლა და ჯორჯიან მანგანეზის ოფისი, სადაც დასაქმებულია 3 700 ადამიანი,  და იქ   დასაქმებულ მაღაროს მუშებს ადმინისტრაციის საშუალებით ეუბნებიან,  რომ რამე არ შეეშალოთ და „ქართული ოცნების“ გარდა, სხვას არ მისცენ ხმა.

ეს არის ძალიან თვალშისაცემი ზეწოლა და მუშებიც არ მალავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაღაროს დირექტორის მხრიდან,  მიმდინარეობს მათი დაბარებები და  მოთხოვნა, ორივე ბიულეტენში აუცილებლად 41 ნომერი შემოხაზონ.

რაც შეეხება საჩხერეს, აქ არა მხოლოდ აშინებენ ადამიანებს,  არამედ,  სრული პასუხისმგებლობით  ვაცხადებ,  რომ მე მისმენს ოდიოზი გრიგოლ ლილუაშვილის უწყება.

საკმარისია, ტელეფონით დავურეკო ადამიანებს და ვესაუბრო, რომ მაშინვე მათზე ხდება ზეწოლა. ამ  ადამიანებს აიძულებენ,  შეწყვიტონ ჩემთან კონტაქტი. ასეთი ათეულობით ფაქტი მაქვს,  მაგრამ ვერ ვასაჯაროებ კონკრეტული სახელებით ადა გვარებით, იმ უბრალო მიზეზის გამო,  რომ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ლაპარაკი არ არის იმ ადამიანებზე,  ვინც მოდის ჩემთან ოფისში, უმეტესობას მეორე დღეს, პრაქტიკულად, ვეღარ ვპოულობ, რადგან მათზე საშინელი ზეწოლა მიდის.  ეს ხდება საოცნებო საჩხერეში,  „ქართული ოცნება“  საქართველოს მომავლის მოდელად რომ გვისახავს,  იმ საჩხერეში.

მივმართავ საზოგადოებას, აქ ადამიანები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“  უჭერენ  მხარს, მაგრამ ამას აცხადებენ ღიად,  სხვის გასაგონად, რადგან  ხმამაღლა თავიანთ პრობლემებზე  ვერ საუბრობენ და ჩუმად გეუბნებიან,  უმძიმეს მდგომარეობაში ვართო.  მეტი ზეწოლა რაღა უნდა იყოს?ა რით განსხვავდებიან დღევანდელი მმართველები  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისაგან?  

-თქვენ არჩევნებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდით, მათ შორის - 2012  წლის გადამწყვეტ არჩევნებში - „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და ასევე 2016 წელს, როდესაც უკვე  ოპოზიციაში იყო გადასული თქვენი პარტია „ეროვნული ფორუმი“. თუ შეადარებთ წინა არჩევნების  სიტუაციას, წელს როგორი საარჩევნო გარემოთი ხვდება 2020-ის არჩევნებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მხარე?

-ასეთი შეშინებული, ასეთ დაზომბებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არ მახსოვს 2012 წელს და  2016 წელსაც ნამდვილად არ იყო  ასეთი მდგომარეობა  ადამიანები ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს, ვერ ამბობენ, რა უნდათ, როგორ უნდათ, თორემ ყველა ფიქრობს იმაზე, რომ არსებული სიტუაცია შესაცვლელი და ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება.

- როგორია თქვენი მოლოდინი?

-მე არ ვიცი, რა მოხდება. ადამიანები ამბობენ,  ჩვენ ახლა რომ ხმა სხვას მივცეთ, ისინი - „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები გაიგებენ, საარჩევნო კაბინებში ვის მივცემთ ხმასო. შიში აქვთ, რომ  კაბინაში დამონტაჟებული იქნება კამერა,  ან რაღაც აპარატი, რომელიც გადაიღებს მათ ბიულეტენს და მმართველი პარტია შეიტყობს ინფორმაციას - მათი პოლიტიკური  არჩევანის შესახებ.

ბუნებრივია, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირს იმის დაჯერება, არჩევნების მეორე დღეს არ მიაკითხავენ და მათზე ზეწოლას არ მოახდენენ.

ხშირ შემთხვევაში ადამიანები გვეუბნებიან, ვერ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ გვინდა , პრობლემები შეგვექმნასო .

მე არ ვიცი, როგორი მდგომარეობა იქნება  არჩევნების დღეს, ან არჩევნების წინა დღეებში, ეჭვი არ მეპარება ,რომ უმძიმეს დაპირისპირებასთან გვექნება საქმე.

რაც ახლა ხდება,  ეს მაფიქრებინებს, რომ დიდი დაპირისპირებისთვის ემზადება მმართველი გუნდი. წავლენ ყველაფერზე.

მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ემიგრაციაში წასულ ადამიანებს, აქედან  რომ გაყარეს თავიანთი უტვინო პოლიტიკის გამო, ახლა ურეკავენ  და ეუბნებიან,  გაიარონ ათობით კილომეტრი იმისათვის -  „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა.

მითითება აქვთ უბნის უფროსებს, მაქსიმალურად  მოახდინონ ზეწოლა და გავლენის ქვეშ ყავდეთ ადამიანები. დავდივარ ახლა და ვეძებ ისეთ ადამიანს, „ქართულ ოცნებას“ გულწრფელად რომ უჭერდეს მხარს , მაგრამ ასეთი ჯერ არ შემხვედრია.

- ალბათ, „ქართული ოცნებისათვის პრესტიჟის საკითხიცაა, რომ საჩხერეში მაღალი პროცენტით მოიგოს?

-პრესტიჟის საკითხი ისიცაა, რომ მონობაში არ ამყოფო შენი ხალხი, სიღარიბეში, გაჭირვებაში, შიმშილსა და შიშში არ გყავდეს ისინი და არა ის - მაღალი პროცენტი დაიწერო არჩევნებში.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ურთულეს რეგიონში ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, არ ვიბრძოლო. ვიბრძოლებ, პირველ რიგში,  ამ ხალხისათვის, მათი გათავისუფლებისათვის ამ საშინელი წნეხისგან.

საჩხერეში  ბიძინა ივანიშვილს მართლა აქვს  სიკეთე გაკეთებული, მაგრამ ამით სარგებლობენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები, თვითონ ჭამენ და ხრავენ საჩხერის ბიუჯეტს, ამ ადამიან ებს კი აყვედრიან,  რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა, ყოფილმა ქველმოქმედმა  9  თუ  10  წლის წინ გაუკეთა რაღაც, თორემ ახლა არავის აღარაფერს უკეთებს.

როგორც ამბობენ, ჭორვილაში აძლევენ 200-200 ლარს ადამიანებს, თუმცა ამის შესახებ ღიად არავინ საუბრობს და დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია.

მე ვერ გავიგე,  ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლოდე უნდა იყვნენ „ქართული  ოცნების“ მადლიერი, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ ოდესღაც დაეხმარა და ხელი გაუმართა?

ქველმოქმედება  ცოტა სხვა რამეა,  დამადლებისა და შემდეგ ვალდებულებების  აღების გარეშე.

ირინა მაკარიძე