საქართველომ საკუთარი ქვეყანა თავად უნდა ააშენოს - კონდოლიზა რაისი
საქართველომ საკუთარი ქვეყანა თავად უნდა ააშენოს - კონდოლიზა რაისი

A+ A-

10:35 05/08/2020

"საქართველომ საკუთარი დემოკრატია თავად უნდა ააშენოს. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა.

„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია, დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს სად უნდა მოხდეს პუტინის შეკავება.

„ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და მათი უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატო-ში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს.

„რუსი ხალხის მიმართ მეტად ნიუანსური [მიდგომა] და მათი წახალისება გვჭირდება, ვისაც სხვანაირი რუსეთის ხილვა სურს“, – აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ შეიძლება საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ. „იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად] რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა.“