რატომ არის 109 მოსამართლის ადგილი ვაკანტური? - ნაზი ჯანეზაშვილი საკადრო დეფიციტზე
რატომ არის 109 მოსამართლის ადგილი ვაკანტური? - ნაზი ჯანეზაშვილი საკადრო დეფიციტზე

A+ A-

13:10 25/09/2020

სასამართლოები მოსამართლის გარეშეა დარჩენილი და მოქალაქეები კი, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი წერს.

მისივე თქმით, სასამართლებში მოსამართლეთა 109 ადგილია ვაკანტური.

“მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები - 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან.  

მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების პოლიტიკამ,  სასამართლოს სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რაც სასამართლოში არსებული უმთავრესი პრობლემების უგულებელყოფის შედეგია. გარდა იმისა, რომ არ არის მიღწეული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურებაც მოქალაქეებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ახერხებს დღევანდელი სასამართლო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას“, - წერს ჯანეზაშვილი.

 მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა და 109 ადგილი ვაკანტურია. ჯანეზაშვილის განცხადებით, ქვეყანას მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს და ეს კი სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია.

“სასამართლო სისტემის ფუნქციონირების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა რაოდენობას. დღეისათვის საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა, რადგან 109 ადგილი ვაკანტურია.

ვაკანსიების უპრეცედენტო რაოდენობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს, რაც სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია. ამასთან, მოსამართლეთა მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევას ეხება იმ საჩივრების დიდი ნაწილი, რომლითაც მხარეები ან მათი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავენ“, - წერს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის არამოსამართლე წევრის განცხადებით, ეს ყველაფერი მოსამართლეთა ე.წ. კლანთან პირდაპირ კავშირშია.

“მოსამართლეთა ე.წ. კლანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეების (ასევე, შესაბამისი მოხელეების) დასამატებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსები; მიუხედავად ამისა, გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა იმ მოსამართლის ბედი, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური საჩივარი არსებობს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელშია, რაც ე.წ. კლანს სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, სხვა ქალაქების საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეების ნაკლებობებზეც წერს.

“მოსამართლეთა სიმცირის თვალსაზრისით არასახარბიელო ვითარებაა გამორჩეულად დატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 24 ვაკანსიაა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს კი, 16 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოქმედი მოსამართლე ჰყავს.

განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება სხვა სასამართლოებში, რადგან:

მოსამართლე არ ჰყავს - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

სასამართლოებს მაგისტრატი მოსამართლეები არ ჰყავს 26 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: აბაშაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალგორში, ახმეტაში, ბორჯომში, გარდაბანში, დედოფლისწყაროში, დმანისში, დუშეთში, ვანში, თერჯოლაში, თიანეთში, მარნეულში, მესტიაში, ნინოწმინდაში (ახალქალაქი), ონში, ქედაში, შუახევში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, წალკაში, ჭიათურაში, ხარაგაულში, ხობში, ხონში“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლოებში ქაოსურად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას.  

“სასამართლოებში ქაოსურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. მაგალითად, ის მოსამართლე, ვინც სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმეებსაც იხილავს ან რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებენ.