სამწუხაროა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება არბიტრაჟში დავასთან დაკავშირებით - ვიცე-პრემიერი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე"
სამწუხაროა, რომ  მიიღეს გადაწყვეტილება არბიტრაჟში დავასთან დაკავშირებით - ვიცე-პრემიერი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე"

A+ A-

11:30 31/07/2020

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა, ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაყოვნოს.

ცქიტიშვილი  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავარი უცხოელი ინვესტორის გადაწყვეტილებას   საარბიტრაჟო სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით „სამწუხაროს“ უწოდებს.

„სამწუხაროა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება არბიტრაჟში დავასთან დაკავშირებით, რადგან არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ საარბიტრაჟო პროცესმა, შესაძლოა, შეაყოვნოს ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი. რაც შეეხება დანარჩენ კომენტარს, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი უკვე არბიტრაჟში არის შესული, ნებისმიერი დამატებითი სახის კომენტარისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მთავარი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო სარჩელით საქართველოსგან 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორიცუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონსორციუმმა და ADC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.