რას ემსხვერპლა გუბერნატორი ჯაფარიძე - გაბრაზებულ პრემიერს, სტიქიას თუ საარჩევნო ხმებს?
რას ემსხვერპლა გუბერნატორი ჯაფარიძე - გაბრაზებულ პრემიერს, სტიქიას თუ საარჩევნო ხმებს?

A+ A-

19:01 31/07/2020

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქალაქებისა და რაიონების მერების უმეტესობა დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ, დღეს მათ რიგებს გუბერნატორი შეუერთდა. უბრალო დამთხვევა თუ ოცნებისწმენდა’’? რაზე გაბრაზდა რაჭაში პრემიერი გიორგი გახარია?

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მერების მიერ თანამდებობების დატოვების პროცესს მოახლოებულ არჩევნებს, მათ დაბალ რეიტინგსა და ნდობის ხარისხს უკავშირებს.

დღეს, 31 ივლისს, თანამდებობა კიდევ ერთმა რეგიონალურმა მაღალჩინოსანმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციას დღეს აცნობა.

საინტერესოა, რომ რეგიონის პირველი პირი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სტიქიის ზონაში ჩადის და  ადგილზე იღებს ინფორმაციებს, თანაც ყველაფერზე.

გადადგომის ნამდვილი მიზეზი უცნობია, თუმცა, გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლა სტიქიის შედეგების გასაცნობად ჩასული პრემიერისთვის მის საქმიანობაზე უარყოფითი ინფორმაციების მიწოდებაც სახელდება.

ჩვენი ინფორმაციით, ამ რეგიონში საარჩევნო ხმების მოგროვების პროცესში შექმნილი საფრთხეები გახარიამ თვალნათლივ დაინახა და შესაბამისად, ჯაფარიძეც წავიდა.

რაჭაში წინასაარჩევნო სიტუაცია „ქართული ოცნებისთვის“ მას შემდეგ გართულდა, რაც იქ ჰესის მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი, სტიქიამ და მისმა შედეგებმა კი ისედაც გართულებული მდგომარეობა,  კიდევ უფრო დაამძიმა. ეს ყველაფერი პრემიერმა კარგადაც დაინახა, გაბრაზდა კიდეც  და გუბერნატორის პოსტზე ახალი კადრის დანიშვნის მიზანშეწონილობაშიც დარწმუნდა.

საინტერესოა, რომ გუბერნატორის გადადგომის შესახებ ადგილობრივმა მერებმაც არაფერი იცოდნენ. ზოგი სტიქიის ადგილას იმყოფებოდა, ზოგიც სამუშაო კაბინეტში, მაგრამ მედიისგან იტყობდნენ ჯაფარიძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

როდესაც „2020NEWS” ამბროლაურის მერს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, აღმოჩნდა, რომ ამ რაიონში გუბერნატორის თანამდებობიდან  წასვლის თაობაზე, მხოლოდ „ჭორის დონეზე“ იცოდნენ.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე მუდამ საუკეთესოდ ასრულებდა თავის მოვალეობას“, - ამის შესახებ ამბროლაურის მერმა, ზვიად მხეიძემ სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა.

ასეთია ოცნების მერებისა და გუბერნატორების წინასაარჩევნო ისტორია. როგორც უკვე ცნობილია 4 წარმატებული გუბერნატორი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად  დაასახელა, დანარჩენებს კი, განსაკუთრებით - „სუსტებს“, სავარუდოდ,  კიდევ მიხედავენ და სახლებშც გაუშვებენ, თუ საჭიროდ ჩათვალეს..

ცნობისთვის, მერის სავარძელი ხარაგაულშიც გათავისუფლდა, სადაც თანამდებობა  ნიკოლოზ თოფურიძემ ერთწინადადებიანი განცხადებით დატოვა. პოლიტიკური განაჩენი ხარაგაულის მერს მისი დაბალი რეიტინგისა და უნდობლობის გამო გამოუტანეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  მერის საქმიანობას დადებითად, მისივე თანაგუნდელებიც კი ვერ აფასებდნენ.

პირველი  მერი რომელმაც ზესტაფონის მერობის თანამდებობა დატოვა  კახაბერ მახათაძე იყო, მას ჯერ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიჰყვა, შემდეგ  ონის მერი ემზარ საბანაძე, მას შემდეგ  კი თანამდებობა ბათუმის მერსაც დაატოვებინეს.

თანამდებობიდან გადაყენებული მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ და  მათი უმეტესობა  წასვლის მიზეზად აკადემიური საქმიანობით დაინტერესებას, სწავლას, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მერების გადადგომასთან დაკავშირებით, ბევრი ეჭვი დაბადა საზოგადოებაში. რას უკავშირდება მერების „წმენდა’’, ეს უბრალო დამთხვევაა თუ  საქმის მიმართ მათი არასერიოზული მიდგომით გამოწვეული შედეგი?!

ხატია მამულია