ჭანკოტაძემ ხელთათმანი ლილუაშვილ-კალაძეს ესროლა - სუსისა და ჯარის გადამწყვეტი ბრძოლა ქართული ხმების აკომპანიმენტით
ჭანკოტაძემ ხელთათმანი ლილუაშვილ-კალაძეს ესროლა - სუსისა და ჯარის გადამწყვეტი ბრძოლა ქართული ხმების აკომპანიმენტით

A+ A-

18:51 30/07/2020

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამვარსკვლავიანმა გენერალ-ლეიტენანტმა, დევი ჭანკოტაძემ საარჩევნო ხელთათმანი, არც მეტი და არც ნაკლები, სუსის უფროსს, გიორგი ლილუაშვილსა და თბილისის სამტრედიელ მერს, კახი კალაძეს ესროლა და თვალი იმ საარჩევნო ოლქს დაადგა, სადაც ლილუაშვილი-კალაძისთვის გამარჯვება მუნდირის ღირსების საკითხია.

ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში სუსსა და ჯარს შორის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება,  ქართული ხმებისადა პარლამენტში ბიძინა ივანიშვილისპირადი ხმის, გივი ჭიჭინაძის აკომპანიმენტით. როგორც უკვე ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ მომღერალი ჭიჭინაძე დაასახელა ამ ოლქში კანდიდატად, თუმცა, მის ნაცვლად იქ ომს სუსის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და დედაქალაქის სამტრედიელი მერი კახი კალაძე  გააჩაღებენ სამვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტის, დევი ჭანკოტაძის წინააღმდეგ.

უნდა ითქვას, რომ ლილუაშვილის წყალობით, ჭიჭინაძეს ცალკე ვანი-ხონის ოლქი უკვე მოგებული აქვს, თუმცა, ამ გაერთიანებულ ოლქშიც უპირობო მხარდაჭერა ექნება არა მარტო სუსის ვანელი უფროსისგან, არამედ  დედაქალაქის სამტრედიელი მერისგანაც.

ვანი-ხონის ოლქს საინტერესო საარჩევნო ისტორია ნამდვილად აქვს. ეს ოლქი, როგორც მაჟორიტარს, სუსის პირველ პირს, გრიგოლ ლილუაშვილს უკვე მოგებული აქვს. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გახდა. თუმცა, პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუსის მაშინდელი უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. 

მას შემდეგ, რაც ბევრმა „საარჩევნო წყალმა“  ჩაიარა და ლილუაშვილი უკვე  თავად გახდა სუსის უფროსი, ნაკლებად სავარაუდოა, თავისი საარჩევნო ოლქი 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციას ამ მაღალი თანამდებობიდან დაუთმოს.

მით უმეტეს, თუ ის ამ არჩევნებისთვის, როგორც სააგენტოს წყარო იუწყება, პირდაპირ პრემიერის პოსტს დაიკავებს და ამ ეტაპზე მმართველი ოლიგარქის კარზე, პრემიერობის კანდიდატთა მარათონში დაწინაურებულ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს კვლავ უკან დაახევინებს.

ვანი-ხონთან მიერთებულ სამტრედიის საარჩევნო ოლქს რომ თბილსის მერი კახა კალაძე არ დათმობს და გივი ჭიჭინაძისთვის ხმების უმრავლესობის მოპოვებაზე დადებს თავს, არც ესაა გასაკვირი ამბავი, მაგრამ ახლა ლილუაშვილ-კალაძეს საქმე ჭანკოტაძემ ნამდვილად გაურთულა.

ამ ფონზე კი, ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში ოპოზიციისთვის ლილუაშვილის მიერ ოპოზიციისთვის „ანთებული წითელი“ უკვე არც ისე წითლად გამოიყურება, რადგან ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ხომ იქ საბრძოლველად გენშტაბის ყოფილი უფროსი, აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა და საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი გაუშვა.

რუსა მუმლაძე