ისნის სამაჟორიტარო, ანუ არჩევნების ბერმუდის სამკუთხედი - სააკაშვილი-ივანიშვილის ავანტიურა - რას თამაშობს ბოკერია 2020-თვის?
ისნის სამაჟორიტარო, ანუ არჩევნების ბერმუდის სამკუთხედი - სააკაშვილი-ივანიშვილის ავანტიურა - რას თამაშობს ბოკერია 2020-თვის?

A+ A-

20:24 18/06/2020

გიორგი ვაშაძემ გიგა ბოკერიას პრემიერობისთვის ბრძოლა დაუთმო და სანაცვლოდ, ისნის სამაჟორიტარო მიიღო. პრემიერობაში გადაცვლილი სამაჟორიტარო ოლქიდან კი იხსნება ზუსტად ის დიდი ავანტიურული კვანძი, რომლის ერთი ბოლო ბიძინა ივანიშვილთან მიდის, მეორე კი - მიხეილ სააკაშვილთან. რას თამაშობს ბოკერია?

ვიდრე ისნის დიდ ავანტიურას ჩავუღრმავდებით, მანამდე თბილისის დანარჩენი 7 ოლქი მიმოვიხილოთ და აქვე გეტვით, რომ ყველა თამაშში, რომელიც დღეს ქართულ ოპოზიციაში მიდის, გადამწყვეტ სიტყვას - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამბიციის მქონე, ოპოზიციის რუხი კარდინალი - გიგა ბოკერია ამბობს.

ორი ოლქი კონკიასათვის

ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე უკვე ჩამოყალიბდა. მამუკა ხაზარაძის „ლელოსა“ და ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ მხოლოდ 2 ოლქი დაუტოვეს - საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში, თუმცა, ეს იმასთან არაფერია, რაც ისნის სამაჟორიტარო ოლქიდან დაიწყება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

ვაკეში - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იბრძოლებს და როგორც ჩანს, „ლეიბორისტების ეზოს“ ოპოზიცია სულაც არ გაუწევს იმას ანგარიშს, დააყენებს თუ არა იქ თავის კანდიდატურას, მაგალითად - „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

არადა, ჩვენი ინფორმაციით, ვაკისა და -დიდუბე ჩუღურეთის ოლქებზე პრეტენზია „ლელოს“ ჰქონდა, სანაცვლოდ კი, თბილისის სხვა ოლქებზე პრეტენზიას (ამ პარტიას გაცხადებული აქვს, რომ ყველა ოლქში დააყენებს კანდიდატურას) ხსნიდა, მაგრამ მას ვაკე არ დაუთმეს.

დიდუბე ჩუღურეთი - ის ერთადერთი სამაჟორიტარო ოლქია, რომელიც „ლელოსთვის“ დანარჩენმა ოპოზიციამ ღიად, კანდიდატის გარეშე დატოვა და რომელიც მამუკა ხაზარაძის მშობლიური უბანია.

ხაზარაძის ამ ოლქში კანდიდატად წასვლის შესაძლებლობა, ოპოზიციას კი არა, აფიქრებს თავად „ქართულ ოცნებასაც“, რომელსაც იქ სამაჟორიტაროდ საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი რიმა ბერაძე ჰყავს შერჩეული.

რაც მართალია, მართალია, ბერაძეს ჩუღურეთში ნამდვილად აქვს ნამუშევარი და მომადლიერებული ამომრჩეველიც ბევრი ჰყავს, მაგრამ ხაზარაძის საერთო პოლიტიკურ წონას, ფაქტია, ვერ გადაწონის.

ის, რომ თავად პარტია „ლელოში“ კონკურენტუნარიან კანდიდატურად მხოლოდ ხაზარაძეს აღიარებს დანარჩენი ოპოზიციაც, ამის დასტურია მისთვის ღიად დატოვებული ეს ერთი ოლქია.

საბურთალოც - ასევე ის ერთი ოლქია, რომელიც ოპოზიციამ „სამოქალაქო საზოგადოების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუტოვა და ფაქტობრივად, უთხრა, შენ ერთს გაქვს შენივე მოძრაობაში გამარჯვების შანსი და აჰა შენ, ეს ოლქიო.

ფაქტია, ამ ოპოზიციას არც იმისთვის გაუწევია ანგარიში, რომ დღეს ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთან, ანა დოლიძესთან, დეპუტატ ლევან კობერიძესა და თავის თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

ელისაშვილი თუ ხაზარაძისკენ გაიწევს, რისი სურვილიც არა ერთხელ ღიად დააფიქსირა კობერიძემ, „ლელოს“ თბილისში ოპოზიციისგან საერთო ჯამში - 2 ოლქი შერჩება.

ამ ეტაპზე კი, მართალია, პარტიას რვავე ოლქის დაკომპლექტებაზე აქვს პრეტენზია გაცხადებული, მაგრამ დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა მხოლოდ ერთი ოლქით - დიდუბე-ჩუღურეთით - დაასაჩუქრა და თან დაუფიქსირა, რომ მისი სხვა კანდიდატების არ ეშინია.

ლეიბორისტული ეზოს კანდიდატები

ამ წუთების მონაცემებით, „ლეიბორისტების ეზოს“ ოპოზიცია ამ სამაჟორიტარო კანდიდატებზე შეთანხმდა:

ნაძალადევში - ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი იბრძოლებს.

გლდანს - „ნაციონალური მოძრაობა“ შეუტევს და მისი თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება ოპოზიციის საერთო კანდიდატი.

სამგორში - ჯერ ისევ გარკვეული არაა, „ნაცმოძრაობის“ რომელ ლიდერზე დაიდება ფსონი - ლევან ხაბეიშვილზე თუ ზაალ უდუმაშვილზე.

მთაწმინდა - სადაც „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საკუთარი ძალების მოსინჯვა ალეკო ელისაშვილის თანაგულნდელს, ლევან იოსელიანს კვლავ უნდოდა, , „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე იბრძოლებს.

იოსელიანი და შავგულიძე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ გაიმართა, უკვე შეერკინნენ ერთმანეთს. მაშინ, რა თქმა უნდა, შალვა შავგულიძემ აჩვენა უკეთესი შედეგი. შავგულიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლადო კახაძესთან ერთად, მეორე ტურში გადავიდა, თუმცა, ხელისუფლებამ ეს არჩევნები მაინც მოიგო.

 

ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ახლა რომ შავგულიძეზე შეჩერდა არჩევანი და ელისაშვილის კანდიდატურას ანგარიში არ გაუწია დანარჩენმა ოპოზიციამ, გასაკვირი არაა. თანაც, „ევროპულ დემოკრატებთან“ ალიანსში მყოფი „თავდემების“ პარტია ერთ ოლქს მაინც რომ წაიღებდა, თქმა არ უნდოდა, „ევროპულმა საქართველომ“ ხომ ისედაც დათმო და თანაც - სკანდალურად ისნის სამაჟორიტარო ოლქი.

აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ მთაწმინდაზე მაჟორიტარობის სურვილი აქვს იუსტიციის არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესაც, მაგრამ მისი ამბიცია მთაწმინდაზე ამ გადანაწილებაში უკვე სერიოზულად აღარც გამოიყურება

ისნიდან დაწყებული ივანიშვილი-ბოკერია-სააკაშვილის დიდი ავანტიურა

ისანი - ესაა ოლქი, სადაც წინასაარჩევნო კვანძი შეიკრა და ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებების გასაღები იმალება.

იქ მაჟორიტარობისთვის პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანისგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დასახელებული, შემდეგ კი ოპოზიციისგან ამ პოსტზე უარყოფილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იბრძოლებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩარკვიანი ვაშაძის პოლიტიკური ძალები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ორბიტის პარტიებია. ისანი კი „ახალ საქართველოს“, არც მეტი და არც ნაკლები, თავად „ევროპულმა საქართველომ“ დაუთმო.

მეტიც, „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიგა ბოკერიას პარტიას ისანში თავისი ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის დაყენება სურდა და ბაქრაძეს დიდი გარიგების გარეშე - ვერც გარედან შეკადრებდა ვინმე, შენ წადი და ვაშაძეს დავაყენებთ ისანშიო, არც პარტია მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. 

რა დიდი გარიგება შედგა, ანუ ზუსტად რატომ მოხდა ისნის სამაჟორიტარო ოლქის დათმობა რეიტინგული ოპოზიციური პარტიისგან არარეიტინგული და ერთკაციანი პარტიისთვის, ისნის სანაცვლოდ, რაზე გარიგდა ეს ორი პარტია, ასევე გიორგი ვაშაძემ გიგა ბოკერიას პრემიერის პოსტისთვის ბრძოლა დაუთმო თუ არა, ამას 2020 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ გავიგებთ, თუ მანამდე ოპოზიციამ პრემიერობის საერთო კანდიდატის ვინაობაც არ გააჟღერა - უკვე წინასაარჩევნოდ...

ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ,ოპოზიციისგან ვაშაძემ სამაჟორიტარო ოლქი მიიღო და მისი ამბიციები დაკმაყოფილებულია. თავს ზემოთ მაინც ვერ ახტება, საპრემიერო გადაწყვეტილებები სხვა დონეზე წყდება.

ამავდროულად, მართალია, „ნაცმოძრაობამ“ განაცხადა, რომ 2 ოლქს იღებს სამაჟორიტაროდ, მაგრამ ისანში „ევროპული საქართველოს“ კვოტაზე მაჟორიტარად გამოჩენილი გიორგი ვაშაძის შემდეგ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მოთამაშე ერთკაციანი პარტიის ლიდერია, მიხეილ სააკაშვილის მთავარ ოპოზიციურ ძალას, ფაქტობრივად, სამი სამაჟორიტარო ოლქი გამოსდის თბილისში.

მოიგებს თუ წააგებს ამ სამ ოლქს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ სწორედ ისნიდან იწყება დიდი ავანტიურა, რომელიც 2020 წლის საკანონმდებლო ორგანოში, მომავალი მოწვევის პარლამენტის არჩევის შემდეგ დატრიალდება და პირდაპირ დაუკავშირდება - პრემიერის პოსტსა და მთავრობის შემადგებლობას.

დასკვნისთვის, ახალი პარლამენტი ახალ მთავრობას ირჩევს. 120/30-ზე სისტემით არჩეული პარლამენტში კი ბევრი პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი. იმ პარლამენტში უბრალო უმრავლესობის მოპოვებაც კი რთული იქნება თითოეული პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის, როგორც მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის „ოცნებისთვის“, ისე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობისთვის“, მით უმეტეს, დანარჩენი ოპოზიციური ძალებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურებზე შეთანხმებისთვის კი დეპუტატების ხმები უკვე არა ერთიანი, მონოლითური პარტიიდან, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან იქნება შესაგროვებელი.

კანდიდატურა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ბევრისთვის იქნება მისაღები, მათ შორის, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგიკიდებული მოქმედი თუ ყოფილი სახელისუფლებო ძალებისთვის. ჰოდა, ძაღლის თავიც ზუსტად აქაა დამარხული.

საქართველოს მომავალი და ძლევამოსილი, ბევრი პარტიის შეთანხმებით არჩეული პრემიერის კანდიდატურაზე -უკვე ახლა მიმდინარეობს შეთანხმება.

აქედან გამომდინარე, მომავალ პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის გაჟღერება სულაც არ იყო მხოლოდ ერთი თაკო ჩარკვიანის იდეა და ის, ჩვენი ინფორმაციით, სააკაშვილთან შეთანხმებით გაჟღერდა, მერე რა რომ, შემდეგ უარყვეს. ფაქტია. თვით სააკაშვილის ეს კანდიდატურა ოპოზიციაშივე ჩავარდა. ვაშაძის პრემიერობა არ მიიღო არც ექსპრეზიდენტის „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

სამაგიეროდ, მომავალ პრემიერად პოლიტსივრცეში ქაოტურად დასახელდა და თანაც ისე, ოფიციალური დამსახელებლის ვინაობა არავინ რომ არ იცის, ოპოზიციის რუხი კარდინალის, გიგა ბოკერიას კანდიდატურა. ამავე ბოკერიას კი, უფრო და უფრო ხშირად აწებებენ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკოსის სახელს ოპოზიციის სხვა სპექტრიდან.

თუ ბოკერია ამ დიდ თამაშშია ჩართული, მაშინ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ დიდ ლუკმას მოითხოვს. პრემიერის პოსტი კი ნამდვილად არის ეს დიდი ლუკმა. როცა ბრალდება დადასტურებული არაა, როცა ოპოზიციურ სპექტრში ძლიერი მოთამაშე ხარ, პოლიტიკა კი, გარიგებების ავანსცენაა, შესაძლოა, მის კანდიდატურაზე შეჯერებ-გარიგება ისე მოხდეს, „ქოცსა და ნაცს“ შორის, ანდაც „არა ქოცი, არა ნაცი“ ძალების თანხმობითაც კი, ვერც მივხვდეთ, ისე მივიღოთ რუხი კარდინალი პრემიერად.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, ბოკერიას პრემიერობა თუ აწყობს ივანიშვილს და ამაზე დათანხმდება სააკაშვილიც, მაშინ გამოდის, რომ ძალაუფლებას სამივე თავისთვის სარფიანად გაიყოფენ და არც არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტების განაწილებაზე იწვალებენ ძალიან!

რუსა მუმლაძე