ფუი მას, ვინც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში ხაბელოვს ხმა მისცა - სკანდალური ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონთან
ფუი მას, ვინც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში ხაბელოვს ხმა მისცა - სკანდალური ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონთან

A+ A-

15:41 23/09/2020

„ფუი, მას,  ვინც ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების დროს ლერი ხაბელოვს ხმა მისცა“, - ასე ეხმიანება ყოფილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებს და აცხადებს, რომ პრობლემა სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლა კი არა, არამედ შემდგომში მათი საქმიანობაა.

მსოფლიო ჩემპიონი თავად პოლიტიკოსობას არ აპირებს. „ჭრელ ხალხში ყოფნა არ მიყვარს, ამიტომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“, - განაცხადა მან “2020NEWS“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, პარლამენტში განათლებული სპორტსმენები უნდა იყვნენ და არა - ზონდერები, რომლებიც ხალხის ცემით არიან დაკავებული.

რამაზ ნოზაძე: იმ სპორტსმენებიდან, რომლებიც ახლა მონაწილეობენ არჩევნებში,  ყველაზე შედეგიანი მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიაა,  კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ძალიან შედეგიანი არ არის, არც - რაგბისტი დავით კაჭარავა.

პოლიტიკაში მოსვლა რადგან გადაწყვიტეს, მინდა,  წარმატებები ვუსურვო. იმედის თვალით ვუყურებ და მინდა, რომ ეს იმედი გაამართლონ.  პრობლემად არ ვთვლი, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან.

ამ სპორტსმენებზე  არა, მაგრამ  პარლამენტარ სპორტსმენ ლერი ხაბელოვზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც სწორედ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის არის პარლამენტში შესული.  ხაბელოვი ოლიმპიურ კომიტეტს „მოაჯდა“. 

ახლა პარლამენტის მიღმა რჩება, მოასწრო და გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ  პანდემის გამო, არჩევნები ახლა  ჩაატარა.

მესამედ ვადით გახდა პრეზიდენტი. ისე გააკეთა, რომ მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო.  

იქ დამსახურებული სპორტსმენებიც დავინახე, მაგრამ ფუი ამათ,  ვინც მას ხმა მისცა,  მიმიფურთხებია ასეთი არჩევნებისთვის, ასეთი პრეზიდენტისთვის და ვინც ის აირჩია,  იმ ხალხისთვისაც.  ვერ ვხდები,  ამ ნაძირალას როგორ უჭერენ მხარს.

-თვლით, რომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები პოლიტიზირებული იყო?

-ზუსტადაც, რომ პოლიტიზირებულია. საერთოდ,  ლერი ხაბელოვს პოლიტიკაში რა უნდოდა?

- თქვენი აზრით, პოლიტიკაში ახლა წასული სპორტსმენების სპორტული კარიერა ხომ არ დაზარალდება მათი ამ ნაბიჯით?

-მაშინ ასე გეტყვით, დამსახურებული სპორტსმენი, რომელმაც კარიერა დაასრულა, შემდეგ რა უნდა ქნას?! რატომ მიაჩნიათ, რომ სპორტსმენი ადამიანი პოლიტიკაში თუ წავა, ცუდია. ვერ ვხდები, ასე რატომ აზროვნებენ.

-ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან. როგორ ფიქრობთ, რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს, პარტიებს სჭირდებათ ისინი ხმებისთვის, თუ პირიქით - პოლიტიკაა მათი მოწოდება?

-სპორტსმენები დიდი ხანია პოლიტიკაში არიან - ეს ყოველთვის იყო და იქნება. არ მესმის, ახლა რატომ დაიწყო ეს აჟოტაჟი? ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესს ბოლო პერიოდში სპორტსმენების მიმართ  ცუდი რაღაცეები დაემთხვა  - ძალადობები, ციხე და ა.შ.  

ეს ძალადობები დამსახურებული  სპორტსმენების მხრიდან კი არა, იყო ისეთი ხალხისგან,  ვისაც დაუწყია სპორტული კარიერა, თუმცა, შემდეგ თავი მალევე დაუნებებია. ასეთი ადამიანები სპორტსმენები არ არიან.

თუმცა, პოლიტიკაში ყველანაირი ადამიანი უნდა იყოს,  ვისაც  პოლიტიკური აზროვნება შეუძლია. ჩემი გადმოსახედიდან პრობლემა არ არის, რომ სპორტსმენი პარლამენტში მიდის. უბრალოდ, მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს. პარლამენტში შეხვიდე, დაჯდე და ხმა არ ამოიღო,  ასე არა. უნდა შეხვიდე იმის გამო, რომ რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ.

-როგორ ფიქრობთ,  პოლიტიკაში ახლა შემოსული სპორტსმენები პარლამენტში საქმეს ნამდვილად გააკეთებენ, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთვებიან?

-მე ვიცი სპორტსმენები, რომლებიც უზომოდ განათლებულები არიან,  თავისი ხედვა აქვთ და შეუძლიათ,  კარგი საქმეები გააკეთონ. სპორტსმენები პოლიტიკაში ცუდი არ არის, პირიქით,  კარგიც შეიძლება იყოს.

ნახეთ, რა მომენტია, როდესაც დამსახურებული სპორტსმენი პარლამენტში იქნება, რუსეთთან მოლაპარაკება შეეძლება. სპორტსმენებს ამის პრობლემა არ ექნებათ, რადგან ბევრი დამსახურებები აქვთ, მოუსმენენ მათ სიტყვებს.

შეიძლება,  ჩვეულებრივ ადამიანს არ მოუსმინონ და ჩემპიონს მოუსმენენ. ეს ცუდი არ არის.

ისეთი სპორტსმენები არ უნდა წავიდნენ პოლიტიკაში, რომლებიც ზონდერებად ჩამოყალიბდნენ.  ესენი არიან დაუმსახურებელი სპორტსმენები. მათ შეუძლიათ ხალხს ხელი გაარტყან,  ეს მომენტები არ უნდა იყოს.

-საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში იმიტომ მოდიან,  შემდეგ თავიანთი სფეროს ფედერაციების პრეზიდენტები გახდნენ...

-ამაში ვერ დაგეთანხმებით.  ამის მაგალითია, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, რომელმაც მიაღწია წარმატებებს, შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც გახდა და საკმაოდ წარმატებულად  გაართვა საქმეს თავი.  მანუჩარს არ უჭირს ოჯახის რჩენა.

სხვათაშორის, ის სიტყვის კაცია,  იცის საქმის კეთება. მანუჩარი პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ პრეზიდენტი კი იყო.

-თქვენ ახსენეთ ზონდერი სპორტსმენები და ასევე ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდნენ მოძალადე სპორტსმენები.  სასტიკად მოკლულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რაგბისტები არიან დაკავებულები. რატომ იმატა სპორტში ძალადობამ?

- დანაშაულთა პროცენტულობა რომ ვნახოთ, სპორტსმენების მიერ ჩადენილი დანაშაული, დაახლოებით , 0.1%-ია. საკუთარ თავზე გეტყვით. ჩემი სპორტი ძალისმიერი სპორტია. მე რომ ჩემი ძალა გარეთ გამოვიყენო, შეიძლება ვიღაცისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდეს. აქედან გამოდინარე, როდესაც ჭიდაობა დავიწყე, ყველანაირ ძალადობას ხაზი გადავუსვი.  არა ძალადობას!.

-თავად თუ გიფიქირიათ პოლიტიკაში წასვლა?

- მარტო კუნთმაგარი სპორტსმენი არ ვარ, დრო სწავლასაც დავუთმე. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს, მაგრამ ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ნაყიდდიპლომიანი პოლიტიკოსი გამოდის, იქ მიჩნდება კითხვა, ეს პარლამენტში რატომ უნდა იყოს? მასზე ნასწავლი ხომ მე ვარ? გეტყვით, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ჭრელ ხალხში ყოფნა არ მიყვარს, ამიტომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ.  ვნახოთ,  მომავალში რა იქნება.