67%-"ქართული ოცნება", 21%-"ლელო" - პარტიებმა 6 თვეში 7-მილიონიანი შემოწირულობა მიიღეს
67%-"ქართული ოცნება",  21%-"ლელო" - პარტიებმა 6 თვეში 7-მილიონიანი შემოწირულობა მიიღეს

A+ A-

11:01 05/08/2020

2020 წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულებების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა განაცხადა, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოსავლის სახით 12 878 002 ლარი მიიღეს, მათ შორის შემოწირულებებმა 7 004 696 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოწირულებების გადანაწილებას პოლიტიკური პარტიების მიხედვით, შემოწირულებების 67% მიღებული აქვს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს", შემდეგია „ლელო საქართველოსთვის", რომელმაც 2020 წლის 6 თვეში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების 21% მიიღო, შემოწირულებების 7% აქვს მიღებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 2-2% მოდის "ევროპულ საქართველოსა" და „საქართველოს პატრიოტთან ალიანსზე".

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ხარჯებს, მიმდინარე წლის 6 თვეში მათი ხარჯები 12 მილიონ ლარს აჭარბებს და მათ შორის რეკლამის ხარჯი 1 მილიონ ლარამდეა.

ბესიკ ქოჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სულ 263 პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული და მათ შორის აქტიურია 80. 2020 წელს 13 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა.

2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე მიღებული განაცხადების რაოდენობა კი 68-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, გასულ წელს, პარტიების შემოსავალმა 20 929 484 ლარი შეადგინა.

ყველაზე დიდი შემოსავალი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 9 502 653, რაც სრული ფინანსების 45% -ია. მეორე ადგილზეა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“-1 676 618 ლარი, შემოსავლის 8% „ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი ( 8%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -1 489 828 ლარი (7%), „მოძრაობა ლელო“ – 520 000 (2%), სხვა პარტიები – 6 097 286 (29%).

2019 წელს პარტიებმა შემოწირულობის სახით 8 464 241 მლნ ლარი მიიღეს. ამ თანხებიდან შემოწირულობის ყველაზე დიდი წილი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.

აუდიტის სამსახურის ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს -7 036 166 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო, „ლელომ“ – 520 000, რადგან მას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს, „ევროპული საქართველო“ 289 982, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 274 953,„პატრიოტები“ -33 000, სხვა პარტიების შემოწირულობა -310 140.