სასამართლომ პატარკაციშვილის საქმეზე ლევან ქარდავა დამნაშავედ ცნო
სასამართლომ პატარკაციშვილის საქმეზე ლევან ქარდავა დამნაშავედ ცნო

A+ A-

17:00 27/07/2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა დამნაშავედ ცნო და შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ზაფხულში კუდის მიერ, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე, მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გამკაცრებული მეთვალყურეობა დაწესდა. დაიგეგმა ურეკში პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა, რაც ბიზნესმენის სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა.

ღონისძიება გამაფრთხილებელ აქციას წარმოადგენდა, მისი მიზანი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო. თავდასხმამდე კუდ-ის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას პატარკაციშვილის სახლთან მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფების მოხსნა დაავალეს.

ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ, ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ამ საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ. ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.