"აზერბაიჯანი უპასუხოდ არ დატოვებს სომხეთის ქმედებებს"
"აზერბაიჯანი უპასუხოდ არ დატოვებს სომხეთის ქმედებებს"

A+ A-

13:06 27/09/2020

აზერბაიჯანი უპასუხოდ არ დატოვებს სომხეთის ქმედებებს, ამ დროისთვის აზერბაიჯანის არმია მოწინააღმდეგების პოზიციებზე იერიშს ახორციელებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეტევების შედეგად მტრის სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა.

"ეს არის სომხური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, ბოლო დროს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ პროვოკაციებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. ივლისის თვეში სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით ისევ არტილერიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩვენი სამხედროები და ერთი მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა. არავისთვის საიდუმლო არ არის რომ ცეცხლი, მათ შორის ცეცხლი არტილერიიდან სომხეთმა გახსნა და პირველი გარდაცვლილებიც აზერბაიჯანის სამხედროები იყვნენ. აზერბაიჯანმა მტერს საკადრისი პასუხი გასცა და მათ ერთი სანტიმეტრითაც წინ ვერ წამოიწიეს. მტერი გაჩერებული იქნა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნა. ჩვენი საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხური მხარე იძულებული გახდა მწარე დამარცხებას შეგუებოდა.

მე ამის შესახებ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები შეგვეძლო, ჩაგვეტარებინა, მაგრამ ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, მაშინ რამდენიმე დღეში ცეცხლი შეწყდა.

რა მიზანი აქვს სომხეთს ამ პროვოკაციებს? უპირველეს ყოვლისა, მათ გეგმებში შედის აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია და ამას არ მალავენ. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამჟამინდელი პოლიტიკაა ახალი მიწების ოკუპაცია. კიდევ ერთი მიზეზი არის სომხური მოსახლეობის ყურადღების გადატანა ქვეყანაში არსებული სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებისგან და აზერბაიჯანის პიროვნებაში მტრის იმიჯის შექმნა. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ სომხეთი ცდილობს რაიმე გზით ჩაშალოს მოლაპარაკებების პროცესი და შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებას მიაღწია", - განაცხადა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.