სკანდალი: თეთრი სახლის პოზიციები შეიცვალა, ოპოზიცია შეცდომებს უშვებს - იგებს თუ არა 2020-ის არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი?
სკანდალი: თეთრი სახლის პოზიციები შეიცვალა, ოპოზიცია შეცდომებს უშვებს - იგებს თუ არა 2020-ის არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი?

A+ A-

13:16 25/07/2020

შეერთებული შტატები ქართულ ოპოზიციაში გათვლას ვერც ერთ პოლიტიკურ ძალაზე გააკეთებს, არადა დღემდე ხელისუფლება-ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ელოდა. ამასობაში, ოპოზიცია ყოველდღე კარგავს პოზიციებს თეთრი სახლის „კარზე“ და სერიოზულ შეცდომებს უშვებს მმართველ ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან წინასაარჩევნო ბრძოლაში: ზოგი ახლა ცდილობს მასთან გარიგებას, ზოკი კი, ამას მომავალ პარლამენტში შეეცდება. 

3%, 10% , 15% თუ 20%-იანი პარტიების შემხედვარე ამომრჩეველის უმრავლესობა, დიდი ალბათობით, ისევ მმართველ ძალაზე გააკეთებს საბოლოო არჩევანს და ასევე დიდი ალბათობაა იმის, რომ მოქმედი მმართველების დაანონსებული 60% „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში თავისუფლად აიღოს, თუ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდა და მმართველმა პარტიამ თავის ხელით არ შესვა გამარჯვების თეთრ ცხენზე შინაგან საქმეთა სკანდალური ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი.

ამავდროულად, საეჭვოდ ლაგდება არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების კავშირები აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან, რასაც მოწმობს მთავრობის მხრიდან „დიდი“ დათმობა ამერიკულ კომპანია - ,,ფრონტერასთან“ და ამ ელიტის გავლენიანი კონგრესმენის, ადამ კიზინგერის შერბილებული ტონი „ოცნების“ ხელისუფლებასთან: „ჩვენ საქართველოს საარჩევნო ბრძოლაში მხარე არ გვიჭირავს იმ კუთხით, თუ ვინ გაიმარჯვებს!“

რას მივიღებთ 2020 წლის გარდამტეხი არჩევნების შემდეგ: ვადამდელ არჩევნებს, გამარჯვებულ ბიძინა ივანიშვილს თუ გონს მოსულ დიდ ოპოზიციურ კოალიციას?  ამ და სხვა საინტერესო საკითხებთნ დაკავშირებით, გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტთან, ხათუნა ლაგაზიძესთან.

- ხელისუფლებამ კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტი არ გააუქმა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა საქართველოს საგარეო ავტორიტეტისთვის ერთგვარ დათმობაზე იმიტომ მიდის - სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის კომპანიასთან, წინასაარჩევნოდ, მისი „კეთილგანწყობა“ მოიპოვოს?

- უპირველეს ყოვლისა, ეს წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას“ სასიცოცხლოდ სჭირდება არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია. ამისათვის ის შეეცდება, პროდასავლური ფერუმარილი სახეზე დროებით მაინც წაისვას, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი „ოცნებას“აიძულებს, იფიქროს, რომ შტატების პოლიტიკურ ელიტაში მას წყალი აქვს შეყენებული, რასაც ბოლო თვეების მანძილზე კონგრესმენებისა და სხვა პირების არაერთი მიმართვა ცხადყოფს ისევე, როგორც საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ით შემცირების საკითხირომლის თაობაზეც კონგრესმა ამ დღეებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

შტატების პოლიტიკურ ელიტაში ხელისუფლების შემცირებულ პოლიტიკურ წონაზე მეტყველებენ ის ძალიან მძიმე შეფასებებიც, რომლებიც კონგრესმენებისგან საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. ასეთი ღია ტექსტით ჩვენ ამერიკელებისგან მსგავსი რამ არც ერთი ხელისუფლების მისამართით არმოგვისმენია. 

მსგავს განწყობებს აყალიბებდა და აყალიბებს სწორედ ის შემთხვევები, რომლებიც საქართველოში ამერიკული ბიზნესის ინტერესების დაცვას ეხება. 

ამ მიმართულებით ნიშანდობლივია სამი ძირითადი საქმე - დაწყებული ანაკლიის პორტით, გაგრძელებული ,,ფრონტერათი“ და დამთავრებული „კავკასუს ონლაინით“. 

ანუ ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც  ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ლობირებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კითხვის ნიშნის ქვეშ კი არა, დარტყმის ქვეშ დააყენა და სამიზნედ აქცია. 

შტატების მხრიდან, ბუნებრივია, ამას რეაქცია მოჰყვა - კონგრესმენების ნაწილის შეფასება, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ირანთან კავშირებში და რუსეთის ინტერესების გახორციელებაში.

უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო გახდა და ესპირდაპირ ვლადიმერ პუტინის ინტერესებს შეესაბამებაო - ეს მძიმე განცხადებები იყო კონგრესმენების წერილების ზოგადი პათოსი. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით პასაჟს შემოვიტან და ვიტყვი, გამოქვეყნდა თანამედროვე რუსი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ინტერვიუ, სადაც ის საქართველოზე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკების თბილისში შესვლით, მეტი კი არაფერი შეიცვლებოდა, ანუ მეტის მიღწევა კი არ გვინდოდა, რასაც დღეს „ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ აკეთებსო. 

დუგინის თქმითვე, 2008 წელს რუსეთის მხრიდან თბილისის აღების შემთხვევაში, საქართველოს ისეთივე ხელისუფლება ეყოლებოდა, როგორიც „ქართული ოცნებაა“ და სწორედ ისე მოემსახურებო და რუსულ ინტერესებს, როგორც დღეს „ქართული ოცნება“ ემსახურება. 

საინტერესოა, რომ ამერიკელი კონგრესმენებისა და მთავარი რუსი იდეოლოგის შეფასებები, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ერთმანეთს ემთხვევა.

აქედან გამომდინარე, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხელისუფლება ხვდება, თუ რქებით გააგრძელა მიწოლა დასავლეთზე - მათი ინტერესების არა თუ იგნორირებით, არამედ ხელყოფით -“ოცნება“ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდეს.

სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უმნიშვნელო დათმობები განახორციელოს, რაც განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს „ფრონტერას“ შემთხვევაში.

 - ანუ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების დათმობას არ უნდა ველოდოთ, როგორც ეს „ფრონტერას“ შემთხვევაში მოხდა? 

- სად ანაკლიის პროექტის განვითარება და სად„ფრონტერა“, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებობს. 

რეალურად, საქართველოში, “ფრონტერა“ ისეთს არაფერს აკეთებს, რითაც საქართველოს ინტერესები, ან მით უფრო, რუსეთის ინტერესები ზარალდება. არც დადებითს აკეთებს რამეს განსაკუთრებულს და არც უარყოფითს, რადგან რამდენადაც ვიცი, იქ არ არის ნავთობისა და გაზის ის მარაგი, რომლისთვისაც საქართველოს ან რუსეთს ბრძოლა უღირდეს. სწორედ ამიტომ გააკეთა ეს ფასადური დათმობა საქართველოს ხელისუფლებამ. 

რაც შეეხება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით რეალურ დათმობას, პორტი, ერთის მხრივ, ამერიკის ინტერესებშია, მეორეს მხრივ, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკისკენ ნაბიჯი რომ არ გადადგა, ამასაც ყველანი თვალნათლივ ვხედავთ. 

- ანუ ის მოცემულობა, რაც „ფრონტერასთან“ მიმართებაში დადგა, ანაკლიის პორტის საკითხზეც ვერ მოახდენს გავლენას და ხელისუფლებასთან ამერიკისშეერთებულიშტატები ამ საკითხს წინასაარჩევნოდ არ დააყენებს?

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სიმწვავე თავად ამერიკის შეერთებული შტატების ისტებლიშმენტში განელდა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას.

სხვათაშორის, ძალიან საინტერესო იყო კონგრესმენ ადამ კიზინგერის მიერ ერთ-ერთ ქართულ მედიასაშუალებისათვის მიცემული ინტერვიუ, საიდანაც მისი პიროვნების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, იმ თვალსაზრისით, რომმისი დიდი წვლილია იმაში, რომ რუსეთს არ მიეცა შავ ზღვაში დისლოცირებისთვის ფრანგული გემების შესყიდვის საშუალება, ისევე როგორც რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და კომპანიებისთვის ამერიკული სანქციების დაწესებაში.

ხსენებულ ინტერვიუში კინზინგერი ამბობს იმასაც, რომ რუსულ ფეიკნიუსებში ის „აისისი“-ს შემქმნელად არის მოხსენიებული. ეს მისი ფიგურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფეიკნიუსია, ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ რუსეთში მის ფიგურას. 

ასე რომ, კიზინგერი „ქართული ოცნების“ დაბალკვალიფიციური დეპუტატების დაცინვის ობიექტი რომ გახდა, სინამდვილეში ის გაცილებით მასშტაბური ფიგურა ყოფილა, ვიდრე ჩვენ აქამდე ვიცოდით. 

დავუბრუნდეთ ანაკლიის პროექტს. კიზინგერი ანაკლიის პორტის თემას დღის წესრიგიდან მოხსნილად არ მიიჩნევს. ამასთანავე, ამ საუბრიდან ირკვევა, რომ როგორც ჩანს, კულუარებში კვლავ მიდის საუბარი იმაზე, რომ ანაკლიის პორტში შევიდეს ამერიკის მონაწილეობით დაფუძნებული რომელიღაც კონსორციუმი.

ყოველშემთხვევაში, ამერიკელები არ ფიქრობენ, რომ ანაკლიის პორტის თემა მათთვის დახურულია და რუსეთი შევიდა ანაკლიის პორტში. პრინციპში, რუსეთი ამას არც ცდილობდა. მისთვის მთავარი იყო, რომ ამერიკა არ შემოსულიყო პორტში დიდი დოზით. 

ეს იყო მათი მთავარი ამოცანა. რუსეთს ანაკლიის პორტის ამუშავების არც ფინანსები და არც ინტერესი აქვს. სამაგიეროდ, გვერდზე ააშენა ტამანის პორტი, რომელმაც უნდა გადაქაჩოს ის ტვირთები, რომლებიც ანაკლიის პორტში უნდა ჩატვირთულიყო.

- კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხის პოლიტიკურ განხილვაში ვერ შევა და ახლა ფოკუსირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაკეთდეს. როგორ ფიქრობთ, ამ მოცემულობების ფონზე, ვისზე შეიძლება გააკეთოს პოლიტიკური აქცენტები სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ოპოზიციურ ფრონტზე?

ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკურ აქცენტს ვერავისზე გააკეთებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანს დომინანტი ლიდერი და პარტია, რომელიც, ცალკე აღებული, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფდა. რას ვგულისხმობ:

თავის დროზე, 1995 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაზე მიდიოდა მუშაობა , სახელმწიფო მართვისა და მოწყობის ბევრი ვერსია, მოდელი განიხილებოდა, მათ შორის, საპარლამენტო, ნახევრადსაპარლამენტო, საპრეზიდენტო და ა.შ. 
საქმეში ინტესიურად იყვნენ ჩართული გერმანელი კონსტიტუციონალისტები, ამერიკელი სამართალმცოდნეები და ა.შ. მაშინ დასავლეთმა არჩევანი შეაჩერა საპრეზიდენტო მოდელზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საპრეზიდენტო მოდელი არის უფრო ცენტრალიზებული, ნაკლებად მრავალპარტიული და უფრო ვერტიკალზე აწყობილი. 

ამერიკელებსა და დასავლეთს გაუადვილდებოდა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ერთ ძლიერ პრეზიდენტთან ურთიერთობა, ვიდრე დაუშვათ რამდენიმე, განსხვავებული გემოვნების პოლიტიკურ პარტიასთან, ვთქვათ, საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად. ამიტომაც არჩიეს მაშინ ეს მოდელი და ამ მოდელს კონკრეტული შემსრულებელიც ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი - მიხეილ სააკაშვილის სახით ჰყავდა. 

დღეს არსებული მოდელი - საპარლამენტო რესპუბლიკა - თავისთავად გამორიცხავს ერთ კაცზე აგებულ ცენტრალიზებულ სისტემას, რადგან არ არის საპრეზიდენტო მმართველობა. 

ამჟამად ამერიკელებს გაცილებით გართულებული აქვთ ამოცანა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია, ამერიკელების ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ უკიდურესად ნეგატიურია.

თუმცა, ამერიკელებს დღეს ოპოზიციაში არ ეგულებათ პროცესების განვითარებაზე ერთი პასუხისმგებელი პირიღერძული ფიგურა, რომელსაც დააყრდნობდნენ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ვთქვათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორც ეს იყო თავის დროზე შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევაში. 

ახლა საპარლამეტო რესპუბლიკაა, რომელიც მესიანისტურ, ავტორიტარულ ლიდერს გამორიცხავს და ქვეყნის მართვა მრავალი პარტიის ერთობლივ პასუხისმგებლობაში გადადის. შესაბამისად, ამერიკასაც მოუწევს რამდენიმე პარტიასთან საუბარი, ვინც კოალიციას შექმნის და შესაბამისად, ერთი ფავორიტი ვერ ეყოლება.

ამიტომაც, თანაბრად ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა და ექნება ყველა  პროდასავლურ ძალასთან, ვისაც პარლამენტში შესვლის შანსი მაინც აქვს. 

მეორე საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ქვეყანაში არ არიან იმგვარი პოლიტიკურ იძალები, რომლებსაც ექნებოდათ საზოგადოების უმრავლესობის დიდი მხარდაჭერა, რითაც ამერიკა, ამ პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მშვიდად იქნებოდა. 

დღეს ოპოზიციაში ბევრი პოლიტიკური ძალაა, მათ შორის, ერთი დომინანტი -„ნაციონალურ იმოძრაობის“ სახით და დანარჩენი მეტ-ნაკლებად თანაბარძალოვანი პოლიტიკური მოთამაშეები. შესაბამისად, აშშ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე აქცენტს ვერ გააკეთებს და როგორც კიზინგერი ამბობს, შიდა საქმეებშიც არ ჩაერევიან ამ ფორმით. 

პრაგმატული მოსაზრებითაც, მსხვილი  პარტნიორი, რომლის მეშვეობითაც ამერიკა შეძლებდა საქართველოში პოლიტიკური სცენის დალაგებასა და რომელსაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა ექნებოდა, შტატებს აქ არ ჰყავს.
შესაბამისად, როგორც კიზინგერი ამბობს, ამერიკა დააკვირდება არჩევნების შედეგებს.

ერთ-ერთ უცხოელ დიპლომატთან მქონდა საუბარი იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდებს შემოსვლა არ უნდათ და სახეები არ იცვლებიან. 

მან თქვა, ჩვენ შეგვიძლია, ინტელექტუალური დახმარება გაგიწიოთ, დაგატრენინგოთ, მაგალითები მოგიყვანოთ, მაგრამ ჩვენ თქვენს ნაცვლად თქვენს ლიდერებს ვერ შევმქნითო.

პარტნიორები სწორედ ამ რეალობიდან გამოდიან, რაც დღეს არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

რამდენიმე პოლიტიკური პარტია არის მეტ-ნაკლებად თანაბარიშანსებით და თუკი მოხდა ისე, რომ ამ ჭრელმა ოპოზიციურმა სპექტრმა კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბება მოახერხა, ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ მოხარული იქნება იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს და ხელისუფლებაში პროდასავლური ძალების ერთობას მიიღებს.

- დღევანდელი მოცემულობით, შეუძლია თუ არა ქართულ ოპოზიციას ხელისუფლებას ისეთი დონის ოპონირება გაუწიოს, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაც კი მოიპოვოს?

- რაც შეეხება გამარჯვების ფორმულას, ამის ფორმულა სწორედ ისაა, ოპოზიციას ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ ამომრჩევლისთვის დაენახვებინა, რომ დღეს სხვა კონსტიტუცია და სხვა რეალობაა.

ჩვენ აღარ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც შობს და ერგება მესიებს, ანუ ერთ ლიდერს, პრეზიდენტს ან სუპერპრეზიდენტს. დღეს გვაქვს კონსტიტუციური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე თანაბარძალოვანი პარტიის ერთდროულ ყოფნას ხელისუფლებაში, მათ მიერ კოალიცის ფორმირებას. ამიტომაც, განწყობა, რომ რადგან მესია არ გვყავს, არჩევნებზე წასვლა აზრს ჰკარგავს, ხელისუფლებას მაინც ვერ შევცვლით, სრულიად უადგილოა. 

ოპოზიციას ეს ხალხისთვის არ აუხსნია, რომ სწორედ სხვადასხვა კალიბრის პარტიების მოხვედრა კოალიციაში არის ამ საპარლამენტო მოდელის ხიბლი და ნოუ ჰაუ საქართველოსთვის. 

ამიტომაც ამომრჩევლებმა ხელი კი არ უნდა ჩაიქნიონ, აი მე რომ პარტია მომწონს, ის 5%-ზე ან 10%-ზე მეტს ვერ აიღებს და რატომ დავკარგო დროო, უნდა გაიგონ, რომ წინა მოდელისგან განსხვავებით - ახლა 5%-ით, 10%-ით თუ 15%-ით გამარჯვებაც გამარჯვებაა.

დიახ, გამარჯვებაა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ითვალისწინებს სწორედ, 3%, 10% , 15% თუ 20%-იანი პარტიების შეკრებას პარლამენტში და მათ მიერ ქვეყნის ერთობლივ მართვას, ამიტომაც, ამომრჩეველს ვინც მოსწონს, წავიდეს და მისცემს ხმა.ეს უკვე გამარჯვება იქნება.

რაც უფრო მეტი პარტია შევა პარლამენტში, რაც უფრო მეტი ხმით და მეტი მხარდამჭერით,უფრო ნაკლები თავისუფალი ადგილი დარჩება „ოცნებისთვის“. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ „ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო ენერგია ერთმანეთთან ბრძოლაში არ გაფლანგონ. 

ხელისუფლება კი ყველანაირად ეცდება, რომ ოპოზიციურ პაერტიებს ერთმანეთი დააჭმევინოს, იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში და არამარტო აქ,სატელიტი პოლიტიკური პარტიების თემა ყოველთვის იყო, არის და იქნება. თუმცა ახლა, რომ სატელიტური პარტიებია,ამდენი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს.

თავს უფლებას არ მივცემ, რომ პარტიები რეალურ და პრო-სახელისუფლებო პარტიებად დავყო, თუმცა, თავად ოპოზიციონერებმა კარგად იციან, ვინ არის სატელიტი და ვინ - არა. 

გარდა ამისა, სულ რომ სატელიტი არ იყოს, ბევრია ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებასთან დიალოგში სიამოვნებით შევა და ივაჭრებს კოალიციის შექმნაზე. ესეც რეალობაა. ამიტომაცვერ გეტყვით, რომ ოპოზიციისთვის გამარჯვება მარტივი ამოცანაა .

ყველაზე ოპტიმალურიფორმულა, რომ ოპოზიცია ეცადოს, რაც შეიძლება ბევრი ხმა წაართვას „ოცნებას“ და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით შევიდეს პარლამენტში, რადგანრომც მოხდეს ისე, ოქტომბერში „ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა აიღოს, ვიდრე ოპოზიციამ და მმართველი ძალა შეეცადოს უმრავლესობის დაკომპლექტებას, ამ უმრავლესობამ დიდხანს ვერ უნდა გაძლოს.

ძალიან მაღალი იქნება შანსი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ან ვადამდელსრომ თავი დავანებოთ,შიდა საპარლამენტო გადატრიალებაც შეიძლება მოხდეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დაიშალება, მისი ნაწილი ოპოზიციაში გადავა. შემდეგ კი, უკვე ოპოზიცია, ,,ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მეშვეობით, ახალ მთავრობასა და ახალი კოალიციას შექმნის, ეს სრულიად რეალური და მოსალოდნელი სცენარია. 

ასე რომ, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ოპოზიციის წაგება-მოგებაზე.ოქტომბერში თუ არა, დავუშვათ გაზაფხულზე, ან შემდეგ ოქტომბერში, იმავე პარლამენტის ფარგლებში სრულიად შეცვლილი მთავრობა შესაძლოა ვიხილოთ, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ ადგილი უბრალოდ აღარ დარჩება. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებენ ამის გააზრებასა და „ოცნებასთან“ კონკურენტული ბრძოლის გაჩაღებას.

მით უფრო, როცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღვირახსნილი კრიმინოგენული სიტუაცია ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის ყოველდღიურ საფრთხედ იქცა. თუ ასე გაგრძელდა, „ოცნება“ თავად შესვამს ვანო მერაბიშვილს თეთრ ცხენზე და მხსნელის მანტიით შემოაგრიალებს საქართველოში. 

თუმცა, თუ ოპოზიციამ გააგრძელა მხოლოდ „ოცნების“ შეცდომებისა და დასავლეთის მხარდაჭერის იმედად ყოფნა, თავად არ დაიწყო აქტიური და იმედისმომცემი საარჩევნო კამპანია, ერთი შემკრები და ამნთები იდეით, როგორც ამას „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ის ამ არჩევნებს წააგებს. 

შეხედონ ბოლო დღეებში ადამ კინზინგერისა და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „ოცნების“ მიმართ მკვეთრად შერბილებულ რიტორიკას: ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ამერიკელი ლობისტები ამუშავდნენ და არჩევნებამდე დარჩენილ სამ თვეში ამერიკის პოლიტიკური ელიტის „ოცნების“ სასარგებლოდ შემოტრიალებას შეეცდებიან. ოპოზიციის შემდგომი პასიურობა მკვეთრად გააუარესებს მის პოზიციებს, როგორ დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნით - ამომრჩეველში. 

ანა ქორჩილავა