ყველა ჩართულია, რომ შაქარაშვილის საქმე ჩაიფარცხოს - მიხეილ სააკაშვილი
ყველა ჩართულია, რომ შაქარაშვილის საქმე ჩაიფარცხოს - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

18:00 13/07/2020

ტრაგიკულად გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მოსყიდულია. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა, ყველა არის ჩარეული იმაში, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს.

„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება, ის ადგილი დაწვეს... ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია. ასევე, ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა. ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 10 ივლის გასაჯაროვდა. დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.