არის თუ არა არამოსამართლე წევრი ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესავი?
არის თუ არა არამოსამართლე წევრი ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესავი?

A+ A-

13:00 31/07/2020

არის თუ არა არამოსამართლე წევრი ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესავი?  - იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნულ თამარ ღვამიჩავასთან დაკავშირებით ახალ კითხვას სვამს და აკონკრეტებს,  რომ ზოგადად მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში კი არა, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰყავს თუ არა გავლენიანი ნათესავი ღვამიჩავას,  ეს საკითხი უნდა გაირკვეს.

მისივე თქმით, მოსამართლეთა კლანმა  ამ კანდიდატურის დანიშვნით თავისი ძალაუფლება გაიმყარა, ღვამიჩავასნაირი პიროვნება კლანს ყოველთვის კომფორტს შეუქმნის.

“2020NEWS“ მოსამართლეთა კლანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ნაზი ჯანეზაშვილთან. 

 

-ვინ არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშნული თამარ ღვამიჩავა?

-თამარ ღვამიჩავა საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა და მოსამართლეთა კლანისთვის მეათე ხმაა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ეტაპობრივად,  ყველა არამოსამართლე წევრს გადის უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, არც კლანმა და არც ქვეყანაში არავინ იცის, რა მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება“ ისევ  დაეხმაროს კლანს და პარლამენტიდან აურჩიოს ისეთი კანდიდატები, რომლებიც მათ კომფორტს შეუქმნიან.

ვინაიდან კლანმა წინასწარ არ იცის,  ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება როგორ განვითარდება, ამიტომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, საქართველოს პრეზიდენტი ვის დანიშნავდა ამ თანამდებობაზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,  კლანის თანხმობის გარეშე  ბუზიც კი ვერ შემოფრინდება ახლა. გარდა ამისა,  კითხვა,  რომელიც მე დავსვი, ლეგიტიმურია და თამარ ღვამიჩავას ნათესავზე  რომ ვსვამ ამ კითხვას, საუბარი მაქვს,  კლანის ერთ-ერთ აქტიურ წევრზე. მის ვინაობაზე და ამ კითხვაზე პასუხი თავად თამარ ღვამიჩავამ  უნდა გასცეს.  მე ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი. მტკიცებულებებიც არ მაქვს, მხოლოდ კითხვას ვსვამ.

-გააქვთ საფუძველი ამ კითხვის დასმის?

-რა თქმა უნდა. ამ კითხვებს თავისი საფუძველი აქვს და და ჰაერზე არ ვკითხულობ. ჩემი კითხვა მარტო იმაზეა, არის თუ არა ის კლანის წევრი. დავაკონკრეტებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესავია.

მეორე შეკითხვაც  მაქვს, აღიარებს თუ არა ღვამიჩავა, რომ სისტემაში არის მოსამართლეთა კლანი?

ეს კითხვები იმიოტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღვამიჩავას აქვს მეათე ხმის დანიშნულება. მას სხვა დანიშნულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ აქვს.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მისი დანიშვნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანმა გაიმყარა თავისი ძალაუფლება.

-თამარ ღვამიჩავას შესახებ კონკრეტულად კიდევ რა ინფორმაციას ფლობთ? რას საქმიანობდა?

-არავის გაუგია ღვამიჩავას შესახებ რამე. არასოდეს ამოუღი ხმა და არასოდეს აწუხებდა, რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში, არ აწუხებდა, რა ხდებოდა მოსამართლეების მიმართ.

თუნდაც, გიორგი რურუას სასამართლო განაჩენს, რამე გამოხმაურება მოჰყვა მისი მხრიდან?! არაფერი.

ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები დემოკრატიას აზარალებენ,  ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კლანისთვის ღვამიჩავა.

გამოდის, რომ ღვამიჩავასნაირი პიროვნებები კლანს კომფორტს უქმნიან. პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, თუ რატომ დანიშნა სრულიად გაუმჭირვალედ ღვამიჩავა.

არ გამიგია მისი ხმა სასამართლოსთან მიმართებაში. საერთოდ, ეს ადამიანი კარიერულად არსად შემხვედრია. რატომ გამოარჩია მაინცდამაინც ის პრეზიდენტმა, ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა უნდა გასცეს პასუხი.

-კონკრეტულად იცით, ღვამიჩავა ვისი ნათესავია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიდან?

-ამ კითხვაზე პასუხი ღვამიჩავამ უნდა გასცეს. მე ვსვამ კითხვას, არის თუ არა ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესავი.

-თქვენ ეს ინფორმაცია დაზუსტებით იცით?

-ვერაფერს გეტყვით იმაზე მეტს, ვიდრე კითხვის დასმის. მე რომ შემეძლოს ამის თქმა, აუცილებლად ვიტყოდი. ნეპოტიზმზე ძალიან ბევრი ინფორმაცია  საჯაროდ გამოვიტანე და ახლა რომ შემეძლოს თქმა, აუცილებლად ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში.

-ქალბატონო ნაზი, გამოდის,  რომ ბრძოლაში მარტო დარჩით...

-ცხადია,  დიდი ხანია ასეა. მიჩვეული ვარ მარტო ბრძოლას.

-თქვენ ახსენეთ, რომ არჩევნების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, ანუ თქვენც და ღვამიჩავასაც?

-ღვამიჩავა 4 წლის ვადით არის დანიშნული, ამიტომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კლანს აქვს გარანტირებული ღვამიჩავას ხმა. რაც  შემეხება მე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მიწყდება უფლებამოსილებას. 2017 წლის ივლისში ამირჩიეს და უფლებამოსილება 2021 წელს მიწყდება.

-თუ იცით რამდენ წევრს უწყდება უფლებამოსილება?

-საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.