12 მოქმედი დეპუტატი, 3 ექსმინისტრი, 3 პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, 4 გუბერნატორი - რა შანსები აქვს ივანიშვილის არტილერიას?
12 მოქმედი დეპუტატი,  3 ექსმინისტრი,  3 პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, 4 გუბერნატორი - რა შანსები აქვს ივანიშვილის არტილერიას?

A+ A-

19:23 20/07/2020

12 მოქმედი დეპუტატი,  3 ექსმინისტრი,  3 პრემიერ-მინისტრის ასევე მოქმედი მრჩეველი, გუბერნატორი ფეხბურთელი , - ასეთია „ქართული ოცნების“ დამრტყმელი ძალა სამაჟორიტარო ბრძოლის ველზე და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით აღჭურვილი „არტილერია“. ეს არტილერია მმართველი ძალის სხვა მმართველების ხელდასმულიცაა.

 

მაშ ასე, მივყვეთ და ვნახოთ რა ნიშნით და რის გამო აკეთებს გათვლას ამ კანიდიდატებზე მმართველი ძალა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამაჟორიტარო ბრძოლის ველზე 3 ექსმინისტრია გაშვებული, სამივე - საბრძოლველად მძიმე ოლქებში. დევნილთა სამინისტროს ყოფილი პირველი პირის, სოზარ სუბარის მაღალი რეიტინგის რა გითხრათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთელ შემადგენლობაში ყველაზე მაღალრეიტინგული ექსმინისტრები დავით სერგეენკო და კახი კახიშვილი შედეგს რომ დადებენ, ეჭვს, ალბათ, არც ოპოზიციონერთა გულებში იწვევს.   

საბურთალო - სერგეენკოს მძიმე ბრძოლა!

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატად საბურთალოზე წარადგინა. ვის წარადგენს ოპოზიციას  ამ ოლქში ჯერ გამოკვეთილი არ არის. არსებული ინფორმაციით, საბურთალოს ოლქი სწორედ ის ღია საარჩევნო ტერიტორიაა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოს ოპოზიციურმა ნაწილმა, სამოქალაქო მოძრაობის  ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილის მოძრაობაც და მამუკა ხაზარაძის „ლელოც“ თბილისის სამაჟორიტარო მანდატების ოპოზიციურ გადანაწილებაში არ მონაწილეობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ამ ორ მოძრაობას ორი ოლქი - დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო დაუთმო, რათა ერთმანეთში გაენაწილებინათ,  სააგენტოს ინფორმაციით, საბურთალოზე კენჭს მაინც „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იყრის.

ამასთანავე, სწორედ ამ ოლქის სამაჟორიტარო მანდატისთვის ბრძოლაში კინაღამ ჩამოინგრა მთავარი ოპოზიციურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული გაერთიანება „ძალა ერთობაშია“.

ამ  კოალიციაში შემავალი პარტიის - „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოცქსელით გაახმაურა თავისი სურვილი, რომ საბურთალოზე კანდიდატურას დააყენებს, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა მას მთავარი ოპოზიციური პარტია და მასთან არსებული კოალიცია. მოგვიანებით კოალიციამ მას მხარი დაუჭირა, თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩარკვიანს საკმაოდ არადელიკატურად უთხრა უარი ამ საკითხში მხარდაჭერაზე.  „2020NEWS“-თან საუბრისას კი ჩარკვიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის თავის კადიდატურას ამ ოლქში მაინც დააყენებს, რათა ხელი შუშალოს 2020 წლის არჩევნების შემდგომ პრემიერობის მოსურნის, “ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განზრახვას, თავისი ზედამხედველობით მოახდინოს ოპოზიციური მანდატების გადანაწილება. ამ გადანაწილებაში კი, ჩარკვიანი ვერ მოხვდა, მაგრამ ქალი პოლიტიკოსი უკან დახევას არ აპირებს.

ჯერჯერობით, უცნობია, დააყენებს თუ არა საბურთალოს ამ ოლქში თავის კანდიდატურას ალეკო ელისაშვილი, რომელმაც 2014 წელს, თბილისის საკრებულოს არჩევნებში ამ გაერთიანებული ოლქის ერთი ნაწილი უკვე მოიგო და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაამარცხა. თუმცა, რამდენად შეძლებს იგივე შედეგის დადებას უკვე გამსხვილებულ ოლქში, ძნელი „საწინასწარმეტყველო“ ამბავია.

მოკლედ, ასეთია სერგეენკოს კონკურენტების სავარაუდო ჩამონათვალი. ხელწამოსაკრავი არც ერთი კანდიდატია, გავლენები სამივე ოპოზიციონერს აქვს, მაგრამ რამდენადაც მათი სამივეს სამიზნე ოპოზიციური ამომრჩეველია, დიდი ალბათობით, სწორედ,  სახელისუფლებო კანდიდატის საქმეს გააკეთებენ თავიანთი კანდიდატურის დაყენებითა და ოპოზიციური ხმების დაქსაქსვით.

ზუგდიდი-ისანი და სამგორი - ოპოზიციის თავისტკივილი თუ ხელისუფლების?

ცხელი ბრძოლა გაიმართება ისნისა და სამგორის საარჩევნო ოლქებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ასევე ექსმინისტრები დაასახელა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ექსმინისტრი და ამჟამად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი სამგორში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდება. მართალია ხაბეიშვილი ქართული პოლიტიკისთვის ახალი სახეა და სუბარივით „ჭიპი არ აქვს“ მოწყვეტილი, თუმცა კახა კალაძისა და მისი გარემოცვის კორუფციული სქემის გამომზიურებისთვის ერთი ცემა და ბევრი გალანძღვა უკვე მოასწრო.

ამ ეტაპისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევებით, ზეაქტიურ ხაბეიშვილს მოსახლეობის 15%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო კვლევების ჩატარების მომენტისთვის, ვინაობის დასახელების გარეშე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერი ამ ოლქის ამომრჩევლების 37%-ია.

მოიმატებს, თუ მოიკლებს სუბარის კანდიდატურის გაჟღერების შემდეგ, ოლქში „ოცნების“ მხარდამჭერთა სიმპათიები, ამას არჩევნები გვიჩვენებს. ხაბეიშვილი რომ სუბარს „მხიარულ“ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს, ეს კი ეჭვგარეშეა.

და მესამე ექსმინისტრი, რომელიც ასევე რთულ ოლქში და როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის სიძეს, ოპოზიციის საერთო კანდიდატს,  „ახალი საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექსმინისტრი კახი კახიშვილია. „ედისონ რისერჩის“ კვლევებით, ამ ოლქში გიორგი ვაშაძეს ხმას ამომრჩევლის 37% აძლევს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - 36%.

მას შემდეგ, რაც დღეს უკვე ისნელებისთვის გაირკვა, მათ ოლქში მაჟორიტარად კახი კახიშვილი მიდის, დიდი ალბათობით, რეიტინგი მაღლა აიწევს, რადგან კახიშვილი „ოცნების“ ყველა შიდა გამოკითხვის ერთ-ერთი ლიდერია. უფრო მეტიც, ის პოპულარულია, როგორც პროდასავლურ, ასევე დასავლეთის მოწინააღმდეგეთა რიგებშიც.

რატომ დაუყენა „ოცნებამ“ ვაშაძეს კახიშვილი კონკურენტად ისანში? რატომ არ მოირიდეს ვანო ჩხარტიშვილის, როცა მის სიძეს ძლიერი კონკურენტი დაუყენეს?

ვაშაძე რომ „მისი ოჯახის წევრია“ და „ოჯახურ შეკრებებზე“ ერთმანეთს ხვდებიან“, ეს თავად ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერშიც აღიარა და თან დაამატა, მე ოპოზიციურ ძალას არ დავაფინანსებო.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ან ენდობა თავის კარის ბიზნესმენს, ახლოს ჰყავს, საპარლამენტო სიების შედგენაშიც აძლევს მონაწილეობის უფლებას და თან აკონტროლებს, ან კახიშვილი, რომლის რეიტინგიც პარტიის თავმჯდომარეს თვალში არ მოსდიოდა, უბრალოდ, გაწირეს მძიმე ბრძოლისთვის.

ბრძოლა კი მართლაც მძიმე იქნება, მეტოქეები მძიმეწონიანები არიან და ისანი დიდი საარჩევნო ბრძოლის მოწმე აუცილებლად გახდება. შესაძლოა, ამ ოლქზე, მომავალი პრემიერის ვინაობის გარკვევის კვანძიც გაიხსნას, ანუ ის იქნება გიგა ბოკერია, თუ, როგორც ყოველთვის, ოპოზიციასთან ავანტიურულ  თამაშში შესული ბიძინა ივანიშვილის უცნობი რჩეული, რაზეც  “2020NEWS“ უკვე წერდა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდისთვის მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იბრძოლებდა, თუმცა,  გახარიამ იქ კიდევ ერთი თავისი მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი გაუშვა.

ჩიქოვანი „ქართულ ოცნებაში“ თავის დროზე ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ზუგდიდისთვის ბრძოლას აპირებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი. ვინ ვის აჯობებს, ამას 3 თვეში ზუგდიდელები გადაწყვეტენ.

მოქმედი დეპუტატების ცვენა სამაჟორიტარო ოლქებში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ოცნების“ დასახელებულ 30 მაჟორიტარში 12 მოქმედი დეპუტატია: 

 ანზორ ბოლქვაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი, გიორგი ვოლსკი, 

 ირაკლი ხახუბია, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, გივი ჭიჭინაძე,

 ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოგი მეშველიანი.

აქედან, ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში, „ქართული ხმებისა“ და ბიძინა ივანიშვილის „პირადი ხმა“ პარლამენტში,  გივი ჭიჭინაძე იქნება. მას ეს ოლქი უკვე მოგებული აქვს და თანაც, უპირობო მხარდაჭერა ექნება სუსის ვანელი უფროსისგან, გრიგოლ ლილუაშვილისგან, რომელსაც ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი, როგორც მაჟორიტარს, უკვე მოგებული აქვს. ეს ოლქი შემდგომში შუალედურ არჩვნებში „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას აქვს წაგებული. გაერთიანებულ ოლქში კანდიდატად, სხვათაშორის, უგულავა ახლაც მოიაზრება, თუმცა, ეს ინფორმაცია დადასტურებული არაა.

ჩვენი ინფორმაციით, უგულავა, მეტი ალბათობით, „ოცნების“ მეორე მოქმედ დეპუტატს, ფოთის მაჟორიტარს, ირაკლი ხახუბიას სწორედ ფოთში შეერკინება.

საინტერესოა, კიდევ ერთი „სულ მაჟორიტარის“ ისტორიაც. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქისთვის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ივანიშვილის მშობლიური საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი პაატა კვიჟინაძე იბრძოლებს. უკვე გასაგებია, რომ ის თავად მმართველი ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირია.

მესამე კენჭისყრისას საჩხერე და უკვე ჭიათურა-ხარაგაულიც თუ იქნება მისი „მხარდამჭერი“, კვიჟინაძე ხაშურის სამგზის მაჟორიტარის, ვალერი გელაშვილის სადეპუტატო რეკორდს გაუთანაბრდება. თუმცა, მათი რეკორდი მოსატანი არაა ნინოწმინდა-ახალქალაქის მუდმივმოქმედი მაჟორიტარის, ენზელ მკოიანის სადეპუტატო ბიოგრაფიასთან.

თუმცა, ამჯერად, მკოიანი ახალქალაქში კრიმინალურ გარჩევაში გაეხვა „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, სამველ პეტროსიანთან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პასუხისგებაში მიცემულია მისი ძმისშვილი, რომელიც მოგვიანებით, 12 ივნისს 20 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა სასამართლომ და ამჯერად, „ქართულმა ოცნებამ“ მუდმივმოქმედ მაჟორიტარზე  პოლიტიკური გათვლა აღარ გააკეთა.

ენზელ მკოიანის ნაცვლად, ამ ოლქში მისი ნდობით აღჭურვილი, ამჟამად მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იბრძოლებს. დაასრულდა თუ არა მკოიანის სადეპუტატო ბატონობა ამ ოლქში, მას შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ სადეპუტატო სიაში. თუმცა, მკოიანს ისეთი გავლენა აქვს რეგიონზე, ასე მარტივად მის გავლენებს მმართველი ძალა ოპოზიციაში გადაბარგებისთვის ვერ გაიმეტებს, მანუკიანი კი ამ ოლქის ფიქტიური მმართველი იქნება.

ახლა კი, დავუბრუნდეთ, ისევ დედაქალაქს, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაიმართება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მძიმე ბრძოლა გაიმართება დიდუბე-ჩუღურეთშიც, სადაც „ოცნებამ“ მოქმედი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის კანდიდატურა დააყენა. „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ეს ოლქი ოპოზიციამ „ლელო საქართველოს“ დაუტოვა და იქ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იბრძოლებს. დეპუტატების ორთაბრძოლის კულმინაციაც, სწორედ ამ ოლქში იქნება.

მთაწმინდა-კრწანისში აქ „ქართული ოცნების“ დამრტყმელი ძალა მოქმედი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა. ის 2010-2016 წლებში იყო შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი. მას 2005-2009 წლებში  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილისა და გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ბექა ოდიშარია, რომელიც გიგი უგულავას თქმით, იუსტიციის ყოფილი მინისტრის,  ზურაბ ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი  სვამდა, მთაწმინდაზე ამ მინისტრთან და მის სისტემასთან დაპირისპირებულ, ოპოზიციის საერთო კანდიდატს,  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, შალვა შავგულიძეს დაუპირისპირდება. „ედისონ რისერჩის“ წინასწარი კვლევებით,  ამომრჩეველთა 28% ხმას შავგულიძეს აძლევს, 38%  კი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

რამდენად შეცვლის ოდიშარიას ოდიოზური კანდიდატურა მთაწმინდელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას,  დაახლოებით, სამ თვეში გაირკვევა.

ცხარე ბრძოლა იქნება გლდანშიც. იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძის კადრი,  გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია. სამაგიეროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ოლქში პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დააყენა,

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო-პოლიტიკურ ფეხბურთის გლდანის სერიას ორივე გუნდი სერიოზული თავდამსხმელებით ხვდება.  

და ბოლოს ნაძალადევი, რომელშიც ნამდვილად არანაძალადევი და ძმათამკვლელი ომი გაიმართება. მმართველი პარტიის მხრიდან იქ ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იბრძოლებს, ოპოზიციის მხრიდან კი, პოლიტიკის უხუცესი შალვა ნათელაშვილი.

გუბერნატორების საფეოდალ-სამაჟორიტარო

კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილია შიდა ქართლის მოქმედი რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშილის ძმაა. მისი პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა პირდაპირ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკავშირდება.   

აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში მმართველი ძალის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელიაა, რომელიც ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედი  გუბერნატორია და  მედიის ინფორმაციით, ის გიორგი გახარიას ნდობით სარგებლობს.

კახეთის მოქმედი რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებს „ქართული ოცნების“ სახელით;

მცხეთა-დუშეთი-თიანეთის მაჟორიტარულ ოლქს კი, შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შეუტევს.

ჯერჯერობით, ოპოზიციის მხრიდან ამ სამაჟორიტარო ოლქებში კანდიდატები არ დასახელებულა, ცნობილია მხოლოდ, რომ "ნაცმოძრაობის“ სავარაუდო კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება, რომელიც თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში ირაკლი ქადაგიშვილს დაუპირისპირდება და ბრძოლაც ცხარე იქნება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგალითად, თელავი „ქართულმა ოცნებამ“ წააგო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, თავისი ინაუგურაცია სწორედ კახეთის ამ ქალაქში ჩაატარა, შერიგების ხელის გაწვდენის მოტივით.

მოკლედ, ასეთია ცხელი წინასაარჩევნო მდგომარეობა პოლიტიკურ ველზე. დიდი ალბათობით, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დაცხება და გამძაფრდება ბრძოლა. ვინ მოიგებს, ამას იმავე შემოდგომაზე დავითვლით.

რუსა მუმლაძე